საზოგადოება

სხვა ქვეყნებმა დაასრულეს, ან ატარებენ სასამართლოში კეთილსინდისიერების შემოწმებას — სტანო

4 მარტი, 2024 • 1683
სხვა ქვეყნებმა დაასრულეს, ან ატარებენ სასამართლოში კეთილსინდისიერების შემოწმებას — სტანო

მართლმსაჯულების სფეროებში მნიშვნელოვანი და შეუქცევადი პროგრესი განსაზღვრავს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საერთო ტემპს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ წერილობით განუცხადა.

ნეტგაზეთმა პიტერ სტანოს ჰკითხა, ჩაითვლება თუ არა საქართველოს მიერ მართლმსაჯულების ნაწილში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია შესრულებულად, თუ მთავრობა უარს იტყვის ევროკომისიის რეკომენდაციის გაზიარებაზე, რაც გულისხმობს სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების მექანიზმის დანერგვას, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

როგორც პიტერ სტანო აღნიშნავს, გაფართოების სხვა ქვეყნებმა უკვე დაასრულეს ან ახორციელებენ სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების შემოწმებას.

მისი თქმით, ასეთი პროცესისადმი ერთგულება იქნება ქვეყნის ძლიერი ამბიციის ნიშანი ევროკავშირის გზაზე წინსვლისკენ.

პიტერ სტანოს თქმით, 2023 წლის ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს სთავაზობს მკაფიო და დეტალური პოლიტიკის რეკომენდაციებს მომავალი სამუშაოს შესახებ.

მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით საქართველოს პროგრესი გაფართოების შესახებ რეგულარული მოხსენების ფარგლებში შეფასდება.

„ევროკავშირს სურს, მხარი დაუჭიროს საქართველოს კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, რაც წარმოადგენს ძირითად რეფორმებს, რომლებიც გაწევრიანების პროცესის საფუძვლებს შორისაა. ამ სფეროებში მნიშვნელოვანი და შეუქცევადი პროგრესი განსაზღვრავს გაწევრიანების მოლაპარაკებების საერთო ტემპს. ჩვენ გვჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება გამოყენებული ამ რეფორმების სწორი მიმართულებით წარმართვისთვის, რადგან მოვლენების პოზიტიური განვითარება სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს.

სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, პროფესიონალიზმის, ეფექტურობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება აუცილებელია დემოკრატიის დასაცავად, ფუნდამენტური უფლებების უფრო ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად და, საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის.

სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ასევე წამოჭრილია ვენეციის კომისიის მიერ, საჭიროა სასამართლო სისტემის ჰოლისტიკური და ეფექტიანი რეფორმა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით. ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია და კორუფციის რისკების აღმოფხვრა სექტორში“, — განუცხადა პიტერ სტანომ ნეტგაზეთს.

პიტერ სტანოს თქმით, სწორედ ამიტომ მოხვდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში კონკრეტული რეკომენდაცია სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, განსაკუთრებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და სასამართლოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით.

„გარდა ამისა, სასამართლო მოხელეთა კეთილსინდისიერების გრძელვადიან პერსპექტივაში დასაცავად უნდა შეიქმნას ქონებრივი დეკლარაციების ეფექტური, უფრო სისტემატური და პერიოდული გადამოწმების მუდმივი მექანიზმი. ასევე, ამ კუთხით ევროკავშირი მზადაა მოახდინოს შესაბამისი საერთაშორისო ექსპერტიზის მობილიზება საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციებში.

ასევე არსებობს მოლოდინი, რომ ღია და დამსახურებაზე დაფუძნებული რეკრუტირების პროცესის ფარგლებში შეივსება ვაკანტური თანამდებობები მართლმსაჯულების სისტემაში კანდიდატებით, რომლებიც აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.

როდესაც საქართველო დაიწყებს ამ პროცესს, სასამართლოს  რეფორმის მიდგომის დეტალები, კეთილსინდისიერების შემოწმების ჩათვლით, მჭიდროდ უნდა იყოს კოორდინირებული ვენეციის კომისიასთან და ევროკომისიასთან“, — აცხადებს პიტერ სტანო.


„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას.

მმართველ პარტიაში ცდილობენ ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი