ახალი ამბები

რატომ „გააძევეს“ საქართველოდან მოსადის აგენტი – სააკაშვილის კომენტარი

8 სექტემბერი, 2021 • 3196
რატომ „გააძევეს“ საქართველოდან მოსადის აგენტი – სააკაშვილის კომენტარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში კატეგორიულად აკრძალული ჰქონდა საქართველოს და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის ადამიანების პირადი ცხოვრების გადაღება და ამით დაშანტაჟება; მისი თქმით, ამის გამო ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლობა დახურეს.

7 სექტემბერს, ტვ პირველის ეთერში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვას, იცოდა თუ არა სააკაშვილმა, რომ მისი მმართველობისას ადამიანებს ფარულად უღებდნენ, სააკაშვილმა უპასუხა:

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ჩემგან ყველა ჩვენს სპეცსამსახურს ჰქონდა კატეგორიული მითითება, რომ ადამიანების პირად ცხოვრებას არ შეხებოდნენ. თუ ვიღაცამ ეს დაარღვია, იმ ადამიანს აქვს თავი მოსაგლეჯი“.

სააკაშვილი ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ფარულად გადაღება და შემდეგ ადამიანების დაშანტაჟება „არის სრულიად მიუღებელი“:

„ქართული ოცნების დროს რაღაცა „გამოვარდა“, სხვებზე გამიგია, სწორედ იმის გამო, რომ ვიღაც ნაძირლებმა ეს გააკეთეს. ჩემ დროს ამას ვერავინ ვერ გააკეთებდა, იქვე დავსჯიდით იმ ადამიანს“, – თქვა სააკაშვილმა.

„რუსეთის აგენტის ეპიზოდი“

ექსპრეზიდენტმა ასეთი ისტორია გაიხსენა: „2006 თუ 2007 წელს მითხრეს, რომ სპეცსამსახურებმა იტრაბახეს, რომ გადაიღეს რუსეთის დაზვერვის აგენტის და დიპლომატის პირადი ცხოვრების კადრები“.

„სასწრაფოდ დავიბარე [შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო] მერაბიშვილი და ვუთხარი, გავიგე, რომ ასეთი რაღაცა არის. მესმის, რომ გგონიათ, ეს მაგარი საქმე გააკეთეთ, მაგრამ გაანადგურეთ ეს კადრები დაუყოვნებლივ და ჩვენ არასოდეს მტრებსაც კი არ ვუღებთ, – და მტრები იყვნენ ესენი, რა თქმა უნდა, – პირადი ცხოვრების კადრებს“.

„იპოვეთ სხვა საშუალება მათზე ზემოქმედების, მაგრამ პირადი ცხოვრება ჩემი მმართველობის დროს რუსეთის ჯაშუშების მიმართაც არ იქნება გამოყენებული“, – ამბობს სააკაშვილი.

„მოსადის“ აგენტის ეპიზოდი

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ასევე იყო მეორე მსგავსი შემთხვევა, როდესაც საქმე მოსადის აგენტს ეხებოდა (ისრაელის მოსადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა):

„ისრაელის მოსადის წარმომადგენელი გავაგდეთ, რადგან  გადაუღო ისრაელის კონკურენტის, ერთ-ერთი სხვა ქვეყნის, დიპლომატს… მოსადის წარმომადგენლობა დავხურეთ და მისი წარმომადგენელი გავაგდეთ, რადგან გადაუღეს ისრაელის მოწინააღმდეგე ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატს ქობულეთში, სასტუმროში, პირადი ცხოვრების კადრები. შეუგზავნეს ქალები და გადაუღეს“.

„ეს რომ გავიგე, … [მაშინვე ვთქვი], აბა, ახლა დაახვიოს აქედან. იმის მიუხედავად, რომ ისრაელთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვქონდა, იმის შემდეგ რამდენიმე წელი მოსადის წარმომადგენლობა დახურული იყო საქართველოში“, – თქვა სააკაშვილმა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ისრაელის საელჩოს საქართველოში საპასუხო კომენტარის მისაღებად, თუმცა საელჩოში გვითხრეს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.


2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სახელმწიფო პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიზუალურ ინფორმაციას რეგულარულად აგროვებდნენ სხვადასხვა ადამიანზე, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი