ახალი ამბები

ევროპარლამენტი უჩივის კომისიას უნგრეთისთვის თანხის განბლოკვის გამო

14 მარტი, 2024 • 1071
ევროპარლამენტი უჩივის კომისიას უნგრეთისთვის თანხის განბლოკვის გამო

ევროპარლამენტი უჩივის ევროკომისიას უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გაყინული სახსრების განბლოკვის გამო.

ევროპის პარლამენტის პარტიების ლიდერები ხუთშაბათს შეთანხმდნენ საქმის შეტანაზე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში.

სამართლებრივ დავის ინიცირებას მხარი დაუჭირა ყველა დიდმა პარტიამ, ფონ დერ ლაიენის „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ჩათვლით. EPP-მ აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი მარტო არ მოქმედებდა, რადგან კომისრები სხვა პარტიებიდან ასევე დასთანხმდნენ თანხის გაცემას.

„ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული განიკარგება ხელშეკრულებების შესაბამისად. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი EPP-სთვის, ეს არ არის საარჩევნო საკითხი — ჩვენ მხოლოდ გვსურს გვქონდეს სამართლებრივი სიცხადე“, — თქვა EPP-ის სპიკერმა საბიუჯეტო კომიტეტში პეტრი სარვამაამ.

თუმცა საკითხს პოლიტიკური წონა აქვს და შესაძლოა, გავლენა იქონიოს ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ევროკავშირის წამყვანი თანამდებობის გადანაწილებაზე. ურსულა ფონ დერ ლაიენს სურს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის დაკავება მეორე ვადით. ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) ის უკვე დაასახელა თავის წამყვან კანდიდატად.

ამ ფონზე EPP-ის პრეზიდენტი მანფრედ ვებერი შეუერთდა სარჩელს.

Politico-ს თანახმად, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ვებერი ფონ დერ ლაიენს დაუპირისპირდა. ორი პოლიტიკოსის კონკურენცია იწყება 2019 წლის არჩევნებიდან, როცა ვებერი იყო EPP-ის ბანაკის ლიდერი ევროპარლამენტის არჩევნებში, თუმცა ეროვნულმა ლიდერებმა მოულოდნელად ფონ დერ ლაიენის სასარგებლოდ უგულებელყვეს მისი კანდიდატურა კომისიის პრეზიდენტის პოსტზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, რომელიც ასევე EPP-ს წარმოადგენს, განაცხადა, რომ სარჩელს 25 მარტამდე შეიტანს.

გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ განბლოკა 10 მილიარდი ევროს ოდენობის სახსრები უნგრეთისთვის, რომელიც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო იყო შეჩერებული. ევროკომისიამ თქვა, რომ ბუდაპეშტმა შეასრულა პირობები, რომლებიც საჭირო იყო ამ დახმარების მისაღებად. თუმცა, დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება მიღებული იყო უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებზე ვიქტორ ორბანის ვეტოს დასაძლევად.

ევროპარლამენტში მწვავედ გააკრიტიკეს კომისია იმის გამო, რომ ის ბუდაპეშტის შანტაჟს დაჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი