ახალი ამბები

“არანაირი კავშირი არ არის” – გახარია არჩევნებსა და სოციალურ დახმარებებზე

6 აგვისტო, 2020 • 1942
“არანაირი კავშირი არ არის” – გახარია არჩევნებსა და სოციალურ დახმარებებზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცხადებული სოციალური დახმარებების პროგრამები ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება და არჩევნებთან დაკავშირებული არ არის.

გახარია ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან ამორმჩევლის მოსყიდვაზე სპეკულირება მოსალოდნელი იყო და იმავე ოპოზიციას ახსენებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მთავრობას აკრიტიკებდნენ მოქალაქეების არასაკმარისად დახმარებისთვის.

“გონივრულობას რომ თავი დავანებოთ, თანმიმდევრულობა ხომ უნდა იყოს… გვესმის, რომ მსგავსი სპეკულირებები იქნებოდა, ამიტომ გავაკეთეთ ადრე, თორემ გონივრულად რომ წავსულიყავით და ცოტა უფრო პასუხისმგებლიანი, თანმიმდევრული, ეფექტური ოპოზიცია რომ გვყავდეს, ეს შეიძლება გაკეთებულიყო აგვისტოს ბოლოს. უფრო ლოგიკური იქნებოდა. ამიტომ ცოტა ვიჩქარეთ. არანაირი კავშირი არ არის – ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში, ბავშვების დახმარება”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, არჩევნები არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ქვეყანა კი ჯერ კიდევ ებრძვის მძიმე ეკონომიკურ კრიზისს.

“ამ კრიზისის პირველი დღიდან ვთქვით, რომ კრიზისის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ფართო სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა იქნება თანმიმდევრული და გონივრული. პარლამენტში როცა ტრიბუნასთან ვიდექი, ძირითადი პრეტენზია იყო, ასე ცოტათი რატომ ეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს. ეს ყველაფერი არის სპეკულირება. მთავარი ჩვენთვის არის ჩვენი მოქალაქე, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, ოჯახში შემოსავალი შეუმცირდა და უბრალოდ უჭირს. შესაბამისად, ჩემი ამოცანა არის მოქალაქის მიზნობრივი სოციალური დახმარება იმისთვის, რომ ის მოხმარების დონე, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ და განსაკუთრებით ბავშვებს, როგორმე შეინარჩუნონ და რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკის გათვალისწინებით რისი შესაძლებლობაც გვექნება, მიზნობრივად გავაგრძელებთ მოქალაქეების დახმარებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ქვეყანა შედის გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება აუცილებელია.

“დამანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი მაშინ, როდესაც საერთაშორისო კვლევებით ყველაზე მეტად სოციალური დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო”, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პარლამენტში გამოსვლისას მას სწორედ ოპოზიციამ მოუწოდა მიზნობრივი სოციალური დახმარების გაზრდისა და გაგრძელებისკენ და მაშინვე თქვა, რომ მათ რჩევას გაითვალისწინებდა.

“რა ვქნათ, ვიღაცის კრიტიკის გამო ჩვენი მოქალაქეები მივატოვოთ ეკონომიკურ კრიზისში მარტო? – არა, რა თქმა უნდა”, – დასძინა გახარიამ.


მთავრობის გადაწყვეტილებით, აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენეგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ, სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს ზამთრის განმავლობაშიც დაუფარავს.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების 3-თვიანი პროგრამა მთავრობამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პირველ აპრილს გამოაცხადა. გახარიას თქმით, ეკონომიკური კრიზისი გრძელვადიანი იქნება, აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამ ნოემბერ-თებერვლის პერიოდშიც გაგრძელდეს.

ასევე, 17 წლამდე ყველა საქართველოს მოქალაქე სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, საუბარია 280 ათას მოქალაქეზე. ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ამ ასაკის ბავშვები დახმარებას კორონავირუსის პერიოდში სპეციალურად შექმნილი ფონდიდან, Stopcov-დან მიიღებენ. ამ ფონდში პანდემიის საწყის ეტაპზე სხადასხვა კომპანია თანხას რიცხავდა.  Stopcov.ge -ის მონაცემებით, ამ დროისთვის ფონდში არსებული თანხა 134 მლნ ლარს აჭარბებს.

ხოლო სტუდენტებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფო ერთი სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს.

გარდა ამისა, 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ, სახელმწიფო 2020-21 სასწავლო წლის საფასურს აუნაზღაურებს.

გახარიას განცხადებით, საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.

მისივე ინფორმაციით, კომუნალურ დახმარებებზე დაახლობით 200 მილიონ ლარს დახარჯავს, ხოლო ბავშვების დახმარების ნაწილში — დაახლოებით  170 მილიონ ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი