ახალი ამბები

რატომ დაიძაბა სააკაშვილისა და კალაძის ურთიერთობა

8 სექტემბერი, 2021 • 3799
რატომ დაიძაბა სააკაშვილისა და კალაძის ურთიერთობა

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ველში გამოჩენამდე, – სანამ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდებოდა და მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდებოდა, – ღიად აქებდა სააკაშვილის მმართველობას.

წლების შემდეგ სააკაშვილი და კალაძე იხსენებენ იმ პერიოდს, როდესაც დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკებს ჯერაც არ წარმოადგენდნენ და გარკვეულწილად ახლო ურთიერთობაც ჰქონდათ. რა იყო მათ შორის წყალგამყოფი? ორივე მათგანი სხვადასხვა მიზეზს ასახელებს:

კალაძის თქმით, გადამწყვეტი იყო მისი მხრიდან სააკაშვილის რეჟიმის საჯარო კრიტიკა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სააკაშვილი კი აცხადებს, რომ კალაძეს ენმ-ის მთავრობის მიმართ პრეტენზიები გაუჩნდა პირადი ინტერესების გამო, კერძოდ კი არსენალის მთასთან დაკავშირებით.

„ნეტგაზეთმა“ მათი პოზიციები შეაჯამა და სიმართლის დასადგენად მედიის საარქივო მასალებს გადაავლო თვალი.

ინგა გრიგოლიას ძველი ეთერი

2021 წლის 7 სექტემბერს ტვ „პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ძველი, 2007 წლის ეთერი გაახსენა:

ეს 2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის შემდგომი პერიოდია, როდესაც სააკაშვილი უკვე გადამდგარია პრეზიდენტის პოსტიდან, ამავე დროს კი, უკვე ხელახალი პრეზიდენტობის კანდიდატია.

„რუსთავი 2-ზე“, გადაცემა „პრაიმტაიმში“, ინგა გრიგოლიას სტუდიაში სტუმრად ჰყავს მიწვეული მიხეილ სააკაშვილი, დარბაზში კი კახი კალაძეც იმყოფება.

კალაძე, – მას შემდეგ, რაც საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ, სააკაშვილის მმართველობისას, მიღწეულ პროგრესს შეაქებს, – ახსენებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიების საქმეს, რასაც სააკაშვილის მთავრობის „შეცდომად“ მოიხსენიებს.

უფრო ზუსტად, გრიგოლიას კითხვაზე პასუხად, რა არის ენმ-ის წარმატებები და შეცდომები,კალაძე ჰყვება, როგორ ახსოვს სსრკ-ის დაშლისას და შემდეგ შიდა ომებით, 9 აპრილით და სხვა მოვლენებით „დაშლილი საქართველო“:

„საზარელი პერიოდი, უშუქობა, საჭმელი არა, გაზი არა, ხალხის გასაჭირი… ჰოდა, ამ ბოლო 4 წელში კი, დაუნახავი უნდა იყო, რომ ვერ დაინახო ის, რაც გაკეთდა“, – ამბობს კალაძე.

„კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, კიდევ ბევრს გააკეთებენ, რაშიც დარწმუნებული ვარ“, – ამბობს იგი.

ენმ-ის შეცდომებზე დასმულ კითხვაზე თავდაპირველად თავს იკავებს პასუხისგან და ამბობს, რომ „შეცდომები იყო, არ არსებობს მთავრობა, რომელსაც შეცდომები არ ჰქონდეს“, დამაზუსტებელ კითხვაზე კი უპასუხებს:

„არ ვიცი, ახლა, კონკრეტულად, შეიძლება ის გამოუძიებელი საქმეები… გამოუძიებელი არა, მაგრამ კონკრეტულად მაინც არ იქნა გახსნილი, თუგინდ გირგვლიანის მკვლელობა. შეიძლება ეს იყოს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ფარდა აეხდება ყველაფერს და ყველაფერი გაირკვევა. და დანარჩენი, როგორც გითხარით, შეცდომები თითოეულ ადამიანს გვაქვს. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს. და მით უმეტეს, მთავრობა“.

„მედროვე“ – სააკაშვილი კალაძეზე

2021 წლის 7 სექტემბერს ინგა გრიგოლიამ სააკაშვილს ჰკითხა, ამ გადაცემის, – შესაბამისად, გირგვლიანზე კალაძის კომენტარის, – შემდეგ გაიყო თუ არა მისი და კალაძის გზები, თუ ამას რაიმე სხვა მიზეზი ჰქონდა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ ახსოვს, კალაძემ „გირგვლიანი ახსენა თუ ვინ ახსენა“. „მე საერთოდ არ ვიმახსოვრებ ასეთ რაღაცებს და, ჯერ ეს ერთი, რომც ეხსენებინა, მერე რა იყო“, – თქვა მან.

ექსპრეზიდენტმა თბილისის მერსა და „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს „ჩვეულებრივი მედროვე“ უწოდა და თქვა:

„მე მასთან პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მქონია, ყოველთვის იყო საშინლად მლიქვნელი, ყოველთვის … მიხრიდა თავს, სულ მეხვეწებოდა… ხან ფეხბურთს მეთამაშებოდა, ხან თავის ლამბორგინიზე „მაკატავებდა“, ერთი-ორჯერ ბათუმში „გამაკატავა““, – თქვა სააკაშვილმა.

„ვაპიპინებინებდი ლამბორგინიზე“ – კალაძე

კალაძემ იმავე დღეს უპასუხა სააკაშვილს. „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად კალაძემ განაცხადა:

„კი, ვაპიპინებინებდი ლამბორგინიზე, თუმცა ისიც მითხრეს, რომ არ ახსოვს … არ დაიმახსოვრა გირგვლიანთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია“. კალაძის თქმით, გირგვლიანის ეპიზოდი „მართლა ძალიან მძიმე იყო“:

„მე არასდროს მოვრიდებივარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სპორტით ვიყავი დაკავებული. ყოველთვის, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდი, თუ რამე კარგი კეთდებოდა ჩემ ქვეყანაში, და მიხაროდა. და ასევე ვსაუბრობდი იმ ნეგატიურ და პრობლემურ საკითხებზე, რაც მაწუხებდა მე და რაც აწუხებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – აცხადებს ახლა კალაძე.

კახი კალაძე. ფოტო არქივიდან

„შესაბამისად, ძალიან არ ესიამოვნათ ის, თუ რაზე გავაკეთე მაშინ აქცენტები და იქიდან დაიწყო მაშინ პრობლემები“, – ამბობს თბილისის მერი.

სააკაშვილი ამბობს, რომ ყოფილ მმართველ გუნდთან კალაძეს „ურთიერთობა დაეძაბა და გადაბარგდა ივანიშვილის მხარეს“ არსენალის მთის ამბების გამო, და არა აღნიშნული ეთერის გამო, რაც არც ახსოვს.

კალაძე კი არსენალის მთასთან დაკავშირებით პრობლემებს სწორედ აღნიშნულ ეთერს უკავშირებს: „ზუსტად მაშინ მოხდა იმ არსენალთან დაკავშირებით… ჩვენ საინვესიტიციო ვალდებულება რაც გვქონდა აღებული, დაიწყეს პრობლემების შექმნა“.

არსენალის მთა

არსენალი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთი უბანია, რომელიც რკინიგზის გადაღმა მდებარეობს. ის გაშენებულია ჩუღურეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მთაზე. სწორედ ეს მთა არის არსენალის მთა.

არსენალის უბანი XIX საუკუნეში წარმოიქმნა, სახელი კი მას შემდეგ ეწოდა, რაც 1870 წელს სამხედრო არსენალი ღუნიბის მოედნიდან (ანუ ახლანდელი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან) მტკვრის მარცხენა მხარეს, ჩუღურეთში გადაიტანეს.

საბჭოთა პერიოდში ტერიტორია სახელმწიფოს ეკუთვნოდა; 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არსენალის ტერიტორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, ხოლო მოგვიანებით ტერიტორიის ნაწილის პრივატიზება მოხდა.

კალაძის ინტერესი არსენალის მთაზე

როგორც „ნეტგაზეთი“ ადრეც წერდა, კალაძის კომპანიამ არსენალის მთაზე 2007 წელს შეიძინა 78 ჰექტარი მიწა 38 მილიონ აშშ დოლარად. ეს კომპანია იყო „კალა კაპიტალის“ შვილობილი, „არსენალ დეველოპმენტი“. მას მრავალფუქნციური კომპლექსი უნდა აეშენებინა.

როგორც სააკაშვილი იხსენებს, კალაძემ, რომელიც ამ ბიზნესს ენმ-ის პერიოდში პრემიერ-მინისტრთან, ზურაბ ნოღაიდელთან აკეთებდა, აიღო ვალდებულება, რომ ინვესტიცია განეხორციელებინა.

ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელი. ამჟამად იგი ბიზნეს სფეროში საქმიანობს.

„ნეტგაზეთის“ არქივის თანახმად, კალაძემ 19 მილიონი პირველივე წელს გადაიხადა, თანხის ნაწილი კი 2008 წლის ბოლომდე უნდა დაეფარა. თუმცა „არსენალ დეველოპმენტმა“ ვადაში ჩატევა ვერ მოასწრო, რის მიზეზადაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დაასახელა.

კომპანია ვალდებულებების შესრულების გადავადებას რამდენიმე წლით ითხოვდა, სახელმწიფო ამას არ დათანხმდა, შედეგად კი, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის „არსენალ დეველოპმენტს“ ყოველდღიურად 19 ათას-დოლარიანი ჯარიმა ერიცხებოდა.

სხვაობა ვერსიებში

სააკაშვილი ამჟამად ამბობს: „მერე [კალაძემ] ეს ფული აღარ ჩადო. ნოღაიდელთან ერთად აკეთებდა ამ ბიზნესს, ყოფილ პრემიერთან ერთად. და მერე თქვა, მოდით, ახლა უფასოდ მომეცითო. თუ რაღაც ისეთ პირობებს ითხოვდა, რაც პრაქტიკულად უფასოდ მიცემა იყო“, – ამბობს სააკაშვილი.

„ამაზე მიიღო უარი. ამის შემდეგ გაბრაზდა, გაიქცა ივანიშვილთან, რომელმაც რაღაც კაპიკები მისცა. მერე ამ კაპიკებისგან ბევრი ფული გააკეთა. ეგ იყო მთელი ისტორია მასთან ურთიერთობის დაძაბულობის. თავის პირადი ინტერესი, რაც მე მახსენდება“, – ამტკიცებს იგი.

„ნამდვილად არანაირი დაძაბულობა მასთან არ მქონია მანამ, სანამ ეს მომენტი იყო, ოღონდ მაშინაც ჩემზე არ ყოფილა „აკრეფილი“, „აკრიფა“ ეკონომიკის სამინისტროზე თუ მაშინდელ პრემიერზე“, – თქვა 7 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა.

„მეც ძალიან გამიკვირდა, რომ გადაბარგდა ივანიშვილთან. და რომ მოვიკითხე, ეს პრობლემა ჰქონდაო, ითხოვდა არსენალის მთის უფასოდ მიცემასო. ეგაა და ეგ“, – ამბობს იგი.

კალაძე და ივანიშვილი

კალაძის თქმით, „სააკაშვილი კი ამბობს, რომ თვითონ არაფერ შუაშია და ეკონომიკის მინისტრი იღებდა გადაწყვეტილებებს“, თუმცა ამის არ სჯერა:

„ვის სჯერა ამის? ბავშვი აქ არავინ არ არის. ასეთ გადაწყვეტილებებს მის გარეშე ვერავინ ვერ მიიღებდა, მით უმეტეს, მაშინ. რა თქმა უნდა, ეს იყო შურისძიება [გირგვლიანზე კომენტარის]“.

კალაძე ასევე ამბობს: „უნდა აღვნიშნო, რომ მაშინ პოლიტიკაში არ ვიყავი, სპორტით ვიყავი დაკავებული, არც ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობდი. უბრალოდ, მქონდა გაგონილი, რომ იყო ქველმოქმედი და ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა. ბიძინა ივანიშვილი მე გავიცანი 2011 წელს, სანამ მივიღებდი გადაწყვეტილებას პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. მანამდე არანაირი შეხება არ მქონია არასდროს“.

კალაძე ივანიშვილს პირველად 2011 წლის 8 ნოემბერს შეხვდა, როდესაც ნაკრების კაპიტანი იყო, შეხვედრის შემდეგ კი დაწერა, რომ მათი „ღირებულებები და მიდგომები ერთმანეთს სრულიად ემთხვევა“.

მან ივანიშვილის მხარდამჭერი წერილი რამდენიმე კვირით ადრე გამოაქვეყნა: „ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და, როგორც ერთი რიგითი ქართველი, მიგულეთ თქვენ გვერდით“.

საბოლოოდ კალაძემ 2011 წლის 11 დეკემბერს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ნაკრებს ტოვებდა.

ამას კი კიდევ ერთი ეპიზოდი უძღოდა წინ:

დემეტრაძის ეპიზოდი

2010 წლის ივლისში ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს ფეხბურთელი, ნაკრების ყოფილი წევრი, გიორგი დემეტრაძე, რომელიც კალაძის მეგობარი იყო.

მალევე, 13 ივლისს, კალაძემ, ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად, საჯაროდ მიმართა სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს და პატრიარქ ილია II-ს.

მიმართვაში კალაძე ამბობდა, რომ დემეტრაძე 16 წლის ასაკიდან იყო ფეხბურთში და ბევრ წარმატებას მიაღწია, მრავალჯერ ასახელა თავისი ქვეყანა, გამოირჩეოდა შრომით, დისციპლინით და პატიოსნებით:

„ჩვენ ვხედავთ და დადებითად ვაფასებთ კორუფციასთან და შავ სამყაროსთან სახელმწიფოს ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ ეს დადებითად აისახება მომავალი თაობის სწორად ფორმირებაში, მაგრამ, ამასთან ერთად, უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ გიორგი დემეტრაძის ღვაწლი და თავდადება ქართულ ფეხბურთში“.

დემეტრაძეს პატიმრობა მიუსაჯეს.

2011 წლის ნოემბერში, ნაკრებიდან წასვლისა და „ოცნებასთან“ შეერთების შემდეგ, კალაძემ თავისი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს საქმე დაასახელა:

„მე არ მქონდა მორალური უფლება, ნაკრებში კიდევ რამოდენიმე წელი მეთამაშა, როდესაც ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე ყოვლად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებით ციხეში ზის უკვე მეორე წელია და მე, მისმა მეგობარმა, სამართალი ვერ ვიპოვე“.

დემეტრაძემ საპატიმრო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წელს დატოვა პოლიტპატიმრის სტატუსით.

მოგვიანებით მან კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი