ახალი ამბები

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ მართლმსაჯულებაზე ევრორეკომენდაციების შესასრულებლად — TI

14 მარტი, 2024 • 757
რა უნდა გააკეთოს მთავრობამ მართლმსაჯულებაზე ევრორეკომენდაციების შესასრულებლად — TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ აჯამებს ევროკომისიის რეკომენდაციების კონტექსტში მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს.

ორგანიზაციის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას.

14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში TI  აღნიშნავს, რომ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობამ შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს და საბოლოოდ გაწევრიანების პერსპექტივას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას.

ორგანიზაციის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს:

  • სამუშაო პროცესის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.
  • კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნა, რომელიც საგამონაკლისო წესით შეაფასებს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებს, სასამართლოების თავმჯდომარეებს, ზემოთ აღნიშნულ პოზიციებზე დასანიშნ/ასარჩევ კანდიდატებს. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ექსპერტებს უნდა მიენიჭოთ.
  • კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვას, მოსამართლეთა მივლინების საფუძვლების დაკონკრეტებას და ამ პროცესში საბჭოს დისკრეციის შეზღუდვას და დისციპლინური სამართალწარმოების დახვეწას შეეხება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების შეზღუდვაში იგულისხმება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების დაბალანსებული როლი, საბჭოს წევრების მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობის შეზღუდვა და საბჭოს შემადგენლობის ეტაპობრივი განახლების შესაძლებლობა.
  • პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის არჩევისთვის ხმების უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) კვალიფიციურ უმრავლესობამდე (90 ხმა) გაზრდა.
    პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის,
  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკომისიის ტექნიკური თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის სისტემის (TAIEX) მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.
  • ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს კარიერულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების საპროკურორო საბჭოსთვის გადაცემა და საპროკურორო საბჭოში პროკურორ და არაპროკურორ წევრებს შორის უკეთესი ბალანსის დადგენა.

TI-ის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 27 ნოემბერს განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა, რომელშიც მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით მხოლოდ სამი აქტივობაა გათვალისწინებული. მათგან ერთი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ თქმით, სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, ხოლო მომდევნო ორი აქტივობა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაზე მხოლოდ ზოგად მითითებას აკეთებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დოკუმენტი იმდენად ზოგადი და ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების განსაზღვრა:

„ამ დროისთვის ცნობილია პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ კომპონენტს – მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ეხება.

ამავდროულად, პარლამენტმა უმრავლესობის დეპუტატების მიერ 2023 წლის ოქტომბერში ინიცირებული იმ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ვენეციის კომისიას უარყოფითად აქვს შეფასებული. ვენეციის კომისიის დასკვნით, სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმის პრობლემის მოგვარებას მრავალხმრივი და ყოვლისმომცველი რეფორმა სჭირდება, რაც ამ კანონპროექტით ვერ მიიღწევა“ ,— აცხადებენ TI-ში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ევროკომისიის პირობებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:

  • შეაფასოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და გამოკვეთოს სისტემის ინსტიტუციური რეფორმის საჭიროება.
  • შექმნას სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიის მიერ დანახულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს გაითვალისწინებს.
  • შექმნას დროებითი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოსამართლეთა ნაწილის კეთილსინდისიერების გადამოწმება.
  • შექმნას გადაწყვეტილების მიღების წესი, რომლითაც საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ძალაუფლების დაბალანსება, კერძოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ორმაგი 2/3-ის პრინციპით იქნება შესაძლებელი.
  • საქართველოს პარლამენტმა დაასრულოს კონსტიტუციური კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს გენერალური პროკურორის არჩევისთვის ხმების უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) კვალიფიციურ უმრავლესობამდე (90 ხმა) გაზრდას.

მასალების გადაბეჭდვის წესი