საზოგადოება

“ნდობა ქალებს, უნდობლობა მოძალადეებს” — ქალთა სოლიდარობის მარში თბილისში

3 აპრილი, 2023 • 2283
“ნდობა ქალებს, უნდობლობა მოძალადეებს” — ქალთა სოლიდარობის მარში თბილისში

“ნდობა ქალებს, უნდობლობა მოძალადეებს” — ეწერა ბანერზე, რომლითაც ქალთა სოლიდარობის მარშის მონაწილეებმა თბილისის ცენტრალური ქუჩები გაიარეს.

დემონსტრაციას ჩაგვრის, ძალადობის, უთანასწორობისა და ტერორის წინააღმდეგ შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები. აქციაზე სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც მივიდა.

სხვადასხვა შინაარსის შეძახილებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან დაიწყეს, გაიარეს მტკვრის მარცხენა სანაპირო და საბოლოოდ, დედაენის ბაღში მოიყარეს თავი.

“თავისუფლება და თანასწორობა ქალებს!”; “გაემიჯნე მოძალადეს და არა მსხვერპლს!”; “აჯანყდი!”; “ვერ გაგვაჩუმებთ!”; “ჩვენ მოვითხოვთ სამართალს და არა შურისძიებას!” — ეწერა ტრანსპარანტებზე.

თბილისში ქალთა მარში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც არაერთმა ქალმა პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელეარხის, POSTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.

აქციას წინ უძღოდა კამპანიაც თათია სამხარაძის წინააღმდეგ, რომელმაც რამიშვილს ჯერ კიდევ 2016-2018 წლებში მოუგო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმე ორი ინსტანციის სასამართლოში.

“მმართველი პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია უკვე ღიად და საჯაროდ არის ჩართული ქალთა დემორალიზების, დეჰუმანიზების, დამცირების და გაჩუმების ხელშეწყობაში.

სექსუალური და ფსიქოლოგიური შევიწროების წინააღმდეგ ამხედრებულ ქალებს ღირსების შემლახავ პროპაგანდას უპირისპირებენ და ჰგონიათ, დაშინებით და ტერორით გატეხენ იმ ქალებს, ვინც ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ”, — ამბობდნენ აქციის ორგანიზატორები.

დედაენის ბაღში შეკრებილ დემონსტრანტებს 2 აპრილს სიტყვით არაერთმა ქალმა მიმართა. მათ შორის იყვნენ როგორც რამიშვილის მამხილებლები — მაკო ჯაბუა, ანანია გაჩეჩილაძე და თათია სამხარაძე, ისე ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ბესელია, რომელთაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის კუთხით პირად გამოცდილებაზე ილაპარაკეს.

ქალთა სოლიდარობის მარშზე შეკრებილებს ორგანიზატორებმა 4 ძირითადი მოთხოვნაც გააცნეს:

  1. სამართალდამცავმა სისტემამ მოახდინოს ეფექტიანი, დროული და ობიექტური რეაგირება ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, შევიწროების ნებისმიერი გამოვლინების მიმართ; უზრუნველყოს დროული და მიუკერძოებელი გამოძიება, დამნაშავეთა დასჯა, მსხვერპლთა რეაბილიტაცია და რეპარაცია;
  2. დაიწყოს ყველა შესაძლო პირის მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების, ცრუ დასმენებისა და ადევნების მუხლებით ადეკვატური გამოძიება;
  3. საქართველოს მთავრობა და პარლამენტის წევრები საჯაროდ გაემიჯნონ ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და მიიღონ დისციპლინარული ზომები იმ პარლამენტარების თუ საჯარო მოხელეთა მიმართ, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას და შევიწროებას ახალისებენ;
  4. საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა ზომა, რათა სრულად შესრულდეს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროინტეგრაციის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში არსებული ვალდებულება, რომელიც გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობისკენ არის მიმართული. საჯაროდ მიაწოდოს საზოგადოებას ამ ვალდებულებათა შესრულების შესახებ ინფორმაცია.

2 აპრილის დემონსტრაციის მოთხოვნების მთავარი ადრესატის — სახელმწიფოს არცერთ შტოს, გარდა პრეზიდენტისა, სამხარაძისა და სექსუალური შევიწროების შესახებ საჯაროდ მოსაუბრე სხვა ქალებისადმი მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.

მეტიც, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შეტევა მიმდინარეობს და ის უნდა შეწყდეს.

“…ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით გამეორებით ეძალადება. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება. გრცხვენოდეთ უნდა”, — დასძინა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი