ახალი ამბები

მცხეთაში დაკარგულ ახალგაზრდა ფეხბურთელს კვლავ ეძებენ

22 ივნისი, 2020 • 946
მცხეთაში დაკარგულ ახალგაზრდა ფეხბურთელს კვლავ ეძებენ

ახალგაზრდა ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს, პოლიცია და სამაშველო სამსახურები უკვე მეოთხე დღეა ეძებენ.  მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობის მონიტორინგი, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე თერმული დრონის საშუალებით.

პარალელურად, მცხეთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს ადამიანები, რომლებიც ფეხბურთელის დაკარგვამდე მცხეთის ტერიტორიაზე გამართულ წვეულებაში მონაწილეობდნენ.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე. აღნიშნულს წინ უძღოდა შეკრება, რომლის შემდეგაც, ოჯახისა და ადვოკატის ცნობით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა. ფეხბურთელის კვალი სწორედ ამის შემდგომ იკარგება.

დაკარგულის ბიძა ვარაუდობს, რომ ინციდენტიდან გამოწვეული შოკის გამო, შესაძლოა, შაქარაშვილი გაიქცა და სადმე აფარებს თავს.

“ჩხუბის დეტალები მე არ ვიცი, თუმცა გიდასტურებთ, რომ შეკრებას უკავშირდება. ეს არის პოსტშეკრების პერიოდი.

…გიორგის დაცილების მომენტი თავის მეგობართან არის ამოსავალი წერტილი. ამ დაცილების მომენტის შემდგომ, ბოლო კვალი არის მდინარე არაგვის ძირში, სადაც რაღაცები არის ნაპოვნი.

მსგავს ექსტრემალურ ვითარებაში არასდროს მოხვედრილა, რომ ღამის ორ საათზე გარბოდეს სადღაც ბუჩქებში და თვლიდეს, რომ ვიღაც მოსდევს. შეიძლება იყო კიდეც მსგავსი. ბავშვი შეიძლება იყოს ძალიან მძიმე შოკში და სადმე ახლომახლო შეფარებული”, – უთხრა ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ მედიას.

საქმეში ჩართული ადვოკატიც ადასტურებს, რომ კონფლიქტი ნამდვილად მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდების ერთი ჯგუფი მეორეს დაუპირისპირდა. მზია ქასრაშვილის თქმით, ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ.

“მაგრამ მერე ეს ბავშვი სად წავიდა და როგორ წავიდა, არავინ იცის”, – აცხადებს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს. მსგავს შემთხვევებში, როდესაც დაკარგულ ადამიანს რამდენიმე  დღის მანძილზე ვერ პოულობენ, გამოძიება, როგორც წესი, აღნიშნული მუხლით იწყება.

სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, მუშაობას განაგრძობს საველე შტაბი.

“ადგილზე მობილიზებულია 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის, მყვინთავთა ჯგუფი – 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. ადილზე, ასევე, მობილიზებულია ყველა სხვა საჭირო ტექნიკა”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი