აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, საქართველოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს გამოკითხულთა 51%.
32% – აშშ-ს, 19% – აზერბაიჯანს, 17% – უკრაინას, 16% – თურქეთს, 9% – სომხეთს, 9% – რუსეთს და დიდ ბრიტანეთს, 7% – ისრაელს, 6% – ჩინეთს, 1% – ირანს. რესპონდენტებს რამდენიმე პარტნიორის დასახელება შეეძლოთ.
რაც შეეხება უმთავრეს ეკონომიკურ პარტნიორებს, 43% ასეთად მიიჩნევს ევროკავშირს, 31% – აშშ-ს, 28% – თურქეთს, 24% – აზერბაიჯანს, 16% – რუსეთს, 12% – უკრაინას. რესპონდენტებს რამდენიმე პარტნიორის დასახელება შეეძლოთ.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, გამოკითხულთა 44%-ის აზრით, უნდა იყოს სრულიად პროდასავლური [მარტში ასე 50% მიიჩნევდა]. 33% ამბობს, რომ პროდასავლური, თუმცა უნდა შენარჩუნდეს ურთიერთობა რუსეთთან. 8% – რომ პრორუსული, დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნებასთან ერთად. 3% მხარს უჭერს მხოლოდ პრორუსულ საგარეო პოლიტიკას.
ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ჯამში, 86%. მარტში ამას მხარს უჭერდა 89%. რესპონდენტთა, ჯამში, 74% ამბობს, რომ მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს. ეწინააღმდეგება – 17%. ცვლილებები მარტის კვლევასთან შედარებით, ფაქტობრივად, ცდომილების ზღვარშია.
რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, მთლიანობაში, ამას მოქალაქეთა 79% უჭერს მხარს. მარტთან შედარებით, ცვლილებები ცდომილების ზღვარშია.
კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა [Institute of Polling & Marketing]. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუთი.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 18 წელზე უფროსმა 1200-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევაში არ მიუღიათ მონაწილეობა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს. გამოხმაურების მაჩვენებელმა შეადგინა 73%. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს. კვლევა დაფინანსებულია USAID-ის მიერ.