ახალი ამბები

გამოკითხულთა 77% მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს – IRI-ის კვლევა

16 ნოემბერი, 2023 • 1743
გამოკითხულთა 77% მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს – IRI-ის კვლევა

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად,  გამოკითხულთა 77% საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს რუსეთს. 12% – თურქეთს, 9% – აშშ-ს.

ეკონომიკური საფრთხის მხრივ, რუსეთს უმთავრეს საფრთხედ ასახელებს 69%, თურქეთს – 11%. აშშ-ს – 6%, ჩინეთს – 5%.

რუსეთთან დიალოგს ემხრობა, ჯამში, 57%, არ ემხრობა – 40%. მომხრეთა ჯამური რაოდენობა მარტის კვლევასთან შედარებით გაზრდილია 4%-ით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა შემცირებულია 1%-ით [ცდომილების ზღვარშია].

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით, უსაფრთხოდ, ან ასე თუ ისე უსაფრთხოდ, თავს გრძნობს, ჯამში, 54%. არ გრძნობს – 43%. ცვლილებები მარტის კვლევასთან შედარებით ცდომილების ზღვარშია.

გამოკითხულთა 6% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დასრულდა და ნაკლებსავარაუდოა, გაგრძელდეს. 16% ამბობს, რომ დასრულდა და სავარაუდოა, გაგრძელდეს. 73% მიიჩნევს, რომ აგრესია არ დასრულებულა. ცვლილებები მარტის კვლევასთან შედარებით ცდომილების ზღვარშია.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 73% არ ემხრობა, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, ბიზნესის რეგისტრირება ან ქონების ყიდვა. 2023-ის მარტში ამ ყველაფერს არ ემხრობოდა გამოკითხულთა 79%.



კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა [Institute of Polling & Marketing]. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუთი.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 18 წელზე უფროსმა 1200-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევაში არ მიუღიათ მონაწილეობა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს.  გამოხმაურების მაჩვენებელმა შეადგინა 73%. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს. კვლევა დაფინანსებულია USAID-ის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი