ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნებს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

16 მარტი, 2021 • 639
შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნებს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.

მსჯავრდებული არასრულწლოვნების ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, ასევე გეგმავენ მიმართონ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს.

ამავე საქმეზე 9 მარტს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და სრულწლოვან მსჯავრდებულებს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ორი არასრულწლოვნის განაჩენი კი მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ.ხ-ს და ა.ქ-ს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვნები იყვნენ, 14 წლით პატიმრობა მიესაჯათ და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით სასჯელი 10 წლამდე და 6 თვემდე შეუმცირდათ.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 2020 წლის 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო ორ ეპიზოდს განიხილავდა. ცალკე გამოყოფილია ჯგუფურ ძალადობასა და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარმოებული საქმე, მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს კი სასამართლო განცალკევებულად განიხილავდა.

შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი