ახალი ამბები

გული მწყდება ჩემს კოლეგებზე, მე არსად ვაპირებ წასვლას – გრიგოლია

15 ივნისი, 2020 • 1401
გული მწყდება ჩემს კოლეგებზე, მე არსად ვაპირებ წასვლას – გრიგოლია

“TV პირველის” გადაცემა “რეაქციის” წამყვანი და არხის ყოფილი დირექტორი ინგა გრიგოლია ტელეკომპანიიდან ჟურნალისტების წასვლას ეხმაურება. მისი თქმით, გული სწყდება მათ გადაწყვეტილებაზე, თავად კი წასვლას არ აპირებს ტელევიზიიდან, რომლის მთავარი ხიბლიც, მისი თქმით, მრავალფეროვნება და თავისუფლებაა.

“ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე, ძალიან მწყდება- დიანაზე, ჟიჟიზე[ნინო ჟიჟილაშვილზე], ვახოზე… ვერ მოგატყუებთ, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ სიტყვების თქმა: რთულად გადავიტანე მათი წასვლა. იმდენად რთულად, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი სათქმელის გადმოსაცემად და ალბათ, რაც არ უნდა ვთქვა, მაინც არ იქნება ის, რასაც ახლა განვიცდი.

მთელი გულით ვუსურვებ აქედან წასულ ჩემს კოლეგებს სხვა არხებზე. დიდ წარმატებებს ვუსურვებ საკუთარ პროფესიაში ჩემს კოლეგებს, რომელიც მათი თანმდევი იყო, დარწმუნებული ვარ, იქნება კიდეც”, – აღნიშნა გრიგოლიამ “TV პირველის” პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ჟურნალისტის თქმით, მისი არჩევანი არხზე მუშაობის გაგრძელებაა.

“მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემი არჩევანია ტვ პირველი, რომელიც შვილივით მიყვარს. ბოლო პერიოდში დიდი შტურმია ჩვენზე: გვიტევს ხელისუფლება, ბოტები, ტროლები, კარის კლოუნები… ამოშანთვით და განადგურებითაც გვემუქრებიან.

მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას. ტვ პირველია ჩემი საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსიც მე იშვიათად მინახავს.

…ამ ტელევიზიის მთელი ხიბლი იყო, არის და იქნება სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანების, ხშირად, პოლიტიკურისაც, მუშაობა.. ხშირად ერთმანეთს არც ვეთანხმებით, ვკამათობთ, თუმცა სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ამ ტელეკომპანიის ხიბლი”, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

გრიგოლიას თქმით, არხის თანამშრომლებს არ აღელვებთ, მოსწონს თუ არა ისინი ხელისუფლებას ან ოპოზიციას და მუშაობას განაგრძბენ ისეთივე თავისუფალ გარემოში, როგორიც ის იქამდე იყო.

“გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: არც ნაცი ვარ, არც ქოცი ვარ, სრულიად ნეიტრალური ადამიანი გელაპარაკებით ახლა. ნეიტრალური და უკიდეგანოდ თავისუფალი”, – თქვა მან მიმართვის მიწურულს.

ტელეკომპანია დღეს, 15 ივნისს, ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ დატოვა, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებია. მანამდე ასეთივე გადაწყვეტილება ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ გადაცემა “პოლიტმეტრის” გუნდთან ერთად მიიღეს. ჟიჟილაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არ მოსწონდათ, რაც ჟურნალისტური სტანდარტისა და სხვა მიმართულებებით ტელეკომპანიაში ხდებოდა და “ვერც ვერაფერს ცვლიდნენ”.


21 აპრილს ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ამის შემდეგ, მთავარი არხიდან ტვ “პირველზე” კიდევ ექვსი ჟურნალისტი გადავიდა.

პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი “ტვ პირველის” საინფორმაციოს აღარ უღელმძღვანელებდა. წასვლის მიზეზები ჟიჟილაშვილმა ასე განმარტა: “საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით”.

პირველ მაისს გრიგოლია ”ნეტგაზეთს” ეუბნებოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნინო ჟიჟილაშვილის ახალი გადაცემა და ტელეკომპანიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესი იყო, საინფორმაციო სამსახურსს კი თავად უხელმძღვანელებდა.

6 ივნისს ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად პროფესიული და ოჯახური ინტერესების “შეჯახება” დაასახელა. მას არ დაუკონკრეტებია დეტალები. ის ამბობს, რომ არხზე რჩება და საკუთარ გადაცემას გააგრძელებს.

6 ივნისს არხის დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა გრიგოლიას განცხადების შემდეგ თქვა, რომ ტელევიზიის გენერალური დირექტორი კვლავ თავად იქნება. ამ დრომდე უცნობია ვინ გახდა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი