ახალი ამბები

“მთავარიდან” ტვ პირველზე კიდევ 6 ჟურნალისტი გადავიდა

11 მაისი, 2020 • 5932
“მთავარიდან” ტვ პირველზე კიდევ 6 ჟურნალისტი გადავიდა

ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემა “ტვ პირველის” ეთერში მაისის ბოლოს გავა და მისთვის რეპორტაჟებს მოამზადებს არაერთი ჟურნალისტი, რომელიც აქამდე “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურში საქმიანობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთს” “ტვ პირველის” დირექტორი, ინგა გრიგოლია ესაუბრა.

მისი თქმით, გადაცემა საგამოძიებო რეპორტაჟებით დაიტვირთება და ეთერში, ტელეარხის სხვა თოქშოუების მსგავსად, 20:00-ზე გავა.

“ძალიან საინტერესო რეპორტაჟები იქნება. ნოდარი თავის გუნდთან ერთად გადმოვიდა. ესენი ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც ადრეც აკეთებდა მსგავს გადაცემას. სრული თავისუფლება ექნებათ, რადგან ჩვენს არხზე არცერთი წამყვანი არ უთანხმებს ხელმძღვანელს, რა თემას აშუქებს თოქშოუში, ან ვინ ჰყავს სტუმარი.

ეს იქნება საგამოძიებო გადაცემა. ტვ პირველს აქამდე არ ჰქონდა საგამოძიებო მიმართულებით არანაირი პროგრამა და ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი და საინტერესო შანსი კარგი და მაგარი პროექტის გაკეთებისა”, – აღნიშნა მან.

რეპორტაჟებს გადაცემისთვის “მთავარი არხის” ყოფილი ჟურნალისტები მოამზადებენ, რომლებიც “ტვ პირველს” ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანიაში ნოდარ მელაძის გადასვლის შემდეგ შეუერთდნენ. თუმცა მათი ინტეგრირება ასევე განიხილება “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურში:

“ასეთი გამოცდილი ჟურნალისტური რესურსი ვერ წამრომიდგენია მხოლოდ ერთი გადაცემისთვის. მათი ინტეგრირება მოხდება მთლიანად ტელევიზიაში, მაგრამ ამ გადაცემაზე ეს ხალხი იმუშავებს. წინასაარჩევნო წელი მოდის და რეალურად, რესურსის მატება ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უფრო მომზადებულები ვიყოთ კორონას შემდეგ. სავარაუდოდ, ეს ხალხი ნიუსშიც იმუშავებს ჩვენთან”.

გადაცემის პრომოს მომზადებისას გადაღებულ ფოტოებზე, რომლებიც ნოდარ მელაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, ჩანან “მთავარის” ყოფილი სახეები: ეკო მაღრაძე, თამთა დოლენჯაშვილი, ვასილ დაბრუნდაშვილი, რუსუდან ჯაბანიშვილი, მაკა ჩიხლაძე და მაკა ანდრონიკაშვილი.

ფოტო: ნოდარ მელაძე

“ტვ პირველის” დირექტორი ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტებმა “მთავარი არხის” დატოვებისა და “ტვ პირველში” გადასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღეს და პროცესში ტელევიზიის ხელმძღვანელობა არ ჩარეულა.

“ჩვენ არავინ გადმოგვიყვანია. არავისთან მე პირადად, დირექტორს, არ მიწარმოებია მოლაპარაკებები, რომ ვინმე გადმოსულიყო და გადმოგვებირებინა, ასე ვთქვათ. ამ ადამიანებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ჩვენ შორის საუბარი, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება ყოფილი სამსახურის დატოვების თაობაზე. რა თქმა უნდა, როგორც მენეჯერისთვის, ძალიან საინტერესო იყო ამ გუნდის მიღება და ამ გადაცემაზე მუშაობა”.

მისივე განცხადებით, ახალ სახეებთან ერთად, გადაცემაში “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილიც დასაქმდება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ არის მიღებული.

“ტვ პირველს ჰყავს ძალიან კარგი რეპორტიორები. ინტეგრირების დროს უკეთ გამოიკვეთება, კიდევ ვინ შეიძლება [მოამზადოს ეს გადაცემა]. მე ვხედავ, მაგალითად, ამ ტიპის გადაცემაში ტვ პირველის რამდენიმე თანამშრომლის რეპორტაჟს, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას უკვე მიიღებენ თავად პროდიუსერი, წამყვანი და ჟურნალისტები”.


“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ ტელეარხი მიმდინარე წლის აპრილში დატოვა, მცირე ხნის შემდეგ კი მუშაობა “ტვ პირველში”, მთავარ პროდიუსერად განაგრძო. ამავე პერიოდში გახდა ცნობილი, რომ მელაძეს არხზე ექნებოდა თავისი გადაცემაც.

ნოდარ მელაძეს “მთავარის” დატოვების მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია.

“არ მინდა, ასე ვთქვათ, შიდა სამზარეულოზე და გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი. როცა ადამიანები ტოვებენ სამსახურს და შემდგომ იწყებენ რაღაცებზე საუბარს, ეს არასდროს მომწონს”, – აღნიშნა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

https://netgazeti.ge/news/445353/

ტელეკომპანიაში ბოლო დროს სხვა ცვლილებები მოხდა. ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურს ნინო ჟიჟილაშვილი აღარ უღელმძღვანელებს. მან ეს პოსტი თითქმის ორი თვის წინ დაიკავა, თუმცა ამიერიდან არხის საინფორმაციო სამსახურთან შეხება არ ექნება. ის ტოქ-შოუს წაიყვანს. ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა, რომ საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და მისი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. ინგა გრიგოლიამ კი თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ნინო ჟიჟილაშვილის ახალი გადაცემა და ტელეკომპანიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესი. გრიგოლიას განმარტებით, გადაცემა, რომლის წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი იქნება, კვირაში სამი დღის განმავლობაში გავა ეთერში.

ჟიჟილაშვილი ტვ “პირველის” საინფორმაციოს აღარ უხელმძღვანელებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი