ახალი ამბები

თეთრი შური იცით რა არის? – გამყრელიძე რუსეთზე

27 მაისი, 2020 • 1152
თეთრი შური იცით რა არის? – გამყრელიძე რუსეთზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რუსეთის კრიტიკა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირეიბთ არის უსაფუძვლო და ეს თავად მოსკოვშიც იციან. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“იცით, რა სიტუაციაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი დღეს არის პირველ სამეულში დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. ჩამობრძანდით, ნახეთ, როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენიმეჯერ შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა, ნამყოფი არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ყველა სართული, ყველა ლაბორატორია, ყველა თანამშრომელთან ჩაწერეს ინტერვიუები, არაფერი დამალული არ არის. ჩვენ ვართ ძალიან გამჭირვალე.

თეთრი შური იცით, რა არის? ეს გახლავთ ის, რომ სანამ ლუგარის ცენტრში ჩვენ გვექნებოდა შესაძლებლობები ზოგიერთ ინფექციებზე კვლევის, ადრე ვაგზავნიდით დასადასტურებლად რუსეთში, იყო ეს პერიოდი… მაგალითად, პოლიომიელიტისთვის, უნდა გაგვეგზანა პოლიომიელიტის ცენტრალურ ინსტიტუტში; მაგალითად, წითელასთვის; მაგალითად, გრიპისთვის და მისი მსგავსი დაავადებებისთვის. დღეს ეს არ არის საჭირო იმიტომ, რომ ყველაფერი აქ კეთდება და კიდევ მეტი… ამიტომ ეს [რუსეთის მხრიდან] ნიშნავს იმას, რომ რატომ არის საქართველოს ორიენტაცია ევროპული, რატომ არის საქართველოს ორიენტაცია ჩრდილოატლანტიკური ბლოკის და არ არის ჩრდილოეთის, ეს არის ყველაფერი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გუშინ, 26 მაისს, რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყანამ საქართველოს ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში მიმართა ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის თაობაზე, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. რუსეთი ლაბორატორიის ყველა განყოფილებაში ითხოვს დაშვებას.

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი