ახალი ამბები

ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი იპოვეს

22 ივნისი, 2020 • 2437
ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მტკვარში იპოვეს.

“ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის, თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს”, – განმარტებულია განცხადებაში.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა. შაქარაშვილს პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

აღნიშნულს წინ უძღოდა შეკრება, რომლის შემდეგაც, ოჯახისა და ადვოკატის ცნობით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა. ფეხბურთელის კვალი სწორედ ამის შემდგომ იკარგება.

დაკარგულის ბიძამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მან არ იცის ჩხუბის დეტალები, თუმცა  ვარაუდობდა, რომ შესაძლოა შაქარაშვილი ინციდენტისგან გამოწვეული შოკის გამო გაქცეულიყო და სადმე თავი შეეფარებინა.

საქმეში ჩართული ადვოკატიც ადასტურებს, რომ კონფლიქტი ნამდვილად მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდების ერთი ჯგუფი მეორეს დაუპირისპირდა. მზია ქასრაშვილის თქმით, ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ.

“მაგრამ მერე ეს ბავშვი სად წავიდა და როგორ წავიდა, არავინ იცის”, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი