ახალი ამბები

NDI საქართველოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას იწყებს

19 თებერვალი, 2024 • 535
NDI საქართველოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას იწყებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.

19-23 თებერვალს NDI-ის დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან გამართავს შეხვედრებს, რომლებსაც გაუძღვებიან: შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ პოზნერი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი დენიელ გოტფრიდი, NDI-ის ევრაზიის რეგიონული დირექტორი ევა ბუჟა და NDI-ის არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი რიჩარდ კლაინი. შეხვედრებს ასევე დაესწრება NDI-საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი.

ხუთი დღის განმავლობაში დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგად პოლიტიკურ გარემოსა და იმ ფაქტორებს შეაფასებენ, რომელთაც შესაძლოა, გავლენა იქონიონ წინასაარჩევნო პროცესებზე.

აღნიშნული შეხვედრები NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო პროცესის პირველ ფაზას წარმოადგენს. მეორე ფაზა მოიცავს გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფსა და არჩევნების დღის სადამკვირვებლო დელეგაციას.

NDI აცხადებს, რომ წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია განხორციელდება საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში.

შეხვედრების დასრულების შემდეგ NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი