ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მოლოდინის პოლიტიკა და დევნილები

24 ივლისი, 2020 • 2971
მოლოდინის პოლიტიკა და დევნილები

ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი


წელს აფხაზეთის ომიდან 27, ხოლო აგვისტოს ომიდან 12 წელი გადის. ომის თარიღების მოახლოებით საზოგადოების მეხსიერება ისევ ორ ნაწილად გაიყოფა: ნაწილი კიდევ ერთხელ გაიხსენებს დაკარგულ ტერიტორიებს და დევნილთა სტატისტიკას, ხოლო დევნილები გაიხსენებენ დაკარგულ სახლებსა და დევნილობამდე ცხოვრებას. ისტორიული თარიღები და მეხსიერება კი, რომლებიც აწმყოს აღსაქმელად, მის შესაფასებლად არ გამოიყენება, ვერც მის შესაცვლელად იქნება საკმარისი.


დევნილი შეჭრილები

(ნაწილი მეორე)

2019 წლის 30 მარტს დევნილების ნაწილი კერძო საცხოვრებელი კომპლექსის, “დირსის” შენობაში შეიჭრა. რამდენიმე დღეში “საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ 12B კორპუსის მცხოვრებლებმა  დევნილების შეჭრა გააპროტესტეს და ამბობდნენ, რომ ისინი “თავს დაცულად არ გრძნობენ”. დევნილთა კერძო კორპუსში შეჭრიდან სამი დღის შემდეგ საცხოვრებელ კორპუსს ღობე, ლითონის კონსტრუქცია შემოავლეს.

“ას ჯორჯია-დირსის” გენერალური დირექტორი, ბესიკ ჯიქურაული ამბობდა, რომ დევნილებმა შენობის ინფრასტურქტურა დააზიანეს – დაამტვრიეს კორპუსის შესასვლელი კარი და დაცვასაც კი გაუსწორდნენ. “ჩვენ არაფერი დაგვიმტვრევია, ღია კარებში შევედით” – ამბობდნენ დევნილები. სახელმწიფოს ისევ მომრიგებლის, არბიტრის როლი ერგო კერძო კომპანიას, დევნილებსა და არადევნილებს შორის. სამინისტრომ  გამოაქვეყნა განცხადება, რომ “დევნილების მიერ კომპანია „დირსის“ საკუთრებაში შეჭრა წარმოადგენს უკანონო ქმედებას და აღნიშნული დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი იმ დრომდე არ განიხილება, ვიდრე ისინი თვითნებურად დაკავებულ საცხოვრებელ ფართებს არ გაათავისუფლებენ.” 4 აპრილს დევნილებმა დაკავებული შენობა დატოვეს.  დევნილთა 6- დღიანი შეჭრის შედეგი სამინისტროს დაპირება აღმოჩნდა, რომ ისინი “უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან ფართებით”.

2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. წინა მთავრობის პირობებში დაგროვილი, გამწვავებული და უგულებელყოფილი პრობლემების საპასუხოდ, სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფმა საპროტესტო აქციები გამართა საქართველოს ქალაქებში. ადამიანები ითხოვდნენ სამუშაოსა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას: თბილისში ავტობუსის მძღოლები ითხოვდნენ ხელფასის გაზრდას, ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, ასევე ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. 2012 წლის ნოემბერში გაიმართა “ჰერკულესის“ ქარხნის და ზესტაფონის „ფეროს“ მუშების აქცია შრომის კოდექსის შეცვლის მოთხოვნით. ფოთში პორტის თანამშრომლების აქცია გაიმართა. ისინიც ხელფასის გაზრდასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვდნენ. აქციებს მართავდნენ დევნილებიც. 

2012 წელს დევნილები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ თუ სხვა შენობებში ისევ მასობრივად შეიჭრნენ. ამავე წლის ოქტომბერში ასეთი ობიექტების რაოდენობამ 60-ს მიაღწია, ხოლო, “დევნილი შეჭრილების” რაოდენობამ – 6000. დევნილთა სამინისტროს 2012 წლის ანგარიშში წერია, რომ წინა მთავრობის პირობებში “უწყება იყო სრულიად კორუმპირებული” – “2008-2009 წელს დასარიგებელი, დევნილებისათის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები, სამუშაო იარაღები, საკვები პროდუქტები არალეგალურ საწყობებშია აღმოჩენილი,” ხოლო  2014 წლის სამინისტროს ანგარიშში წერია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს “ევროკავშირმა საქართველოს დასახმარებლად 4,5 მილიარდი დოლარი გამოყო, რომლის ნაწილი დევნილთა განსახლების უზრუნველყოფას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ეს თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა.” არავინ იცის ამ ფაქტების გამოძიებისა და სათანადო რეაგირების შესახებ, რაც წარმოშობს მისი განმეორების რისკებსა და უნდობლობას სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, დევნილთა სამინისტროს მიმართ. უნდობლობისა და უსამართლობის 27- წლიანი განცდა კი საკმარისი მიზეზია დევნილებისთვის შეიჭრან, გააპროტესტონ, იშიმშილონ, პირი ამოიკერონ თუ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფით მიიქციონ სახელმწიფოსა და საზოგადოების ყურადღება.

2012 წელს, მაშინდელი მინისტრობის კანდიდატის, დავით დარახველიძის (მისი კანდიდატურის შესაცვლელად დევნილებმა აქცია იმავე წელს გამართეს) განცხადებით, სახელმწიფოს არ ჰქონდა რესურსები დევნილების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად. საპასუხოდ, 2012 წლის ოქტომბერში, ვახტანგ ჭანტურიამ დევნილთა სამინისტროს მისაღებ ცენტრში, ოპერატორთან საუბრისას ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ამის შემდეგ სამინისტრო დაინტერესდა დევნილის ისტორიით და გაკეთდა განცხადება, რომ მას ერთ კვირაში დაეხმარებოდნენ.  2013 წლის ივლისში ზეემკის დასახლებიდან დევნილები ისევ პოლიციის თანხლებით გამოასახლეს.

ცვლილებები გარდაუვალი იყო. ამიტომ 2013 წლიდან დაიწყო დევნილთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა. დევნილთა განსახლებაც ახალი, სტანდარტიზებული, გამჭვირვალე და სამართლიანი  კრიტერიუმებით უნდა მომხდარიყო. დაიწყო დევნილების ხელახალი, სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც 233 090-მა დევნილმა გაიარა. რეგისტრაციის შედეგად გამოვლინდა, რომ 58 575 ოჯახს ჰქონდა განსახლების საჭიროება, აქედან 35 000 უკიდურესად მწვავედ განიცდიდა ამ პრობლემას. შეიქმნა და დამტკიცდა “დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულება” და მინისტრის ბრძანებით, 2013 წლის 9 აგვისტოს გამოვიდა N320 ბრძანება. ბრძანებას უნდა მოეწესრიგებინა დევნილთა გრძელვადიანი ფართით უზრუნველყოფის პროცესი და პროცედურები. დევნილთა ყოველთვიური შემწეობა გაიზარდა და 2014 წლისთვის  ყველა დევნილისთვის 45 ლარი გახდა.

ახალი კანონმდებლობით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება დევნილების არა დროებითი თავშესაფრით, არამედ გრძელვადიანად განსახლების შესახებ.

მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა დედაქალაქში ბინების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. თუ წინა ხელისუფლების პირობებში, პრეზიდენტის ბრძანებით, დევნილებს არ შეეძლოთ თბილისში ბინის საკუთრებაში მიღება, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის N1162 განკარგულებაში ცვლილების შემდეგ, დევნილებზე ეს შეზღუდვა მოიხსნა. ამით დევნილებს საშუალება მიეცათ მათი ინტეგრაციის ადგილას ჰქონოდათ კერძო საკუთრებაში ბინების მიღების უფლება.

გაჩნდა სხვადასხვა პროგრამები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით:

  • რეაბილიტაცია და მშენებლობები;
  • მასშტაბური ახალი მშენებლობები;
  • „სოფლად სახლის“ პროექტი; „ჰუალინგ ჯგუფისგან” ბინების გამოსყიდვა;
  • მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვა;
  • დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული იმ ობიექტების გამოსყიდვა, რომლებსაც კერძო მესაკუთრე ჰყავს;
  • მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემა; 2015 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით დატვირთული ბინების გამოსყიდვის (საპილოტე) პროექტი

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 31 მაისის №367 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელსაც გარდა საბინაო პრობლემებისა, დევნილთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზეც უნდა ეზრუნა. სააგენტო ფინანსდებოდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე დაფინანსების ძირითადი წყაროს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები წარმოადგენდნენ.

წინა წლებში არაადამიანური მოპყრობის, გამოსახლებებისა და ერთიანი პოლიტიკის არარსებობის გამოცდილების გამო, ახალი ცვლილებები იმედსა და პოზიტიურ მოლოდინს აჩენდა დევნილებში. ამ პროგრამების შესასრულებლად 2014 წელს დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25-დან 50 მილიონამდე გაიზარდა. 2016 წლისთვის სამინისტროს ბიუჯეტმა 70 მილიონს მიაღწია, 2018 წელს ბიუჯეტი 135 მილიონი, ხოლო 2019-2020 წლისთვის კი 328 მილონი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა პრობლემების მოგვარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ დონორი ორგანიზაციების მხრიდან გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდება,  პრობლემა კი არ იცვლება, უფრო მწვავდება.

დევნილთა ეტაპობრივი, გრძელვადიანი განსახლების პროგრამა ვერ ეწევა დევნილთა წინაშე არსებულ განსახლების საჭიროებას, რაც უთანასწორობისა და უსამართლობის განცდას ახალი ძალით წარმოშობს, ამჯერად უკვე დევნილთა ახალ თაობებშიც. 

მცირე მთავრობა დევნილთა სამინისტროს გარეშე

2018 წლის 14 ივნისს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის კონცეფცია წარადგინა. კონცეფციას სამი მთავარი მიზანი ჰქონდა:

  1. საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია;
  2. რეფომები ყველა მიმართულებით და ახალი ეკონომიკური მოდელი სამართლიანი თამაშის წესებით;
  3. მცირე მთავრობა – ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ანტიკორუფციული ხაზით.

ბახტაძემ განათლება და ახალგაზრდობა დასახა პრიორიტეტად და განცხადებაში აღნიშნა, რომ “სწორედ ასეთი საქართველოა ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში.”

2018 წლის 26 ივნისს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაუქმდა. სამინისტროს ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდა: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა, მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მცირე მთავრობის კონცეფციის მოტივს, მოქნილობასა და ოპერატიულობასთან ერთად, სამთავრობო ხარჯების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9%-მდე შემცირება წარმოადგენდა. დაზოგილი ფინანსები კი საზოგადოებას უნდა მოხმარებოდა.

დღეს უკვე 2 წელი გავიდა დევნილთა სამინისტროს გაუქმებიდან (მისი ფუნქციების გადანაწილებიდან), თუმცა რეალურ ცხოვრებაში ამ ცვლილებას დევნილებისთვის მკვეთრი ან ხელშესახები ცვლილება არ მოუტანია. პირიქით, დევნილთა სოციალური საკითხების ინტეგრირება ისეთი დიდი უწყების პასუხიმგებლობაში, როგორიც არის ჯანდაცვის სამინისტრო, უფრო ბიუროკრატიულ პროცესებს წარმოშობს, ხოლო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მრავალწლიან მოლოდინს კიდევ უფრო გახანგრძლივებას უქადის.  

სამინისტროს ისტორია

დევნილთა სამინისტროს 23- წლიანი ისტორიის განმავლობაში, 1995 წლის 21 დეკემბრიდან 2018 წლის 14 ივლისის ჩათვლით, სულ 8 მინისტრი ჰყავდა. სამინისტრომდე არსებობდა ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტი 1992-1995 წლებში.   1995 წლიდან  იქმნება “საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო”.

2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი ოკუპირებული ტრიტორიების შესახებ.. სავარაუდოდ, ამ კანონის შემოღების შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახელწოდებაში შევიდა ცვლილება და ის გახდა “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო”.

2018 წლის 26 ივნისიდან სამინისტრო გაუქმდა, მისი ფუნქციები 3 უწყებაზე გადანაწილდა, თუმცა მისი სახელი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს სახელწოდებაში გაერთიანდა – “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო”. 

ამ დროიდან იწყება სამინისტროს ფუნქციებისა და მოვალეობების რესტრუქტურიზაცია ახალ უწყებაში – მიმდინარეობს რეორგანიზაცია. მიმდინარე ცვლილებების პროცესი კი გრძელვადიანი განსახლებისა თუ მთლიანად, დევნილთა მიმართ არსებული პოლიტიკისთვის კიდევ უფრო გაჭიანურებული და გახანგრძლივებული პოლიტიკის გაგრძელებაა იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების კომპონენტი – არავინ იცის, რა ცვლილებები მიმდინარეობს და რატომ. 

პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხელისუფლების პირობებში, 2013 წლიდან დღემდე, 7 წლის მანძილზე საცხოვრებელი ფართი 21 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, საშუალოდ, წელიწადში 3000 ოჯახი. არავინ უწყის, რას ნიშნავს ეს რიცხვი, თუმცა ფაქტი ერთია, რომ დევნილთა მზარდი ჯგუფისთვის ამ ტემპით განსახლება არადამაკმაყოფილებელია. ეტაპობრივი განსახლებისა თუ სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარება ვერ ეწევა არსებულ ტემპს, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსა თუ საარსებოო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუეჯტი მზარდია. სამინისტროს მიერ გამოცემული ყოველწლიური ანგარიშები არ საუბრობს განსახლების განსახლების ტემპის ადეკვატურობაზე.

1992-1993 წლიდან დღემდე, დევნილებისთვის ცარიელ თუ კერძო შენობებში შეჭრა, საპროტესტო აქციები, პირის ამოკერვა, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა არის ის ბერკეტი, რომლითაც ისინი, ყველა, მათ შორის, 2012 წელს მოსული ხელისუფლების პირობებში, ყურადღების მიქცევას ცდილობენ. 

დევნილების ბოლო აქცია, 2019 წლის ოქტომბერში გაიმართა. სამინისტროს შენობის შიგნით და გარეთ აქცია 1 თვეს გაგრძელდა. დევნილები სოციალური მომსახურების სააგენტოს კრიტერიუმებს აპროტესტებდნენ და კორუფციის ნიშნებზე მიუთითებენ, თუმცა ამ საკითხით ამჯერადაც არვაინ დაინტერესებულა.

შეჭრის, პოლიციის გამოყენებისა თუ დევნილთა საპროტესტო აქციების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლიდან არსებითად დევნილებისთვის არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ დასაკავებელი შენობების რაოდენობა მცირდება. ისევ იმართება ფრაგმენტული აქციები, მონაწილეები შიმშილობით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. დევნილთა ნაწილმა ემიგრაციას მიაშურა სხვისი სახლებისა და მოხუცების მოვლით დაგროვილი ფულით საკუთარი ბინის შესაძენად, ნაწილმა კი, ვინც ესეც ვერ მოახერხა, ერთადერთ იმედად ისევ მოლოდინი რჩება. 

შეცვლილმა კანონმდებლობამ, სოციალურმა პროგრამებმა და გაზრდილმა ყოველთვიურმა შემწეობამ უკეთესი ცხოვრების ილუზია შექმნა. თუმცა სწორედ ამგვარმა ცვილებებმა კიდევ უფრო მეტად გაამყარა მოლოდინის პოლიტიკა, რომელიც იმ დევნილების საწინააღმდეგოდ მუშაობს, ვინც მოთმინებით ელის მას.

თამილა ზურაბიანი, დევნილი აფხაზეთიდან. ყოფილ სასტუმროში პირველ სართულზე 10 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელში ამოხეთქილმა წყალმა ყველა ნივთი დააზიანა. ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი/ნეტგაზეთი

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

დიდი პრივატიზაცია და დევნილთა გამოსახლება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი