ახალი ამბები

ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა

21 აპრილი, 2020 • 4630
ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა

“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ ტვ “პირველის” გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია დღეს, 21 აპრილს ავრცელებს.

“მისი მოსვლა ტვ “პირველისთვის” უდიდესი შენაძენია, ძალიან დიდი შენაძენი, და მიხარია, რომ ის დღეიდან უკვე ჩვენი გუნდის წევრია. არხის მთავარ პროდუსერობასთან ერთად, რასაკვირველია, ის სულ მალე შემოგთავაზებთ საავტორო გადაცემასაც, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამორჩეული და ზესაინტერესო იყო ხოლმე და, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, უკვე ახალი შემართებით”, – წერს ინგა გრიგოლია პირად ფეისბუკ-გვერდზე.

ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის ინფორმაციით, ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში შაბათობით გავა.


“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ ტელეარხი რამდენიმე დღის წინ დატოვა. სამსახურის დატოვების შესახებ მან 20 აპრილს თავად დაწერა ფეისბუკზე. ჯერჯერობით უცნობია მიზეზები, რის გამოც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. ნეტგაზეთი შეეცდება ამის გარკვევას.

ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” მუშაობა ნიკა გვარამიას დირეტორობის დროს დაიწყო, მოგვიანებით კი ამავე ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აღსრულდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გახდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ახალმა მენეჯმენტმა დაახლოებით ერთ თვეში, 20 აგვისტოს, ტელეარხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის სხვა ჟურნალისტები.

“რუსთავი 2-დან” გათავისუფლებიდან მალევე ნიკა გვარამიამ “მთავარი არხი” დააფუძნა, სადაც “კურიერის” მთავარ სახეებთან ერთად ნოდარ მელაძემაც დაიწყო მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი