ახალი ამბები

აქტივისტებმა მერიაში პროტესტის ნიშნად მაისური მიიტანეს, კალაძემ მას ხელი მოაწერა

8 ივნისი, 2020 • 1052
აქტივისტებმა მერიაში პროტესტის ნიშნად მაისური მიიტანეს, კალაძემ მას ხელი მოაწერა

მოძრაობა „შეცვალემ“ დღეს თბილისის მერიაში საპროტესტო პერფორმანსი მოაწყო, რა დროსაც აქტივისტებმა კახა კალაძეს მაისური მიუტანეს.

მაისურს, რომელზეც კალაძისა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოა აღბეჭდილი, სიმბოლური დატვირთვა აქვს. რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში კალაძესა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მათი თქმით, შეხლა-შემოხლისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთ აქტივისტს მაისური გაეხა.

დღეს მისულმა აქტივისტებმა კალაძეს მაისური გადასცეს, რომელზეც ფოტოა ასახული, სადაც კალაძე და სააკაშვილი ერთად არიან გამოსახული.

თბილისის მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კალაძემ მაისურს ხელი მოაწერა, შემდგომ კი აქტივისტებს უკან დაუბრუნა.

კალაძის, აქტივისტებისა და მაისურის ამბავი

რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში სკვერის გახსნაზე მყოფ კახა კალაძესა და მოქალაქეთა ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა.

“მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს სიტყვიერი დაპირისპირება კალაძესა და ორ პირს შორის. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი ადამიანი აცხადებს, რომ მაისური დაუხიეს. თბილისის მერმა მომხდარი პროვოკაციად შეაფასა, რომელიც ორი “თაღლითი ნაციონალის” მიერ იყო დაგეგმილი.

ინციდენტიდან ცოტა ხნის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, კალაძემ უარყო, რომ  აქტივისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა:

“სავარაუდოდ, თვითონ შემოიხია მაისური, ამიტომაც ერთ მაისურს მას, მეორეს კი “მთავარ არხს” გადავცემთ საჩუქრად”, – განაცხადა კალაძემ 6 ივნისს და ჟურნალისტებს აჩვენა მაისური, რომელზეც დატანილი იყო სააკაშვილის ფოტო.

კალაძის მიერ აქტივისტებისთვის გაგზავნილ მაისურზე მიხეილ სააკაშვილი და „შეცვალეს“ ერთ-ერთი აქტივისტი ჩანს.

დღეს კი აქტივისტებმა კალაძეს მაისური მიუტანეს, მიხეილ სააკაშვილთან თავად კალაძეა გამოსახული.

გარეკანი ფოტო: ტელეკომპანია „პირველი“

მასალების გადაბეჭდვის წესი