ახალი ამბები

ჟიჟილაშვილმა და სანაიამ ტვ “პირველი” გუნდთან ერთად დატოვეს

12 ივნისი, 2020 • 3248
ჟიჟილაშვილმა და სანაიამ ტვ “პირველი” გუნდთან ერთად დატოვეს

ტვ “პირველის” წამყვანებმა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეარხი დატოვეს. ამის შესახებ მათ დღეს, 12 ივნისს, პირდაპირ ეთერში განაცხადეს. ტელეარხი მათთან ერთად დატოვეს ამავე გადაცემის პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა.

“ეს იყო პოლიტმეტრის ბოლო გადაცემა ტვ “პირველზე”, – ასე მიმართა მაყურებელს ვახო სანაიამ და თქვა, რომ ამდენი წელი არცერთ ტელევიზიაში არ გაუტარებია. მისივე განმარტებით, ამოწურულია არხთან თანამშრომლობის რესურსი.

სანაიასა და ჟიჟილაშვილთან ერთად არხს ტოვებენ “პოლიტმეტრის” პროდიუსერი გიორგი დარჩაშვილი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ხატია შამანაური, წამყვანი გიორგი კიკაბიძე, პროდიუსერი მიხო კოტეტიშვილი, წამყვანი და ჟურნალისტი სოფო მაისურაძე.

“მიზეზი არხის განვითასრების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები არ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებზებზე”, – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

მან ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც ჟურნალისტებთან ერთად გაიარა ამ არხზე.

“ჩვენ თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას ამ არხზე, რაც, სამწუხაროდ, ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის და გემოვნების, ასევე ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით ტვ პირველზე ხდება. არ მოგვწონს და ვერაფერს ვცვლით”, – დასძინა ჟიჟილაშვილმა და მადლობა გადაუხადა ყველას, მათ შორის დამფუძნებელსა და კოლეგებს, რომლებმაც ამდენი წლის განმავლობაში მათ მუშაობის საშუალება მისცა.

ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ ასევე აღნიშნეს, რომ მაყურებელი “პოლიტმეტრს” აუცილებლად იპოვის სხვა სივრცეში, თუმცა სად, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.


21 აპრილს ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ამის შემდეგ, მთავარი არხიდან ტვ “პირველზე” კიდევ ექვსი ჟურნალისტი გადავიდა.

პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი “ტვ პირველის” საინფორმაციოს აღარ უღელმძღვანელებდა. წასვლის მიზეზები ჟიჟილაშვილმა ასე განმარტა: “საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით”.

პირველ მაისს გრიგოლია ”ნეტგაზეთს” ეუბნებოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნინო ჟიჟილაშვილის ახალი გადაცემა და ტელეკომპანიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესი იყო, საინფორმაციო სამსახურსს კი თავად უხელმძღვანელებდა.

6 ივნისს ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად პროფესიული და ოჯახური ინტერესების “შეჯახება” დაასახელა. მას არ დაუკონკრეტებია დეტალები. ის ამბობს, რომ არხზე რჩება და საკუთარ გადაცემას გააგრძელებს.

6 ივნისს არხის დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა გრიგოლიას განცხადების შემდეგ თქვა, რომ ტელევიზიის გენერალური დირექტორი კვლავ თავად იქნება. ამ დრომდე უცნობია ვინ გახდა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი