ახალი ამბებისაზოგადოება

2020-ის არჩევნები, პანდემია და საერთაშორისო დამკვირვებლები

8 ივლისი, 2020 • 2555
2020-ის არჩევნები, პანდემია და საერთაშორისო დამკვირვებლები

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 დამკვირვებელი აკვირდებოდა, უფრო მეტი (1 641) – 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. რამდენი უცხოელი მონიტორი დააკვირდება წლევანდელ არჩევნებს, ჯერ უცნობია.

“საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს იმის მიხედვით, როგორი ერთობლივი რეგულაციები იქნება შემოღებული”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ტრადიციულად, რამდენიმე თვით ადრე მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა უწყებაში დამატებითი კითხვებზე ნეტგაზეთს არ უპასუხეს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საარჩევნო პროცესს რამდენიმე ეტაპად აკვირდება. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქვეყანას სტუმრობს პირველი, წინასაარჩევნო დელეგაცია, რომელიც არჩევნებისთვის მზადების პროცესს და ზოგად პოლიტიკურ გარემოს აფასებს, შეისწავლის იმ ფაქტორებს, რომელსაც საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერად წარმართვაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. არჩევნების დღემდე 2-3 თვით ადრე ჩამოდის ქვეყანაში გრძელვადიან დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელსაც არჩევნების დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მაღალი დონის დელეგაცია ემატება.

“წინასაარჩევნო დელეგაცია ივლისში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს აქტივობა ონლაინ-რეჟიმში გადავიტანოთ. ყველა შეხვედრა, რომელიც დელეგაციის ვიზიტის შემთხვევაში უნდა გამართულიყო, ზუმის მეშვეობით შედგება. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით ჩვენი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. გრძელვადიანი მისია, როგორც წესი, აგვისტო-სექტემბერში ჩამოდის. იმედი გვაქვს, შემდეგ ეტაპებებს უცვლელად განვახორციელებთ”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” NDI-საქართველოს ოფისში.

მოლოდინის რეჟიმშია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR).

“ODIHR-მა მიიღო მიწვევა, რომ დააკვირდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, თუმცა, როგორც იცით, არჩევნების თარიღი ჯერ გამოცხადებული არ არის. ODIHR საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტზეა საჭიროების შემფასებელი მისიის შესრულების გრაფიკთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, საჭიროების შემფასებელი მისია (NAM) ყურადღებით დააკვირდება წინასაარჩევნო გარემოს, ისევე როგორც ზოგად სამზადისს არჩევნებისთვის. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ვაგროვებთ ამ მისიის მიმდინარეობისას, ODIHR წარმოადგენს რეკომენდაციას, ღირს თუ არა და რა სახის საარჩევნო აქტივობები უნდა განხორციელდეს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ODIHR-ის პრეს-სპიკერმა.

ეუთოდან, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დამკვირვებლებლების გარდა, არჩევნებს აკვირდებიან საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებიც. ამასთან, ეუთო კოორდინაციას უწევს საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას, რომელშიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები შედიან. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ამბობს, რომ ორგანიზაციაში არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიწვევა მიიღეს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებული წესებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

“საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით უნდა იყოს უფრო ნათელი სურათი, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. შეზღუდვები, რომლებიც დღეს დაწესებულია, შეუძლებელს გახდის ნორმალური მონიტორინგის მისიის ორგანიზებას. საქართველომ 5 ქვეყანასთან გახსნა საზღვარი და იქაც ბევრი კითხვის ნიშანია, მაშინ როცა ეუთო, როგორც წესი, მინიმუმ 40 ქვეყნიდან გზავნის დამკვირვებლებს. როდესაც ასეთი გაურკვევლობაა, ამას ექნება თავისი უარყოფითი ასახვა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დააჩქაროს პროცესი, რომ ნათელი იყოს გეგმა და ის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ, თუკი გვსურს საქართველოში სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა. ეუთოში, მართალია, მივიღეთ წერილი საქართველოს ხელისუფლებისგან არჩევნებზე მოპატიჟებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის შემდეგ, სხვებთან არ ვიცი და,  საპარლამენტო ასამბლეასთან ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, ეუთო-ს მიღებული აქვს წინასწარი გადაწყვეტილება საქართველოს არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე და იმაზე, თუ როგორ მოახერხებს ქართული მხარე საკითხის ორგანიზებას.

“კორონავირუსის საბაბად გამოყენებას და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის პროცესის ხელოვნურად შეფერხებას, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, ძალიან ნეგატიური რეაქცია მიეცემა. გამომდინარე იქიდან, რომ გრძელვადიანი მისიები არჩევნებამდე თვენახევრით ადრე მაინც უნდა ჩამოვიდნენ, გაურკვევლობამ შეიძლება ძალიან იმოქმედოს სადამკვირვებლო მისიებზე, რაც ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს, ვინაიდან, თუ არ იქნა სრულფასოვანი დაკვირვება, შემდეგ ჩნდება კითხვის ნიშნები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ისედაც მონიტორების ყოფნა ძალიან ბევრი დარღვევის პრევენციას უწყობს ხელს”, – აღნიშნა წერეთელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე სპეკულაცია უწოდა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მთავრობა ხელს უშლის რეგულარული ფრენების აღდგენას, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე ჩამოსვლა ვერ მოახერხონ. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები შეუფერხებლად ჩამოვლენ საქართველოში და უკვე დაწყებულია მუშაობა, რათა დამკვირვებლებისთვის სპეციალური პროტოკოლი მომზადდეს.

“პროტოკოლი იქნება ისეთი, რომ მინიმალური დაბრკოლება შეიქმნას. ანუ, მაქსიმუმ შეიძლება იყოს ტესტირება, სხვა შემთხვევაში, არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ საერთაშორისო დამკვირვებლებს. 2-კვირიანი კარანტინი გამორიცხული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ საერთოდ აზრი ეკარგება დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას. სპეციალური პროტოკოლი იქნება, რომელიც მინიმალურ დონეზე დაადგენს მოთხოვნებს და ალბათ მაქსიმუმი ეს იქნება PCR ტესტი. ფრენებთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება იქნება იმ კონკრეტულ მომენტში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის აზრით, რაც არ უნდა მარტივი ფორმა მოძებნოს საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, ობიექტურად არსებობს ალბათობა, რომ წელს ნაკლები საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, ვიდრე წინა არჩევნებზე.

“მოლოდინი იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა, უფრო ნაკლები საერთაშორისო დამკირვებელი იყოს წარმოდგენილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვიდრე, მაგალითად, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო, სავსებით რეალისტურია და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის ეს არ არის კარგი. საერთაშორისო დამკვირვებლებიც საუბრობენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაზეც ადგილობრივი სადამკვირველო ორგანიზაციები ვამახვილებთ ყურადღებას. თუ მმართველ ან სხვა რომელიმე პარტიას სურვილი აქვს, რომელიმე დიდ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას იარლიყი მიაკეროს, რომ პარტიული ინტერესით მოქმედებს, ამას ვერასდროს ამბობენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე”, – ამბობს სალაძე. 

დღეს, 8 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველო საზღვრებს ხსნის ევროპის 5 (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) ქვეყანასთან. ამ ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორები ვალდებულები არ არიან გაიარონ სავალდებულო კარანტინი, ან გაიკეთონ PCR ტესტი, თუ აეროპორტში მაღალი ტემპერატურა არ დაუდგინდებათ. სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. მთავრობის ცნობით, გარდა დასახელებული 5 ქვეყნისა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

მთავრობის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება ინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14- დღიანი კარანტინი, ასევე, საკუთარი სახსრებით. ეს არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. შესაბამისად, მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიან ცესკო-ში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ცესკო-ს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა უნდა მიმართოს.

ტრადიციული საარჩევნო კამპანიის დასასრული?

მასალების გადაბეჭდვის წესი