ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოება

ჰომოფობია და ჰომოსექსუალობა, როგორც იარაღი წინასაარჩევნოდ – ინტერვიუ ეკა აღდგომელაშვილთან

8 ივნისი, 2020 • 5219
ჰომოფობია და ჰომოსექსუალობა, როგორც იარაღი წინასაარჩევნოდ – ინტერვიუ ეკა აღდგომელაშვილთან

რაზე მიანიშნებს პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებები ლგბტ ადამიანების უფლებებზე არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე? როგორ იყენებდნენ და იყენებენ პოლიტიკოსები ჰომოსექსუალობისა და ჰომოფობიის საკითხებს პოლიტიკური მიზნებისათვის და რა იცვლება ამ კუთხით წლიდან წლამდე? ამ და სხვა თემებზე “ნეტგაზეთი”  “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) წარმომადგენელს, უფლებადამცველ ეკა აღდგომელაშვილს ესაუბრა.

მამუკა ხაზარაძის ორიოდ დღის წინ გაკეთებულ განცხადებები მწვავე კრიტიკის საბაბი გახდა საზოგადოების ნაწილში, თუმცა ამავე პარტიის სხვა რამდენიმე წევრი მის განცხადებას არ აღიქვამენ ჰომოფობიურად. თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ჰომოფობიური მისი განცხადება და ხედავთ თუ არა პრობლემას იმაში, რომ მისივე პარტიის წევრები უკრიტიკოდ იღებენ ლიდერის განცხადებას?

რა თქმა უნდა, პრობლემურია ერთიც და მეორეც: ისიც, რომ განცხადება იყო ჰომოფობიური და ისიც, რომ მისი პარტიის წევრები არ აღიქვამენ მას პრობლემურად. ქრონოლოგიურად რომ წავყვეთ, დაახლოებით 20-22 წელია, პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ წინასაარჩევნოდ ჰომსექსუალობისა და ბოლო პერიოდში ჰომოფობიის საკითხს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის. ქრონოლოგიასა და შინაარსს რომ გავყვეთ, “ლელოს” ლიდერის დღევანდელი განცხადება 8-9 წლის წინანდელ განცხადებებს შეიძლება შევადაროთ, თავისი პათოსით. ვგულისხმობ უმცირესობა-უმრავლესობის დამოკიდებულებაზე და ბრჭყალებში ვამბობ, რაღაცების “თავს მოხვევაზე” რომ ვლაპარაკობთ. პრობლემურია ისიც, რომ ის ფიქრობს, რომ უფლებრივი თანასწორობა არსებობს და ხელოვნურად მიიჩნევს ამ პრობლემებს, რასაც ვაწყდებით დღეს. პრინციპში, რომ შევადაროთ და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს რომ გადავხედოთ, უკვე დღესდღეობით ასეთი პასუხი შეიძლება მხოლოდ ულტრაკონსერვატიული და ნაციონალისტური ჯგუფებისგან მოვისმინოთ. დანარჩენები მინიმუმ თავს არიდებენ ასეთ შეკითხვას, ან უკვე აკეთებენ მხარდამჭერ განცხადებებს.

ბუნებრივია, პარტიაში [ხაზარაძეს] ბევრი ჰყავს არაჩვეულებრივი იურისტიც და ყოფილი უფლებადამცველებიც. ასეთი განცხადებების გავრცელებისას როცა თვლიან, რომ ის პრობლემური არ არის, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნიშა, რომელიც სურს, ამ მოძრაობამ დაიკავოს, მკაფიოდ არის უკვე გამოკვეთილი, პატრიარქისთვის ცხენის ჩუქებით დაწყებული, ასეთი ტიპის განცხადებებით დამთავრებული.

ლოგიკურად, არანაკლებ საინტერესო არის ისიც, რომ ეს პრობლემა დღემდე არ კარგავს აქტუალობას: ჰომოფობია და ჰომოსექსუალობა კვლავ პოლიტიკური სპეკულაციის საკითხად რჩება. რა თქმა უნდა, დისკურსი შეიცვალა და ჰომოსექსუალობა პრობლემა აღარ ხდება, არამედ ჰომოფობია ხდება ოპონენტის მარგინალიზაციის საშუალება. აქამდე პირიქით იყო. 

მაგრამ ამ ყველაფერში ცუდი ის არის, რომ საკითხი ისევ მყარად არის მიბმული დასავლეთზე. ყოველ შემთხვევაში, ნარატივს რომ წავყვეთ, ასე ახდენს თავისი პოლიტიკური იდენტობის, როგორც პროდასავლური ძალის ფორმირებას ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი ისევ ტრადიცია-მართლმადიდებლობის დაცვის ნარატივს მიჰყვება. ხელოვნურად ხდება ამ საკითხით პროდასავლურ და პრორუსულ ძალებად დაყოფა.

კვლევა აჩვენებს, რომ ჰომოფობიური განწყობების მიბმა გეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან არის ძალიან პრობლემური ჩვენს ქვეყანაში. ეს კვლევა 4 წლის წინ არის ჩატარებული და მაშინ ძალიან ძლიერი იყო რუსული პროპაგანდა, რომელშიც ჰომოსექსუალობა პირდაპირ გამოიყენებოდა ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად. ეკლესიაც და მაშინდელი პოლიტიკური ოპოზიციაც ინტენსიურად იყენებდა ამ ენას. 

კვლევამ აჩვენა, რომ მკაფიო კავშირი არ არსებობს გეოპოლიტიკურ ორიენტაციასა და ჰომოფობიას შორის. მათ შორის, ვინც, ვთქვათ, ამერიკასთან და ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობების მომხრე იყო, ჰომოფობებისა და არაჰომოფოების თანაფარდობა თითქმის იმდაგვარი იყო, როგორიც ევრაზიულ კავშირთან ახლო ურთიერთობის მომხრეთა შორის. ყოველ შემთხვევაში სხვაობა არ იყო მნიშვნელოვანი. ასე რომ, ამ საკითხის პროდასავლურობასა და პრორუსულობაზე მიბმა პრობლემაა იმ თვალსაზრისით, რომ შინაარსობრივად გამოდის, რომ ის ისევ საზოგადოების დაპირისპირების/გახლეჩის საგანი ხდება. ეს არ აისახება ელექტორატის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე, მაგრამ აძლიერებს ჰომოფობიას; აძლიერებს საზოგადოებაში პოლარიზაციას და ჯგუფის მიმართ განწყობები ისევ ნეგატიური რჩება. 

საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზევე შეფასდა, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ფონზე. აი, ეს ორი საკითხია, რომელიც განწყობების თვალსაზრისით ყველაზე პრობლემურია ქვეყანაში. ამ შემთხვევაშიც უნდა განვასხვაოთ დამოკიდებულება ლგბტ თემის წევრებისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ: ის ადამიანებიც კი, რომლებიც ნაკლებად მტრულად არიან განწყობილნი თვითონ ჯგუფის წევრთა მიმართ, შეიძლება, ეწინააღმდეგებოდნენ ასეთი ტიპის ცვლილებებს, მაგალითად, ქორწინების ან შვილად აყვანის უფლებას.

ანუ, ისევ და ისევ, უფლებრივი თანასწორობა განიხილება “პრივილეგიად”. ადამიანები აღიქვამენ ასე, რომ პრივილეგიებს ითხოვენ და არა სხვა მოქალაქეების თანასწორ უფლებას. ეს ხდება მაშინ, როდესაც, მაგალითად, გამოსვლის უფლებაზეა ლაპარაკი, ან ქორწინებისა და პარტნიორობის უფლებაზე.

თუ სიღრმეში ჩავყვებით, სხვა მდგენელები აქვს ამ ყველაფერს, რაც პოლიტიკისაგან შორს დგას. მაგალითად, განსხვავება ქორწინების აღქმას შორის ჩვენთან და დასავლეთში. ჩვენთან მას არ აქვს ასეთი იურიდიული დატვირთვა, რომელიც აწესრიგებს რაღაც საკითხებს და ვალდებულებებს სძენს ადამიანს: დასავლეთში ეს აისახება გადასახადებზე, ბავშვებთან მიმართებით პასუხისმგებლობის განაწილებაზე, მემკვიდრეობის საკითხებზე, პარტნიორის ჯანმრთელობაზე და ა.შ. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენთან იურიდიულად კი არა, საზოგადოების აღქმაში არ არის ასეთი ქორწინება. მას უფრო სხვა დატვირთვა და დანიშნულება აქვს. 

თუ აკვირდებით ხაზარაძის განცხადებებზე სხვა პარტიების გამოხმაურებას? რამდენად იყო ეს საკმარისი, თავისი შინაარსით და ფორმებით? არის თუ არა საკმარისი განცხადებები მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან და არა, მაგალითად, პარტიების სახელით?

ამაშია პრობლემა: როგორ ხდება, მაგალითად, დღეს უკვე ჰომოფობიის გამოყენება ოპონენტის მარგინალიზაციისა და მარკირებისათვის. საქმე ის არის, რომ ცალკეული ადამიანები ყველა პარტიაში შეიძლება მოიპოვებოდნენ, რომლებიც ნამდვილად არ არიან ჰომოფობები. ასეთები არიან “ლელოშიც”, სხვაგანაც და ხელისუფლებაშიც. თუმცა, რაოდენობრივად ასეთი ადამიანები არ არიან იმდენი, რომ მათ შეეძლოთ პარტიების შიგნით რეალობის შეცვლა. როდესაც რეალური პოლიტიკური ნების გამოვლენაზე მიდგება ხოლმე საქმე, მერე უკვე სხვანაირად ხდება. 

მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონის შემთხვევაში, ერთი მოწინააღმდეგე იყო, მგონი, უმრავლესობით მიიღეს. შემდგომ, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, იმავე პარლამენტარებმა, რომელთაც ხმა მისცეს კანონს, დაიწყეს კანონპროექტზე მუშაობა, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის პირველი მუხლიდან, სადაც საფუძვლებია ჩამოთვლილი, ამოღებული ყოფილიყო სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. 

ასე რომ, არათანმიმდევრულობაა პრობლემა. ეს პარტიების პოზიცია კი არ არის, ცალკეული ადამიანების პოზიციაა. ამიტომაც ვამბობ, რომ დღემდე ეს უფრო სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და ნაკლებად იქნება რეალური ცვლილების მაჩვენებელი. სანამ სხვას დაამუნათებ, სჯობს, საკუთარ პარტიაში მიხედო ჰომოფობიას. სექსიზმიც და ჰომოფობიაც რომ პრობლემაა დღევანდელ პოლიტიკაში, ეს ხან სად გამოჟონავს და ხან სად. სულ ახერხებენ, რომ გამოაფრქვიონ თავიანთი დამოკიდებულებები. 

ვიცით, რომ თქვენ ბევრი წელია აკვირდებით ჰომოფობიის საკითხებს არჩევნების პერიოდში. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჰომოფობიური განცხადებები აღარ აღიქმებოდეს მომგებიან გზავნილად არჩევნების წინ და სხვა დროს? გვაქვს თუ არა რაიმე უკეთესობა ამ მიმართულებით გასულ წლებთან შედარებით?

თავისთავად პრობლემურია ორივე საკითხის – ჰომოსექსუალობისა და ჰომოფობიის გამოყენებაც – ამ წინასაარჩევნო პერიოდში, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების მიზანი ახლა ეს არის: ელექტორატის მობილიზება, მაქსიმალური პოლარიზება, გამოყოფა სხვებისაგან…ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს ჰომოფობიური განწყობების შემცირებას საზოგადოებაში. პოლარიზაციას იწვევს საზოგადოებაში, თუმცა ამით ეს განწყობები არ მცირდება. რა თქმა უნდა, წინა წლებთან შედარებით შემცირებული იქნება, უბრალოდ, ყველაფერი ეს შემდეგ აისახება ძალადობის ფორმით უშუალოდ ჯგუფის წევრებზე. 

ასევე ძალიან ხშირად ვაკრიტიკებ ამ საკითხებით მანიპულაციას იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან უხეში ჩარევა მიდის [პროცესში] პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მონოპოლია ჰქონდეთ ამ დისკუსიაზე – ჰომოფობიური იქნება თუ მხარდამჭერი. ძალიან ხშირად საკმაოდ უხეშად ერევიან მოძრაობაში, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან სუსტია და აზიანებს ამ პროცესს. 

კიდევ ერთი საკითხი, რაც სიტუაციას ამძაფრებს, არის ის, თუ თავისთავად როგორი მიმართება აქვთ საკითხთან. ძირითადად არიან 17 მაისზე დამოკიდებულნი. ისეთი განცდა მაქვს ხოლმე, წინასაარჩევნოდ ფქვილს და კარტოფილს რომ არიგებენ ხოლმე… ეს თემი ახსენდებათ წინასაარჩევნოდ, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის. 

მეტ-ნაკლებად, თემის ბევრი წევრი გამოჩნდა, რომელიც ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. აღარ არის ისეთი სიტუაცია, როგორიც, მაგალითად, 10 წლის წინ იყო. ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკეთესია, ყურადღება მიმართული იყოს უშუალოდ ამ ჯგუფზე, მთლიანად პოლიტიკოსები იტაცებენ მედიის ყურადღებას და იმ სივრცეს, რომელიც ისედაც ცოტა აქვთ [ლგბტ] ადამიანებს, ისევ პოლიტიკოსები ჭამენ. ესეც პრობლემაა. 

დამატებით, რაც ძალიან გამაღიზიანებელია: როდესაც ამ პროცესში ადამიანებს საკუთარი თავის წარმოჩენა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ადამიანი, თემის წევრი. მაგალითად, ძალიან არ მოსწონს “გირჩს”, როდესაც აი, ამ პროტესტს ახსენებენ ხოლმე და თვითონაც აღიარებენ, რომ მიქარეს თავის დროზე, როცა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და, ასე ვთქვათ, პროტესტი გამოხატეს. რეალურად, ეს არის, როდესაც, მაპატიეთ და, საკუთარი უკანალი უფრო გაინტერესებს, ვიდრე იმ ადამიანთა ყოფა, ვინც მავთულხლართებს იქითაა. პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ კულტურა, რომ აღგიქვან, როგორც სუბიექტი, მოქალაქე ან ჯგუფი, რომელსაც შეიძლება, რაღაც ინტერესები ჰქონდეს და რაღაც საკითხების წამოწევა სჭირდებოდეს. 

იმედია, ჯგუფიც გაძლიერდება და პარტიებიც იძულებულნი გახდებიან, შეცვალონ მიდგომა, რომლის მიხედვითაც შენზე უკეთესად იციან, შენ რა გჭირდება. ისინი სხვა ამომრჩეველსაც ასე ექცევიან და ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ეს არის შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელი.

რა ბერკეტები აქვთ პარტიებს, მათ ლიდერებს,  რომ საზოგადოების ცნობიერების შეცვლაში წვლილი შეიტანონ? რა თქმა უნდა, იმის გადააზრების ფონზე, რომ თემის საჭიროებები თემზე უკეთ ვერ ეცოდინებათ… ასევე საინტერესოა, იმ რეალობაში, რომელშიც ლგბტ თემი დღეს ცხოვრობს აქ, არის თუ არა პოლიტიკოსების მხრიდან  ფრაზა “ძალადობის დაგმობა” საკმარისი? 

რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. უამრავი ადამიანია და მხარდაჭერის გამოხატვა სხვადასხვაგვარად შეიძლება. ერთი ის არის, რომ გარეთ გასვლისას გვერდში დაგიდგეს ან გააკეთოს შესაბამისი განცხადება. მეორე მხრივ, ცვლილებას ადამიანები იქ ვახდენთ, სადაც ვართ. ზოგი ლექტორია, ზოგი ჟურნალისტია… იმ სფეროში, სადაც რაღაცას აკეთებ, შეგიძლია, შეცვალო რაღაც. ქუჩის დონეზე ეს რიტორიკა ქუჩაშივე რჩება. დიდი ხანია, ვუყურებთ ამ რიტორიკას. 

ეს არ ხდება იმ სივრცეში, სადაც უნდა ხდებოდეს. ეს არის პრობლემა. იქ გაატარონ ეს ცვლილებები, იქ იბრძოლონ ამისთვის, სადაც უნდა იბრძოდნენ, სადაც უნდა იყვნენ პოლიტიკოსები. ეს პრობლემაა, რომ ქუჩაშია გამოტანილი… პროცესები, რომლებიც, წესით, უნდა ხდებოდეს სხვაგან, სადაც მართლა უნდა ხდებოდეს ცვლილებები და სადაც საჭიროა მათი აქტიურობა, იქ არ აქტიურობენ. რა თქმა უნდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა. მაგალითად, “რესპუბლიკური პარტია” პირველი იყო, რომელმაც გააკეთა მხარდამჭერი განცხადებები და ამ საკითხით დაინტერესდა ისეთ პერიოდში, როდესაც ეს რეიტინგზე სამუშაოდ არ სჭირდებოდა. ესეც ძალიან გასათვალისწინებელია. დასაფასებელია სხვების გაკეთებული განცხადებები, თუნდაც, ორი კვირის წინ. მაგრამ კონტექსტი უკვე სხვა არის და ამას აღარ სჭირდება ისეთი სითამამე, როგორიც 5 ან 10 წლის წინ სჭირდებოდა. 

ბოლო კვლევა, რაც ჩატარდა დისკრიმინაციისა და ძალადობის გამოცდილების კუთხით, საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ოჯახში ძალადობის გარდა, ლგბტ თემის წევრებისათვის ყველაზე პრობლემურია სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. [კვლევაში მონაწილე] 256 ადამიანიდან ერთს ჰქონდა ნახსენები, ზოგადად, ქორწინება. ესეც ძალიან ნიშანდობლივია. რეალურად, სხვა ტიპის საჭიროებები და პრობლემები არის; მაგალითად, საცხოვრისის პრობლემა, უმუშევრობის პრობლემა… პარტიები ამ თემის შემთხვევაში არსებული პრობლემების კუთხით ისევე შორს დგანან[რეალობისგან], როგორც ზოგადად, ამომრჩევლების უმრავლესობის კუთხით. 

გასულ წლებში ოჯახის საკითხი და მისი განსაზღვრება, მათ შორის, არარსებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების “პრევენცია” არაერთგზის იყო ინსტრუმენტი პოლიტიკოსების ხელში ამომრჩეველთა მხარდაჭერის განსამტკიცებლად. რას ფიქრობთ, წელსაც და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება ეს პრაქტიკა? 

ეს საკითხი არის სრულიად ხელოვნური. გასაგებია, რომ ამ რუსული პროპაგანდის პირობებში ასეთი აქტუალური იყო ამ საკითხის გამოყენება, როცა თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ერთნაირი სცენარით მიდიოდა ეს ანტიდასავლური კამპანიები. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, სამწუხაროდ, განელდება თუ არა რუსული პროპაგანდა, რომ იმედი ვიქონიოთ მისი გავლენის შემცირების მიმართულებით, მაგრამ, ვთქვათ, ცუდი სცენარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად… რეალურად, ასეთი ტიპის სპეკულაციებმა, შესაძლოა, უფრო გააძლიეროს ეს ულტრაკონსერვატიული ჯგუფები. აგერ, გააკეთეს კიდეც განცხადება, რომ პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდათ [“ქართული მარში”]. რეალურად, როგორც ვხედავთ, ერთადერთი რაღაც, რაზეც რეაგირებენ, არის ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები. მთლიანად ამ საკითხზე ააგეს თავიანთი პოლიტიკური იდენტობა ამ გარკვეულმა ჯგუფებმა. 

ცხადია,  პროპაგანდის გავლენა ერთია, მაგრამ საფრთხეები და ის, თუ რა ხდება აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე მნიშვნელოვანია. მართლა ქვეყნის ორბანიზაცია თუ არ გვინდა და არ გვსურს, უნგრეთს დავემსგავსოთ, მეტი შორსჭვრეტელობის გამოჩენაა მნიშვნლოვანი. უბრალოდ, არ ხდება ასე. ამ საკითხის ერთადერთი განზომილება არ არის უფლებრივი განზომილება, ბევრი სხვა განზომილებაც არის. არცერთი მათგანი უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ და არ უნდა შევუწყოთ ხელი მითს, რომ ადამიანის უფლებები არის ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება შენს კულტურას. არ უნდა გავაძლიეროთ ასეთი ნარატივი, თორემ ის ისედაც არსებობს. 

უნდა გამოვიდეთ გეოპოლიტიკურ ჭრილში ამ საკითხის განხილვისას და სხვა ასპექტებსაც მივხედოთ. საზოგადოება კი არ უნდა გავყოთ და ადამიანები ერთმანეთს კი არ უნდა გადავკიდოთ, არამედ პოლარიზაცია შევამციროთ და მომხრეების რაოდენობა გავზარდოთ. უნდა შევძლოთ ეს თანაცხოვრება, რადგან არც ჩვენ გავქრებით და არც საზოგადოების ის ნაწილი არ გაქრება, რომელიც სხვაგვარად არის განწყობილი. ამ საკითხის პოლარიზაციისთვის გამოყენება ნამდვილად არ ეხმარება მის დარეგულირებას. 

სხვა ქვეყნენების გამოცდილება როგორია ამ კუთხით? კონკრეტულად, გეკითხებით სახელმწიფოებზე, სადაც ლგბტ ადამიანების მიმართ სახელმწიფოს მიდგომები ახლო წარსულში, გვიან 90-იან და 2000-იან წლებში შეიცვალა. როგორ იცვლებოდა პოლიტიკოსების რიტორიკა იმ პირობებში, როცა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვაზე საუბარი ჯერ კიდე არაპოპულარულ განცხადებებად მიიჩნეოდა?

დასავლურ გამოცდილებაზე როცა ვლაპარაკობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია კონტექსტი და და ის, თუ რა უძღოდა წინ ამ ცვლილებებს. დასავლეთ ევროპას კიდევ სხვა წინაისტორია აქვს, ამერიკას – კიდევ სხვანაირი. ცვლილებები, რაც მოხდა პოლიტიკაში, ასე უცბად არ მომხდარა. შეიძლება, ჩვენ აქედან ასე გვეჩვენებოდეს, თუმცა მანამდე იქ ძალიან დიდი შრომა გაწიეს.

უბრალოდ, იქ ამ პროცესებს წინ უძღოდა ერთგვარი საზოგადოებრივი კონსენსუსი თუ არა, ღია საუბარი მაინც. საზოგადოება ბევრს საუბრობდა, მსჯელობდა და კამათობდა ამ საკითხებზე. ჩვენთან ამ საკითხს ძალიან ცოტა ხნის წინ აეხსნა ტაბუ. არ გვაქვს ასეთი ძლიერი სამოქალაქო მოძრაობების გამოცდილება, მაგალითად. რაღაცნაირად, ისე მოხდა, რომ სხვა ტიპის საკითხები, მაგალითად,  ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების შემოტანა მაინც NGO-ების მეშვეობით მოხდა, ამან კი გარკვეულწილად გაამძაფრა მითი, რომ, ასე ვთქვათ, ეს არის იმპორტირებული საკითხები და პრობლემები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას არ აქვს.

რაც შეეხება თვითონ ამ საკითხს ევროპის ქვეყნებში, განწყობები განსხვავდება არა მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას, არამედ სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპას შორისაც კი. ეს პროგრესიც, თუნდაც ბოლო 30 წელი რომ ავიღოთ, სხვადასხვანაირია. ზოგან სწრაფია ეს პროცესი, ზოგან ნელა მიდის, ინდივიდუალურია.

რომ შეხედოთ, რა იწვევს შედეგების სხვადასხვაგვარობას თუნდაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, კარგად ნახავთ, რომ მიუხედავად კულტურული მსგავსებისა, მაინც არსებობს განსხვავებული დამოკიდებულებები ზოგადად ოჯახის, სექსუალობისა და გენდერის მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჰომოფობიის მდგენელი. 

მნიშვნელოვანია ამ საკითხების გათვალისწინებაც, როდესაც ჰომოფობიაზე ვსაუბრობთ. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკურ სპეკულაციაზე ან რუსულ პროპაგანდაზე, ეს არის ის, რაც აღვივებს ამ განწყობას. ეს ფობია არსებობს საზოგადოებაში და პოლიტიკოსები იყენებენ მას. ის ცარიელ ადგილზე ვერ აღმოცენდება. ამ ფობიებს თუ არ მიხედა სახელმწიფომ – არ აქვს მნიშვნელობა, ის ჰომოფობია იქნება, ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება თუ სხვა – თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ადამიანები არათანასწორ მდგომარეობაში არიან, ეს ყველაფერი საზოგადოებრივი წესრიგისთვისაც ძალიან პრობლემურია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის შენელებული მოქმედების ნაღმი. ნებისმიერ დროს შეიძლება საზოგადოებაში დაძაბულობა შეიქმნას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც, გარე ძალების [პრვოცირებით].

საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი სათემო ორგანიზაციების მხრიდან არც ყოფილა დაყენებული დღის წესრიგში, თუმცა საუბარია სამოქალაქო პარტნიორობის საჭიროებაზე. რომ ავუხსნათ მკითხველს, რაში მდგომარეობს ეს პრაქტიკა და რა სირთულეებს აწყდებიან ერთნაირსქესიანი წყვილები, რომლებიც ვერ სარგებლობენ მისით შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის გამო?

იგივე პრობლემებს შეიძლება აწყდებოდნენ ადამიანები, რომელთაც სხვა ქვეყნებშიც აწყდებიან. საუბარი მაქვს იგივე პრობლემებზე, რომლებიც ვახსენე. ადამიანებს, რომელთაც უნდათ თანაცხოვრება ერთად, გარკვეული ვალდებულებებიც წარმოეშვებათ კანონის წინაშე, როგორც წყვილს. მაგალითად, კანონში პირდაპირ არის განსაზღვრული ადამიანების ის წრე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში პაციენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. 

მაგალითად, არის წყვილი, რომელიც დიდი ხანია, ერთად ცხოვრობს და საერთოდ აღარ აქვს კავშირი არც ბებია-ბაბუასთან, არც მშობლებთან და არც ოჯახის სხვა წევრებთან. ის [ერთ-ერთი პირი წყვილიდან], მაგალითად, კანონის წინაშე არ ჩაითვლება ადამიანად, რომელსაც შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. 

იგივენაირად არის მემკვიდრეობის საკითხი, ქონების გადაცემის თუ ჩუქების საკითხები, ბავშვებზე მეურვეობის საკითხები…ნებისმიერი პრობლემა, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს შეიძლება შეექმნას, ასეთივე პრობლემა შეექმნება [ერთნაირსქესიან] წყვილს. 

გარდა ამისა, ლგბტქი ადამიანებისთვის პრობლემაა, მაგალითად, იმის მტკიცება, რომ ისინი თანაცხოვრობენ.

ბუნებრივია, როდესაც ჰომოფობიური არის გარემო, ეს კიდევ დამატებით ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. არის უამრავი მექანიზმის ნაკლებობა და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი