ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე ჩხუბის ეპიზოდში სამი ბრალდებულის მიმართ დევნა შეწყდა

26 მარტი, 2021 • 847
შაქარაშვილის საქმეზე ჩხუბის ეპიზოდში სამი ბრალდებულის მიმართ დევნა შეწყდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცემის ეპიზოდში ბრალდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო და დაზარალებულების თანხმობის საფუძველზე მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანების ეპიზოდში ბრალდებული სამი პირი, მათ შორის, ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი და საბა გოგშელიძე გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

აღნიშნულ ეპიზოდზე, რომელიც კონკრეტულად აგარაკზე მომხდარ ჩხუბის ეპიზოდს ეხება და არა უშალოდ მკვლელობის საქმეს, დაზარალებულადაა ცნობილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდში მსჯავრდებული ვახტანგ ჩიქოვანი, რომელმაც დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა, რომ სამი ბრალდებულის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდა.

ჩიქოვანის სიტყვიერი თანხმობის შემდეგ მოსამართლემ წაქაძის, ჩხარტიშვილისა და გოგშელიძის მიმართ სისლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

სამი ბრალდებული, რომლებსაც ამნისტია შეეხოთ, გირაოს საფუძველზე იყვნენ გათავისუფლებული. მათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1¹ ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით. აღნიშნული მუხლი გულიხმობს ჯგუფურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას (რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია მძიმე დაზიანება) ორი ან მეტი პირის მიმართ.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 2020 წლის 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო ორ ეპიზოდს განიხილავდა. ცალკე გამოყოფილია ჯგუფურ ძალადობასა და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარმოებული საქმე, მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს კი სასამართლო განცალკევებულად განიხილავდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მკვლელობის ნაწილში ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა მიესაჯა. მათ შორის სრულწლოვან ბრალდებულებებს 16 წლით, არასრულწლოვნებს კი 10 წლითა და 6 თვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი