ახალი ამბები

ორგანიზებული ჯგუფები საქართველოდან, ბინებიდან მაღაზიების ძარცვაზე გადავიდნენ – ევროკომისია

10 ივლისი, 2020 • 1627
ორგანიზებული ჯგუფები საქართველოდან, ბინებიდან მაღაზიების ძარცვაზე გადავიდნენ – ევროკომისია

“ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ აქტიურობენ შენგენ+ ზონაში და საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ”, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის.

ეს არის მესამე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მიმოიხილავს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, როგორ ასრულებენ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სხვა ქვეყნები ნაკისრ ვალდებულებებს.

“ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა საქართველოდან ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში თავიანთი საქმიანობა შეცვალეს და სახლების ძარცვიდან მაღაზიების ორგანიზებულ ძარცვაზე გადავიდნენ. ამასთანავე, ზოგიერთი მათგანი თავიანთი საქმიანობისთვის სხვა ქვეყნებში წავიდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად, ბოლო წლებში ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფოს ორგანიზებულ დანაშაულთან გასამკლავებლად გაზრდილი ძალისხმევის გამო მოხდა.

გარდა ამისა, უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ დაპატიმრებულ კრიმინალთა შორის გაიზარდა საქართველოდან შემოსული თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი”, – წერია ევროკომისიის მომზადებულ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, კიბერდამნაშავეები საქართველოდან ჩართული იყვნენ საერთაშორისო GozNym კრიმინალურ ქსელში, რომელიც 2019 წლის მაისში ევროპის პოლიციის სამსახურის (Europol) მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო სამართალდამცავი ოპერაციის შედეგად იყო ლიკვიდირებული.

როგორც ევროკომისია აღნიშნავს, საქართველომ გაამყარა საერთაშორისო სამართალდამცავი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან (Europol) და ევროკავშირში საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელი გააძლიერა.

ევროკომისია აცხადებს, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის (2017-2020) ახლახან მიღებული სამოქმედო გეგმის (2019-2020) ფარგლებში, საქართველომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა კიდევ უფრო გააძლიერა. იგი ასევე აგრძელებს დანაშაულის ანალიზის თანამედროვე მექანიზმების გაძლიერებას ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობის თანდათანობითი დანერგვის გზით.

ამავე დოკუმენტში საუბარია იმის შესახებაც, რომ საქართველოში კვლავ აქტუალური რჩება მაღალი დონის კორუფციის პრობლემა:

მაღალი დონის კორუფცია საქართველოში კვლავ აქტუალურია – ევროკომისიის ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი