ახალი ამბები

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

9 მარტი, 2021 • 2484
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო.

არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე დამნაშავედ ცნეს ბრალდებულები ზ.ხ. და გიორგი ქვრივიშვილი, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვნები იყვნენ. მათთვის დაკისრებული სასჯელის ზომას მოსამართლე მოგვიანებით გამოაცხადებს.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 2020 წლის 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო ორ ეპიზოდს განიხილავდა. ცალკე გამოყოფილია ჯგუფურ ძალადობასა და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარმოებული საქმე, მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს კი სასამართლო განცალკევებულად განიხილავდა.

შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი