ახალი ამბები

რა ტენდენციებზე მიანიშნებს IRI-ს კვლევა 2020 წლის არჩევნების შედეგებზე

13 აგვისტო, 2020 • 2243
რა ტენდენციებზე მიანიშნებს IRI-ს კვლევა 2020 წლის არჩევნების შედეგებზე

რას ნიშნავს IRI-ს ახალი კვლევის შედეგები პარტიებისთვის და როგორ აფასებენ შედეგებს პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები? 


კვლევის შედეგები

IRI-ის კვლევის თანახმად, რომელიც 12 აგვისტოს გამოქვეყნდა, კითხვაზე, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, ამომრჩეველთა 33%  პასუხობს, რომ “ქართულ ოცნებას”, 16% კი ენმ-ს მისცემდა ხმას.

როგორ აფასებენ კვლევას ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებაში”

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვლევა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში ჩატარდა, რამაც მის შედეგებზე გარკვეული გავლენა იქონია. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავადაც, “ოცნების” რეიტინგი მნიშვნელოვნადაა შემცირებული:

“ეს კვლევა, რომელიც, ფაქტობრივად, კოვიდზე არის მიბმული, რომელ საკითხზეც ხელისუფლება მუდმივად აპელირებს, ამ კვლევამაც აჩვენა, რომ ოპოზიციას, ჯამში, ქართულ ოცნებაზე მეტი რეიტინგი აქვს. ამ კვლევამ გვაჩვენა, რომ ქართული ოცნების დასასრული არის ძალიან ახლოს”, – ამბობს ზურაბ მელიქიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე კი აღნიშნავს, რომ თუ ამ ფონზე მმართველი გუნდის რეიტინგი მოსახლეობის მესამედს ვერ სცდება, ოქტომბრის ბოლოსთვის ის 25%-მდე შემცირდება:

IRI-ს კვლევაში ძალიან ნიშანდობლივი შედეგია ის, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის მხოლოდ მოსახლეობის მესამედი, ესეც კორონავირუსის ფონზე სოლიდარობის განაცხადს თუ ჩავთვლით, ნიშნავს იმას, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის ეს მხარდაჭერა იქნება 25%-ის ფარგლებში” ,- ამბობს სერგი კაპანაძე.

მსგავსი პოზიცია აქვს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ ანზორ ბიწაძეს, რომელიც კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოების ჩატარების პერიოდზე მიუთითებს:

“ქართული ოცნების” მაჩვენებელი ნამდვილად არ არის არანაირი დამშვიდების საფუძველი ქართული ოცნებისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის – ეს კვლევა პანდემიის დროსაა ჩატარებული,  მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მოქმედებდა საკარანტინო ზომები.  ამიტომ ცდომილებაც მაღალი აქვს ამ კვლევას”, – ამბობს ანზორ ბიწაძე.

“ლელო”, რომელსაც კვლევის მიხედვით 2%-იანი რეიტინგი აქვს, მათ შედეგს  იმით ხსნის, რომ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა ერთი თვეა რაც დაიწყეს და არჩევნებამდე მათი რეიტინგი საგრძნობლად გაიზრდება:

“ჩვენ, პრაქტიკულად, ველზე გამოვედით ერთი თვეა. რეალური კამპანია, პროგრამის წარდგენა, ჩვენი კანდიდატები უკვე ცნობილია 25 ოლქში, 5 გახდება ცნობილი  და ნახავთ შედეგებს ორთვე-ნახევარში და გაგიკვირდებათ, ისეთ მაგარ შედეგს დავდებთ”,  – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

რაც შეეხება პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს,  ის აცხადებს, რომ კვლევით გამოკვეთილი 2% რეიტინგი მისი პარტიისთვის მშვენიერი სასტარტო შედეგია, რადგანაც კვლევა ივნისი-ივლისის პერიოდში ჩატარდა, მან კი პარტიის პრეზენტაცია 8 დღის წინ გამართა:

“ფაქტი ერთია, “ქართული ოცნება” დგას რეალურად ადმინისტრაციულ რესურსზე და იმ დაშინებაზე, რომ ვიღაცებს დახმარებას მოუხსნიან, ვიღაცას სამსახურიდან გააგდებენ და ეს რომ გამოაკლო, არაფერი დარჩება. ჩვენ პრეზენტაცია გვქონდა ზუსტად 8 დღის წინ.  შესაბამისად, 8 დღის კვალობაზე მშვენიერი სასტარტო შედეგია”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი “ტელეკომპანია პირველთან”.

კვლევის შედეგებს არ ენდობიან მმართველ პარტიაში. “ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ IRI-მ კვლევის საველე სამუშაოები “ენმ-სა და მის სატელიტებთან” აფილირებულ კომპანიას დაუკვეთა:

“როდესაც სანდოობისათვის მეტ-ნაკლებად რეალური ციფრებია მითითებული, მაგალითად, კოვიდთან ბრძოლაში როგორი იყო ეფექტიანობა მთავრობის, როგორ აფასებენ სხვადასხვა ინსტიტუტებს საზოგადოებაში, როგორ არის გაზრდილი დამოკიდებულება მთავრობის კურსთან დაკავშირებით,  ამ ციფრების და რეიტინგის შეუსაბამობაც გვაძლევს დასკვნის საშუალებას,  რომ აქაც კი არასწორად,  ან შეგნებულად არის ჩატარებული ველზე სამუშაოები. როდესაც ენმ-სთან და მის ერთ-ერთ სატელიტთან აფილირებული კომპანია ატარებს კვლევას ველზე და ვერ წერს იმაზე ნაკლებს,  რაც დაგვიწერა, რამდენად მაღალია “ქართული ოცნების” ნდობა საქართველოში”, – ამბობს მდინარაძე.

ეს ყველაფერი ძალიან მყიფეა- პოლიტოლოგის შეფასება 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელისუფლება ერთგვარ სახარბიელო მდგომაროებაში ჩააყენა და ეს ფაქტორი, ადმინისტრაციულ რესურსთან ერთად, “ქართულ ოცნებას” აძლევს შანსს, არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს.

ამასთან, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამისა, მდგომარეობა შესაძლოა კიდევ შეიცვალოს და კოალიციური ხელისუფლების ფორმირების საჭიროების შანსები გაიზარდოს:

“ტენდენცია ხელისუფლებისთვის სახარბიელოა, შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ მათი შესაძლებლობები აშკარად იზრდება. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი – წარმატებული კრიზისმენეჯმენტი, და ეს პერსონალურ რეიტინგებშიც არის ასახული, და მეორე გახლავთ ოპოზიციის არაადეკვატურობა ხშირ შემთხვევაში და უმძიმესი შეცდომები, რაც მათ დაუშვეს ბოლო პერიოდში.

ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი და ეს ყველაფერი ხელისუფლებას აძლევს შანსს, რომ წარმატებას მიაღწიოს არჩევნებში. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მყიფეა. მდგომარეობა შეიძლება კიდევ შეიცვალოს და შანსები იმისა, რომ კოალიციური ხელისუფლების ფორმირება გახდეს საჭირო, ძალიან მაღალია” ,- ამბობს ხუხაშვილი.

მისი შეფასებით, არჩევნების შედეგების ბედს ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი გადაწყვეტს:

“არის ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, რომელმაც ,ფაქტობრივად, უნდა გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. ამ ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს არ მოსწონს აწმყო “ქართული ოცნების” სახით, მაგრამ არ სურს წარსულში დაბრუნდეს, ანუ “ნაციონალურ მოძრაობასთან” რაიმე ტიპის ასოცირება მოახდინოს, თუნდაც ირიბი. დღეს ასეთი კონსოლიდაცია ოპოზიციის, სადაც “ნაციონალური მოძრაობა იქნებოდა წარმოდგენილი, გამოვიდოდა ტიტანიკის მშენებლობა და სინერგიას კი არ გააჩენს და ჯამურ შედეგს ოპოზიციის კი არ გაზრდის – მკვეთრად შეამცირებს.

იმიტომ, რომ დღეს ამ პატარ-პატარა პარტიებს რაღაც ხმები რომ მიაქვთ, ამასაც დაკარგავენ გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველი, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული, ასეთ ტიპის გაერთიანებას ხმას არ მისცემს. შესაბამისად, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება გაიშალოს ფრონტი. ხელისუფლებას მხოლოდ ამ შემთხვევაში ექმნება პრობლემები. ხელისუფლების ინტერესებშია ორპოლუსიანობა იმიტომ, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი “ქართული ოცნების” ორბიტას უფრო მისცემს ხმას,  ვიდრე ენმ-ს. ეს არ გამორიცხავს რაღაც ტიპის კოორდინაციას”, – ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლების კონკურენტი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კონტექსტში არა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, არამედ მცირე ზომის პარტიებია, რომლებმაც არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, ამომრჩეველთა ეს ნაწილი საკუთარ ელექტორატში მოაქციოს.


IRI-ის კვლევა, რომელსაც პოლიტიკური სპექტრი აფასებს,  ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი