ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ “მიულოცა” 26 მაისი რუსეთმა საქართველოს

28 მაისი, 2020 • 3014
როგორ “მიულოცა” 26 მაისი რუსეთმა საქართველოს

26 მაისს რუსეთმა შეშფოთება გამოხატა –  ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება და კიდევ: „ვაშინგტონი არ ხსნის, რითია დაკავებული რუსეთის საზღვართან ახლოსო“. 26 მაისი იყო – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო სხვადასხვა ფორმით ულოცავდა ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენას, რუსეთმა დამოუკიდებლობის „მოლოცვა“ საქართველოსთვის ამ ფორმით გადაწყვიტა.

“…გვითხრა, აი, ეს არის თქვენი სახელმწიფო, ვირუსების გამავრცელებელი, პრობლემების შემქმნელი, მსოფლიო კატასტროფების გამომწვევი და ახლა რას ზეიმობთ, რა გაქვთ საზეიმოო, ეს გვითხრა“, – ასე გაიგო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განაცხადი. უფრო სწორად ის, თუ რას გაუსვა ამით რუსეთმა ხაზი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ლუგარის ლაბორატორიას თბილისში ვიზიტის თაობაზე ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. რუსეთი ლაბორატორიის ყველა განყოფილებაში ითხოვს დაშვებას.

მორიგი ცრუ ბრალდებები“ – ეს შეფასება ჰქონდა დღეს, 27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როცა მან ოფიციალური საპასუხო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ საქართველო რუს ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში კვლავ ეპატიჟება, თუმცა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, ანუ რუსი მეცნიერები ლაბორატორიის მუშაობას მარტო ვერ დააკვირდებიან.

„26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო იღებდა მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მილოცვებს, გავრცელდა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით….“ – აღნიშნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რის მიღწევას ცდილობს ამჯერად რუსეთი, როცა ლუგარის ლაბორატორიაზე ავრცელებს დეზინფორმაციას? ლაბორატორიაზე, რომლის მიმართ კორონავირუსის პანდემიის დროს კითხვები და ეჭვები კრემლთან დაახლოებულ პირებსაც კი გაუქრათ საქართველოში?

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ რუსეთს „მორიგი შეტევა“ ამჯერად არ გამოუვიდა, რადგან გათვლა საქართველოს ხელისუფლებაზე იყო, რომელიც შესაძლოა დათანხმებოდა რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში მარტო შეშვებას.

„რუსეთს გათვლა ჰქონდა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება იტყოდა თანხმობას. თუკი რუსი სპეციალისტების ლაბორატორიაში შეშვებაზე დათანხმდებოდა ხელისუფლება, ამით პირდაპირ დადასტურდებოდა ის, რაც დოკუმენტში ეწერა, ანუ ერთგვარად დავადასტურებდით ეჭვების საფუძვლიანობას… ეს, შესაძლოა, ლავროვს პირდაპირ არ ეთქვა, მაგრამ სხვა იტყოდა, თუ პრობლემა არ იყო, რატომ შეგვიშვესო.

მეორე მიზანს მიაღწევდნენ იმ შემთხვევაში, თუკი რუსი სპეციალისტები ლაბორატორიაში მარტო შევიდოდნენ. რა თქმა უნდა, ეს იძლევა სხვადასხვაგვარი ფანტაზიის საშუალებას: რა იპოვეს, აღმოაჩინეს, დაადგინეს… რუსეთს საბედნიეროდ არ მიეცა საშუალება დეზინფორმაციული შემოტევა გაეგრძელებინა. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური პასუხი გასცა რუსეთს“, – მიიჩნევს თინა ხიდაშელი.

ლუგარის ლაბორატორიაში თითქოს „ადამიანებზე რომ ატარებდნენ ცდებს“, ან „ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ“ და „ამერიკა იყენებს საქართველოს“ – ეს და სხვა მსგავსი მითები თქვენც გეხსომებათ წინა წლებიდან. შესაძლოა, ზოგიერთი მითის თქვენც გჯეროდათ. საქართველოში ეწყობოდა კონფერენციებიც, სადაც ლუგარის ლაბორატორიის უსაფრთხოების შესახებ მსჯელობდნენ. 2018 წელს აფხაზურმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკების დისკუსიაზეც წამოჭრა ლუგარის ლაბორატორიის საკითხი. მეტიც, რუსი მაღალჩინოსნების შემდეგ ამ ლაბორატორიაზე პირდაპირი შეტევა მიიტანა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტი მაშინ ამბობდა, რომ „მიმდინარე კვლევები უკავშირდება გენეტიკის სფეროში უკანასკნელ მიღწევებს და შეეხო ფაქტს, რომ მუშავდება ისეთი პრეპარატები, რომელთაც შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ადამიანებზე მათი ნაციონალური კუთვნილების შესაბამისად“.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ბრალდებები თითქოს შეწყდა. მისი ეფექტურობა კი დაინახეს იმ ადამიანებმაც კი ქვეყნის შიგნით, ვინც ხშირ შემთხვევაში მის გაუქმებას ითხოვდა. ახლა მათი პოზიცია ასე შეიცვალა: „ჩვენ მხოლოდ კითხვები გვქონდა, ახლა ეჭვი აღარ გვეპარებაო“.

„ლუგარის ცენტრი იგებს ომს რუსეთის პროპაგანდასთან, თუმცა მზად უნდა ვიყოთ ახალი მითებისთვის“, – ამას თინა ხიდაშელი ნეტგაზეთთან 26 მარტს ამბობდა. ზუსტად ორი თვის შემდეგ მორიგი „ახალი მითი“ მივიღეთ.

„კი ბატონო, ლუგარის ლაბორატორია დაგეხმარათ დაავადების იდენტიფიცირებაში, მაგრამ ეს ხომ არ გამორიცხავს იმას, რომ თავად ეს ლაბორატორია ყოფილიყო წყარო? ის, რომ ლაბორატორია გეხმარება ანალიზების ჩატარებაში, ეს ხომ არ გამორიცხავს იმას, რომ თავად იყო პრობლემის მატარებელი?“ – სავარაუდოდ, ასეთი რუსეთის ახალი პროპაგანდისტული ნარატივი ხიდაშელის აზრით.

„რატომ არ ვაგზავნით სინჯებს ისევ მოსკოვში, ამაზე ნერვიულობენ რუსეთში“, – უთხრა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ,  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ადრე, როცა საქართველოში ლუგარის ლაბორატორია არ იყო, სხვადასხვა ინფექციაზე მონაცემს რუსეთში აგზავნიდნენ. „თეთრი შური იცით, რა არის?“ – ჰკითხა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

რუსეთის „მორიგ შემოტევას“ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც:

„შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მომდინარე დეზინფორმაციის კამპანია ლუგარის ცენტრზე, რომელმაც სასიცოცხლო როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში ახალ კორონავირუსთან“.

____

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა საქართველოში დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო-ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” საფუძველზე.

შეთანხმების ფარგლებში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა დღემდე შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას. პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის უახლესი შენობა სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

ამავე თემაზე:

რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი