ახალი ამბები

“გირჩის” აქციაზე დემონსტრანტებმა შარვლები ჩაიხადეს და რუსეთს უკანალი მიუშვირეს

10 ნოემბერი, 2018 • 26499
“გირჩის” აქციაზე  დემონსტრანტებმა შარვლები ჩაიხადეს და რუსეთს უკანალი მიუშვირეს

“გირჩის” ანტისაოკუპაციო აქციაზე დემონსტრანტებმა შარვლები ჩაიხადეს და რუსეთს უკანალი მიუშვირეს.

10 ნოემბერს პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა” გამართა საპროტესტო, ანტისაოკუპაციო აქცია სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის და საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გამყოფ ხაზთან.

სოფელ ატოცში ანტისაოკუპაციო აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე აქტივისტმა ერთდროულად ჩაიწია შარვალი და რუსეთს უკანალი მიუშვირა.

გირჩის ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები სოფელ ატოცში 14:00-დან შეიკრიბნენ. მათ შეუერთდათ მოძრაობა სახელად “რუსეთი ოკუპანტია”.

აქცია უკავშირდება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, 1 კილომეტრიან მონაკვეთზე დე-ფაქტო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების დაწყებას.

აქციის მიზანი, პარტიის თანახმად, იყო ხელისუფლებისკენ მოწოდება, გააორმაგონ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

“სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია სწორედ საკუთრების უფლების დაცვაა, მათ შორის, დაცვა უცხო ქვეყნის აგრესიისგან”, წერდა გირჩი.

“გასაგებია, რომ მოწინააღმდეგე ჩვენზე ბევრად დიდი და ძლიერია, თუმცა ჩვენს მხარესაა სიმართლე და მორალი”, ამბობენ პარტიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი