ახალი ამბები

ტვ „პირველი“ დიანა ტრაპაიძემაც დატოვა

15 ივნისი, 2020 • 2636
ტვ „პირველი“ დიანა ტრაპაიძემაც დატოვა

ტელეკომაპნია „პირველი“ სხვა ჟურნალისტებთან ერთად დიანა ტრაპაიძემაც დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება საკუთარ ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

„დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ,“ – წერს ტრაპაიძე.

ტრაპაიძე არ განმარტავს წასვლის მიზეზებს, თუმცა ამბობს:

„ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.  პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან,“.

მანამდე ტელეკომაპნია „პირველი“ წამყვანებმა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეარხი დატოვეს. ამის შესახებ მათ, 12 ივნისს, პირდაპირ ეთერში განაცხადეს. ტელეარხი მათთან ერთად დატოვეს ამავე გადაცემის პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა.

“მიზეზი არხის განვითასრების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები არ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებზებზე”, – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ჟიჟილაშვილმა და სანაიამ ტვ “პირველი” გუნდთან ერთად დატოვეს


21 აპრილს ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ამის შემდეგ, მთავარი არხიდან ტვ “პირველზე” კიდევ ექვსი ჟურნალისტი გადავიდა.

პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი “ტვ პირველის” საინფორმაციოს აღარ უღელმძღვანელებდა. წასვლის მიზეზები ჟიჟილაშვილმა ასე განმარტა: “საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით”.

პირველ მაისს გრიგოლია ”ნეტგაზეთს” ეუბნებოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნინო ჟიჟილაშვილის ახალი გადაცემა და ტელეკომპანიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესი იყო, საინფორმაციო სამსახურსს კი თავად უხელმძღვანელებდა.

6 ივნისს ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად პროფესიული და ოჯახური ინტერესების “შეჯახება” დაასახელა. მას არ დაუკონკრეტებია დეტალები. ის ამბობს, რომ არხზე რჩება და საკუთარ გადაცემას გააგრძელებს.

6 ივნისს არხის დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა გრიგოლიას განცხადების შემდეგ თქვა, რომ ტელევიზიის გენერალური დირექტორი კვლავ თავად იქნება. ამ დრომდე უცნობია ვინ გახდა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი