ახალი ამბები

ტრადიციული საარჩევნო კამპანიის დასასრული?

4 მაისი, 2020 • 2805
ტრადიციული საარჩევნო კამპანიის დასასრული?

შეხვედრები ამომრჩევლებთან, კარდაკარი, პარტიის ყრილობა, ხალხმრავალი აქციები – როგორც წესი, ყველა საარჩევნო კამპანიის ნაწილია. თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რომელიც სოციალური ქცევის ნორმებს და წესებს ცვლის, ტრადიციული საარჩევნო კამპანიების ბედი სათუო გახდა. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, წინასაარჩევნო კამპანია კი ოფიციალურად 2 თვით ადრე იწყება. კანონმდებლობით,  არჩევნები ვერ ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმებიდან 45 დღის განმავლობაში.

COVID-19-ის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისამდე გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც თუ შენარჩუნდება ზოგიერთი რეკომენდაცია, მაგალითად, ხალხმრავალ შეკრებებთან და დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით. ეპიდემიოლოგები საუკეთესო შემთხვევაში ზაფხულში ეპიდემიის შესუსტებას, თუმცა შემოდგომაზე ვირუსის გავრცელების ახალ ტალღას ვარაუდობენ. შესაბამისად, შემოდგომიდან კარანტინის რეჟიმებში დაბრუნების ალბათობაც შესაძლებელი რჩება.

“ადამიანს თუ არ შეხვდი, ხელი არ ჩამოართვი…”

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ კრიზისის პირობებში საარჩევნო გარემო კიდევ უფრო უთანასწორო გახდება ხელისუფლების სასარგებლოდ, ვინაიდან, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების გარდა, ამ უკანასკნელის ხელშია შეზღუდვების გვერდის ავლის ბერკეტები და ანტიკრიზისული ღონისძიებების საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა. 

ოპოზიციის შეფასებით, სწორედ ამ მიზანს ააშკარავებს “ქართული ოცნების” ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეკონომიკური განვითარების ნაცვლად, 6-თვით, ე.ი. ზუსტად არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, სოციალურ დახმარებებზეა ორიენტირებული. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებში წარმატებას მიაღწევს, მანამდე კი, პირველი რიგის ამოცანად საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მიაჩნია. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ გეგმებს, ოპოზიციისთვის ის ძირითადად ემყარება კომუნიკაციის დისტანციური საშუალებების მეტად გამოყენებას და ეპიდემიის უკუქცევის იმედს. 

აი, რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები “ნეტგაზეთთან”:

გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველო”:“მე და ჩემი გუნდი ვემზადებით ახალი რეალობისთვის. უკვე ვმუშაობ საარჩევნო კამპანიის სტრატეგიაზე, თუ როგორ უნდა მქონდეს ინტენსიური კონტაქტი ამომჩეველთან. ჩემთვის დადებითი რაც არის, ჩემს ფეისბუქ-გვერდს აქვს სამჯერ მეტი ჩართულობა, ვიდრე, მაგალითად, გახარიას ან კალაძის გვერდებს. თუმცა ინტერნეტრესურსი ბოლომდე ათვისებული მაინც არ გვაქვს, მინიმუმ ორჯერ შეიძლება ინტერნეტით ინფორმაციის მიწოდების გაზრდა. არსებობს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც, მაგალითად, სატელეფონო მექანიზმი. ჩვენი სტრატეგიის ყველა დეტალს ახლა ვერ გავამხელ, რადგან “ქართული ოცნება” აკოპირებს ხოლმე ჩემი გუნდის მიერ შექმნილი საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაძლებლობებს, როგორც ეს მოხდა 2018 წლის არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილის ავტოზარებს ვგულისხმობ. თუმცა, რა თქმა უნდა, მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. “ქართული ოცნება” აკრძალვას გვიწესებს ჩვენ ყველას, მაგრამ მის აქტივისტებს საშვები აქვთ და საბიუჯეტო ფულს ურიგებენ მოქალაქეებს. ვფიქრობ, ოპოზიციამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ “ქართული ოცნების” მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება”.

ზაალ უდუმაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”: “რა თქმა უნდა, მოგვიწევს ახალ რეალობასთან შეგუება, ოღონდ ეს შეზღუდვები არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს, როგორც ახლა ვხედავთ. “ქართულმა ოცნებამ” საგანგებო მდგომარეობა აქცია საკუთარ საარჩევნო კამპანიად – კონკრეტული ადამიანები ძღვენებით დადიან და სახელისუფლებო პიარს ატარებენ სოფლებსა თუ ქალაქებში. 22 მაისს მთავრდება საგანგებო მდგომარეობა, ხოლო რა შეზღუდვები უნდა დარჩეს და რა არა, აღარ უნდა იყოს მორგებული “ქართული ოცნებას”. საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, მრავალი ხერხი არსებობს, რომ მოსახლეობას მიაწვდინო საკუთარი პროგრამა, მაგრამ არ ვთვლი, რომ შეზღუდვები უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს და მე იმედი მაქვს, ყველანი ჩავერთვებით სრულფასოვან კამპანიაში. თუ ეპიდემია გადავლახეთ და ხელისუფლება გამოაცხადებს, რომ ზაფხულში მზად არის, ტურისტები მიიღოს, რა შეზღუდვა უნდა დაუწესოს საკუთარ მოქალაქეებს?! ასევე, არჩევნების გადადების არანაირი წინაპირობა დღეს არ არის”.

გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველო”:“ბუნებრივია, ჯერ შეზღუდვების დროული და გონივრული მოხსნა უნდა მოხდეს და, პირველ რიგში, იმედი გვაქვს, ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხე გადაივლის და კამპანიისთვის დრო იქნება. მიუხედავად ამისა, როგორი კარგი სცენარიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, იმ ტიპის კამპანია, როგორც დღემდე იყო, ვეღარ იქნება, ვინაიდან ადამიანებმა ყველა ვარიანტში უნდა მიიღონ დამატებითი ზომები თავის დასაცავად. ამიტომ შესაძლოა, ამან მართლაც შექმნას პრობლემები მრავალრიცხოვან შეხვედრებთან დაკავშირებით. მაგრამ ამომრჩეველთან კონტაქტი, ბუნებრივია, სოციალური დისტანციის დაცვით და დამატებითი ზომებით (იქნება ეს პირდბადე თუ სხვა), მაინც უნდა ჩატარდეს. იმედი გვაქვს, ამის შესაძლებლობა იქნება, იმიტომ, რომ პირისპირ შეხვედრას ვერაფერი შეცვლის. ამავე დროს, ბუნებრივია, სოციალური მედიის და ონლაინ შესაძლებლობის გამოყენება მოხდება უფრო ინტენსიურად, რათა მივწვდეთ მეტ ამომრჩეველს. იმედი მაქვს, რომ არ დადგება არჩევნების გადავადების საკითხი. არჩევნების გადავედება დასაშვებია, თუ ამის ობიექტური რეალობა იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ახლა ასეთი წინაპირობა არ არსებობს. თუ ვნახავთ, რომ ივანიშვილის მთავრობა რამე საბაბს იყენებს არჩევნების გადასავადებლად მაშინ, როდესაც ობიექტური რეალობა არ არსებობს, ეს უმძიმესი ფასი დაუჯდებათ და ვურჩევდი, არც კი სცადონ”.

კახა კოჟორიძე, “ლელო”:“საარჩევნო კამპანია დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. “ლელო” აქამდეც იცავდა და ამის შემდეგაც სრულად დაიცავს პროფესიონალების რეკომენდაციებს. მაგრამ პარალელურად ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი არაგონივრული შეზღუდვა წესდება. თუ ისინი საარჩევნო კამპანიის განმავლობაშიც შენარჩუნდება, ეს ძალიან მძაფრად გაპროტესტდება. ადამიანს თუ არ შეხვდი, ხელი არ ჩამოართვი, დისტანციურად პოლიტიკური აქტივობა, რა თქმა უნდა, პრობლემური საკითხია, მაგრამ ამ გადასახედიდან ჩანს, რომ საქართველოში ეპიდემია არ გაგრძელდება. როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, აუცილებლად გავაგრძელებთ ოფისების გახსნას ქვეყნის მასშტაბით. ისევე, როგორც ამომრჩევლებთან შეხვედრებს. ოქტომბრისთვის თუ იყო საყოველთაო პროფესიული კონსენსუსი, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ არჩევნების ჩატარებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გონიერი ადამიანი, ჩემი ჩათვლით, მხარს დაუჭერს  არჩევნების გადატანასაც, მაგრამ ეს საკითხი მხოლოდ “ოცნების” და მისი ექსპერტების შეფასებით ვერ გადაწყდება. დღევანდელი გადასახედიდან არჩევნების გადატანის საჭიროება არ არსებობს და საკონსტიტუციო ცვლილებებიც და საარჩევნო კამპანიაც სრულებით მოსწრებადია”.

ალეკო ელისაშვილი, “სამოქალაქო მოძრაობა”:“ჯერ სამოქალაქო მოძრაობა ვართ და პარტია უნდა გავაკეთოთ. შემდეგ, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ადაპტირება ახალ რეალობასთან. ამ ვითარებამ ყველას გვაჩვენა, რა მნიშვნელობა აქვს ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს და ონლაინ კომუნიკაციას. ალბათ, ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია უფრო რთული იქნება რეგიონებში, სადაც მოსახლეობას ინტერნეტზე ნაკლებად აქვს წვდომა. მახსოვს, ივანიშვილი ყველას უფასო ინტერნეტიზაციას გვპირდებოდა, მაგრამ ფაქტია, ეს არ მოხდა და სიტუაციის მიხედვით მოგვიწევს გადაწყობა. ვფიქრობ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავწიოთ არჩევნები, ოქტომბრამდე ვითარება, ალბათ, დარეგულირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, შიმშილით დავიხოცებით”.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგიონული ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც საარჩევნო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგს 1995 წლიდან ეწევა. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ასეთ არაორდინალურ გარემოში არჩევნები პირველად ტარდება და გამოცდილება ნაკლებია. ბენიძე იმედოვნებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მისცემს, 1-2 თვეში რამე განსაკუთრებული შეზღუდვები არ იმოქმედებს და ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება შესაძლებლობა, საარჩევო კამპანია ჩვეულ რეჟიმში წარმართოს.

“თუ რაღაც შეზღუდვები გაგრძელდა, მნიშვნელოვანი იქნება, ამ ყველაფრის ანალიზი, რამდენად გონივრული, პროპორციული და აუცილებელია ისინი. შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებს და არანაირად არ იყოს მიმართული გამოხატვის თავისუფლების ან პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობის შეზღუდვისკენ. სხვა შემთხვევაში, თუკი საგანგებო მდგომაროება გაუქმდა, მაგრამ რაღაც უფლებების შემზღუდავი რეგულაციები იქნა შემოღებული, შეიძლება, რაღაც მომენტში ამა თუ იმ შეზღუდვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საჭიროება დადგეს. თუ შეზღუდვები დარჩა და ეს იქნება გონივრული და პროპროციული იმ პერიოდისთვის არსებული ვითარებისთვის, მაშინ პარტიებს შეიძლება მოუწიოთ ახალ, ინოვაციურ კამპანიის მეთოდებზე მსჯელობა, როგორიცაა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში სხვადასხვა შეხვედრების წარმოება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ვერ იყოს ისეთი ეფექტური”, – განაცხადა ბენიძემ.

როგორი იქნება არჩევნების დღე?

ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების დათქმულ ვადაში და არსებული პროცედურებით ჩატარებისთვის ემზადება.

“ამ ეტაპზე რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, არანაირი პროცედურული ცვლილებები არ არის დაგეგმილი. არ განიხლება, მათ შორის, არც არჩევნების გადადება. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს იმ მიმართულებით, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, დადგენილი პროცედურების სრული დაცვით უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება”, – გვითხრეს ცესკო-ში.

საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების სპეციალისტი ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოება ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემური იქნება და ხელისუფლებას უკვე აქედანვე უნდა ჰქონდეს თადარიგი დაჭერილი არჩევნების გადადებასთან ან ელექტრონულად ჩატარებასთან დაკავშირებით.

“შეზღუდვები რომც მოიხსნას, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ძალიან დიდი რისკი რჩება. საარჩევნო კამპანიის დროს დისტანციის დაცვა შეუძლებელია, რადგან საარჩევნო კამპანია გულისმხობს ადამიანთა დიდი რაოდენობით შეკრებას, დარბაზებში იქნება თუ მასობრივი შეკრების სხვა ადგილებში. ამ გზით ვირუსის გავრცლების ახალი კერები, პოლიტიკური პარტიების კლასტერები შეიძლება წარმოიშვას. ამიტომ, მე ამას ძალიან რთულად ვხედავ. ახლა რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ივნისის ბოლოს პანდემიის დასრულებაზე, ნახევარი მსოფლიო საუბრობს იმაზე, რომ შემოდგომაზე ეს ყველაფერი გაგრძელდება. ამიტომ მიმაჩნია ეს ძალიან დიდი პრობლემაა არჩევნების ნორმალურად ჩატარებისთვის”, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ბოძაშვილის თქმით, მაშინაც კი, თუ ზაფხულიდან საარჩევნო კამპანია ჩვეულებისამებრ ჩატარდა, მაგრამ შემოდგომაზე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა, შესაძლოა, არჩევნების რამდენიმე თვით გადადება გახდეს საჭირო. ის ამბობს, რომ პოლიტიკური გარემო პროგნოზირებადი უნდა იყოს და საარჩევნო აქტორებმა უკვე უნდა იცოდნენ, როდის და რა წესებით მოუწევთ ასპარეზობა.

“მისისიპიში ჩატარდა პრაიმერი და ერთ საარჩევნო უბანზე 36 ადამიანი დაინფიცირდა. იგივე შეიძლება მოხდეს აქაც, ამიტომ ამას სჭირდება თადარიგის დაჭერა და არჩევანის გაკეთება – ვატარებთ არჩევნებს შემოდგომაზე თუ არა. თუ ვატარებთ და იგივე სიტუაციაა, მაშინ აუცილებლად ელექტორნულად უნდა გაიმართოს. თუ არ ვატარებთ, მაშინ ამის თაობაზეც უკვე უნდა იცოდნენ პარტიებმაც და ამომრჩევლებმაც”, – აცხადებს ბოძაშვილი.

ლევან ბოძაშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს არჩევნებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვას, ამბობს, რომ ხელისუფლების ადგილას უკვე გამოყოფდა უბნებს, სადაც სატესტო რეჟიმში დაინერგებოდა ელექტრონული სისტემა. მისი აზრით, თუ ყველგან არა, არჩევნები ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს ემიგრანტებისთვის და ქვეყნის მასშტაბით დიდ უბნებზე, სადაც ამომრჩეველთა მრავალრიცხოვანი კონცენტრაციაა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში დარჩეს მოქმედი წესი.

“ბევრი ვარიანტია, რაზეც უნდა ფიქრობდეს ახლა მთავრობა და დატესტოს. ტექნოლოგიურად ეს მოსწრებადია, მაგრამ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ პოლიტიკური სპექტრისთვის, ამომრჩველისთვის მერე არ უნდა იყოს ეს სიურპრიზი. სექტემბერში არ უნდა გავიგოთ, რომ თურმე არჩევნები ტარდება ელექტრონულად, რადგან ამას სჭირდება ადამიანების შეგუება და გათვითცნობიერება”, – აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისია ამბობს, რომ ონლაინ არჩევნების ჩატარებას სჭირდება სპეციფიკური მომზადება და ახალი პრაქტიკის დანერგვა და მაგალითად მოჰყავს სამხრეთ კორეა, რომელიც ფინანსურად და ტექნოლოგიურად საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებულია, თუმცა ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე არ გადასულა.

“მიმდინარე პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ იმ რეგულაციებს, რაც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკით არის გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სხვადასხვა ქვეყანაში როგორ ტარდება ამ პანდემიის პერიოდში არჩევნები. ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებული იყოს გარკვეული რეგულაციები, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაზე იქნება მორგებული. ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკას ვსწავლობთ”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ცესკო ყველა იმ პლატფორმის მონაწილეა, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობას განიხილავენ და მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

“შესაბამისად, მოდით, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ”, – ამბობს იგი.

არჩევნების ჩვეულ რეჟიმში ჩატარების ალტერნატიული გეგმა რომ არ განიხილება, ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

“ამ ეტაპზე არც არჩევნების გადადების საკითხი, არც ელექტრონულად ჩატარების საკითხი არ არის აქტუალური იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებისთვის მდგომარეობა იქნება სტაბილური და შესაძლებელი იქნება ჩვეულებრივ რეჟიმში არჩევნების ჩატარება. მანამდე, პირველ რიგში, საჭიროა კონსტიტუციაში განვახორციელოთ ცვლილებები, რაზეც პოლიტიკური ოპოზიციასთან შევთანხმდით. როგორც კი საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება და ძალიან დიდი ალბათობით, ეს მოხდება 22 მაისს, გავაგრძელებთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას”, – ამბობს კახიანი.

კახიანი ფიქრობს, რომ შეზღუდვები არ შენარჩუნდება საარჩევნო კამპანიის დროსაც.

“ძალიან რთულია ახლა საუბარი იმაზე, თუ რა იქნება ერთი თვის მერე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა შედეგი გამოიღო და ვირუსის გავრცელების სტატისტიკა ძალიან დაბალია, ამ ეტაპზე არ არსებობს მოლოდინი, რომ შემოდგომაზე შესაძლებელია ეს ვითარება გამწვავდეს. თუმცა, თუ რამე ასეთი იქნა, ხელისუფლება მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, როგორც ამას სამართლებრივი რეჟიმი მოითხოვს”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

პანდემია და არჩევნები მსოფლიოში

გლობალური საარჩევნო კალენდრის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილია მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ყველაზე ახლოს – 10 მაისს, პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნები. 

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ოპოზიცია არჩევნების გადადებას ითხოვდა, პოლონეთის სეიმმა კი მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის მიერ მომზადეულ კანონპროექტს საპრეზიდენტო არჩევნების დისტანციურად, საფოსტო სისტემის საშუალებით ჩატარების შესახებ. ეს ინიციატივა კრიტიკის საგანი გახდა როგორც პოლონეთის უზენაესი სასამართლოს, ისე ეუთოს მხრიდან. ოპოზიცია ეჭვქვეს აყენებს მომავალი არჩევნების სანდოობას, ისევე როგორც ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვას. პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროპული საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა მოქალაქეებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე პოლონეთის სენატმა 6 მაისს უნდა მიიღოს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

აქცია პოლონეთში მთავრობის შემოთავაზებული საარჩევნო წესების წინააღმდეგ © ეპა

2020 წლის მთავარი არჩევნები 3 ნოემბერს არის დეგეგმილი – ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტს აირჩევს. კორონავირუსის ყველაზე ბევრი, მილიონზე მეტი შემთხვევა ამ დროისთვის სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაფიქსირებული. ეპიდემიის გამო გადაიდო დემოკრატიული პარტიის პრაიმერები 15 შტატში, ისევე როგორც ერთი თვით, 17 აგვისტომდე გადავადდა “დემოკრატების” ყრილობა და კანდიდატის ოფიციალურად დასახელების ცერემონია.

შეერთებულ შტატებს საპრეზიდენტო არჩევნების გადავადების პრაქტიკა არ აქვს – ეს არ გაუკეთებია არც სამოქალაქო ან მსოფლიო ომის დროს, ან “ესპანური გრიპის” გამო. არჩევნების გადავადების უფლება არ აქვს პრეზიდენტს. იმ შემთხვევაშიც, თუ ამას კონგრესი გააკეთებს, მოქმედ პრეზიდენტს მაინც მოუწევს ადმინისტრაციის დატოვება 2021 წლის 20 იანვარს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე.

აქედან გამომდინარე, აშშ-ში უფრო აქტიური დისკუსია მიმდინარეობს ადრეული ხმის მიცემის დღეების გახანგრძლივებაზე და მასობრივად, წერილობით ხმის მიცემაზე. ადრეული ხმის მიცემა ამომრჩეველს საშუალებას აძლევს, კენჭისყრის დღემდე მიიღოს საარჩევნო ბიულეტენი, არჩევანის გაკეთების შემდეგ კი ფოსტით გააგზავნოს ან საარჩევნო ყუთში ჩააგდოს. ზოგიერთ შტატში ბიულეტენის გაგზავნა შესაძლებელია ონლაინ ან სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობითაც. მიზეზის დასაბუთების გარეშე წინასწარი ხმის მიცემა, საარჩევნო უბანზე გამოცხადებით, დასაშვებია 33 შტატში და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში, ფოსტით ხმის მიცემა – 28 შტატში და კოლუმბიის ოლქში. სხვა შტატებში, სადაც უფრო მკაცრი კანონმდებლობაა, ამომრჩეველმა წინასწარი ბიულეტენის მოთხოვნა უნდა დაასაბუთოს (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობით), წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, სანქციებს დაექვემდებაროს.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, 15 აპრილს, სპეციალური წესების დაცვით ჩატარდა ეროვნული ასამბლეის არჩევნები სამხრეთ კორეაში. ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე პირბადის ტარება და ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა ევალებოდათ. უბანზე შესვლამდე მათ ტემპერატურას უზომავდენ, ხელების დეზინფექციას უტარებდნენ, რეზინის ხელთათმანებს გადასცემდენ და ამის შემდეგ აძლევდნენ საარჩევნო ბიულეტენს. თუ უბანზე მისულ ამომრჩეველს ტემპერატურა 37.5 გრადუსზე მაღალი ჰქონდა, ის ხმის მისაცემად ცალკე გაჰყავდათ. ღია ცის ქვეშ სპეციალური ხმის მისაცემი უბნები გაიხსნა კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომებით ინფიცირებული პაციენტებისთვის.

მოსახლეობის 26%-მა, 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა, არჩევანი წინმსწრებად გახსნილ საარჩევნო უბნებზე და საფოსტო სისტემის საშუალებით გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი