დღეს, 19 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების შესახებ სარჩელის განხილვა ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის კითხვების დასმის ეტაპზე გადავიდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ალიკა კუპრავამ „ქართული ოცნების“ წევრებს ჰკითხა, რამდენად თავსებადია საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან და საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციასთან მმართველი პარტიის სარჩელი.
„საერთაშორისო სასამართლოებმა დაადგინა და კარგია, ვის ხელისუფლების პირობებშიც არ უნდა ყოფილიყო, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ხომ? რომ დაირღვა მასობრივად ადამიანის უფლებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შედგა ოკუპაცია და ეთნოწმენდა. სარჩელში გიწერიათ, რომ 2004-2012 წლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად.
აი, ეს თქვენი სასარჩელო მტკიცება, საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციასთან, საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, რამდენად მოდის თანხვედრაში და ხომ არ ეწინააღმდეგება?“ – იკითხა ალიკა კუპრავამ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ეთანხმებიან და მხარს უჭერენ იმას, რაც საკონსტიტუციო სარჩელში აქვთ მითითებული.
„ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ამავდროულად, [2008 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის] რეზოლუციის მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებს მხარს რომ დაუჭერ, მხოლოდ ამითაც კი ქმნი საფრთხეს, რომ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იყოს დარღვეული, იმიტომ რომ ზუსტად ეს რეზოლუცია, ზუსტად ეს ჩანაწერები რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში…
თქვენ წინააღმდეგობაზე რომ სვამთ კითხვას, ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მარტივი — არა და არასდროს“, – განაცხადა გორდულაძემ.
2008 წლის რეზოლუციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ბრალდებების პასუხად „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა 18 ნოემბრის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ რეზოლუციის ასე წაკითხვა და მხოლოდ ამ პუნქტების ამორჩევა მხოლოდ რუსეთს შეიძლება აწყობდეს.
ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, მაშინდელი საერთაშორისო კონიუნქტურის გათვალისწინებით იმდროინდელმა ხელისუფლებამ მაქსიმუმის გაკეთება შეძლო.
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ამ რეზოლუციით საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე მძიმეწონოსანი წევრები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და რუსეთს მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს აღიარება და გაიყვანოს აქედან თავისი ჯარი.
მისი თქმით, ამ რეზოლუციამ საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე დაადგინა, რომ არანაირი შუამავალი რუსეთი არ არის და რომ ის ოკუპანტი და აგრესორია.
ბიბილაშვილის თქმით, რუსეთს იმდენად არ აწყობდა ამ რეზოლუციის მიღება, რომ დარბაზიდან გავიდა და, შესაბამისად, ეს რეზოლუცია საქართველოს ინტერესებში იყო.
21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
