ახალი ამბებიკომენტარი

ლუგარის ცენტრი იგებს ომს რუსეთის პროპაგანდასთან, თუმცა მზად უნდა ვიყოთ ახალი მითებისთვის – თინა ხიდაშელი

26 მარტი, 2020 • 5249
ლუგარის ცენტრი იგებს ომს რუსეთის პროპაგანდასთან, თუმცა მზად უნდა ვიყოთ ახალი მითებისთვის – თინა ხიდაშელი

COVID-19-ის პანდემიის დროს კიდევ ერთხელ გამოვლინდა ის, რასაც ჯანდაცვის სპეციალისტები გამუდმებით ამბობენ: ლუგარის ლაბორატორიას — რომელიც არაერთი წელია, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნეა, თითქოს „ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ“, „ვირუსებს ქმნიან“ და ა.შ. — უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვითი უსაფრთხოებისთვის. 

შეიძლება თუ არა, ეს შემთხვევა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში მომავალი წარმატების საწინდარი გახდეს? „ნეტგაზეთი“ ამ საკითხზე ესაუბრა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელ თინა ხიდაშელს:

არაერთი წელია, რუსეთის ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, სულ ახლახან, 24 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებამ გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც წერენ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ლუგარის ლაბორატორიით ბაქტეროლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს. წარსულში უშუალოდ რუსეთის მაღალი დონის პირებისგან გვინახავს ამ ცენტრზე განცხადებები, მათ შორის თავად პუტინისგან. რა იყო/რა არის ამის მიზანი?

ეს ყველაფერი რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ეს არის იმის მტკიცება, რომ თითქოს დასავლეთი მავნე და საზიანოა ჩვენთვის. ის მითოლოგია, რაც თქვენ ახსენეთ, — თითქოს „ამერიკა ვირუსებს ავრცელებდა ქართველების გასანადგურებლად“, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ საზოგადოებაში გამყარებულიყო რწმენა, რომ ზოგადად დასავლეთი მომართულია, რამე გვავნოს [მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორია აშშ-ის დახმარებით აშენდა, ის სრულად საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებაშია].

მეორე: შეიქმნას ფონი, რომელიც რუსეთს კვლავაც წარმოაჩენს, როგორც ერთადერთ შესაძლო ალტერნატივას. ჩვენ შეიძლება სსრკ-ის ნოსტალგია არ გვაქვს, არ მოგვწონს, არც დღევანდელი რუსეთი მოგვწონს, მაგრამ, კუთხეში მიყენებულებს, ერთადერთი ემოცია დაგვრჩეს, რომ „რუსეთს იქით გზა არა გვაქვს და ამიტომ, მოდით, ამაზე ვიფიქროთ“…

თუ დავაკვირდებით, თავის გზავნილებში რუსეთი ორ რამეს არ ამბობს: 1) არასდროს ამბობს, რომ რუსეთი ძლიერი, წარმატებული, ბედნიერი სახელმწიფოა, 2) არასდროს ამბობს, რომ ევროკავშირი არ არის ძლიერი, მდიდარი, სოციალურად უზრუნველყოფილი კავშირი. ეს იმიტომ, რომ კარგად იციან, ეს ტყუილი იმდენად არადამაჯერებელია, შეუძლებელია, იმუშაოს.

მათი გზავნილები სასოწარკვეთაზეა მიმართული. გზავნილმა უნდა გააჩინოს იმ ტიპის სასოწარკვეთა, რომელიც რუსეთს ალტერნატივად დასახავს: „ევროკავშირი ძალიან კარგია, მდიდარიც არის, ძლიერიც, იქ მშვიდობაც არის, მაგრამ თქვენთვის არ არის, თქვენ იქ არავინ არ გელოდებათ და არავინ არ მიგიღებთ; რუსეთი, მართალია, არ არის ეგეთი, მაგრამ ის არის ერთადერთი ალტერნატივა“.

სვამენ ხოლმე ძალიან სახიფათო, ბოროტ კითხვას — „ხართ თუ არა მომხრე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის“?; ეს იმიტომ კი არ არის ცუდი კითხვა, რომ ვინმესთან კეთილმეზობლობა არ უნდა გვინდოდეს, არამედ იმიტომ, რომ ის ცარიელია, უსაფუძვლოა, არაფერს ემყარება.

საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ორი რუსული სამხედრო ბაზაა, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი ადამიანებს იტაცებს და კლავს. ამიტომ, მე რატომ მეკითხები, მასთან კეთილმეზობლობა მინდა თუ არა? ამ კითხვას იმიტომ სვამენ, რომ სასოწარკვეთის ფონზე გვიბიძგონ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ამაში [რუსეთთან ცუდ ურთიერთობაში] დამნაშავენი…

ერთი სიტყვით, ამ ყველაფრის მიზანია, რუსეთის ორბიტაზე დაგვაბრუნოს დასუსტებულები და სასოწარკვეთილები…

ამ პერიოდში ნათლად გამოვლინდა ლაბორატორიის მნიშვნელობა ქვეყნის ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვითი უსაფრთხოებისთვის… როგორ შეიძლება ამ შემთხვევის — პანდემიისას ლუგარის ცენტრის  მნიშვნელობის ცხადად გამოჩენის — გამოყენება პროპაგანდასთან საბრძოლველად? შეიძლება თუ არა, ეს მაგალითი გახდეს საწინდარი, საბოლოოდ დაინგრეს რუსეთის პროპაგანდა საქართველოში?

„საბოლოოდ დაინგრეს“ ცოტათი ოპტიმისტური ნათქვამი იქნება, რადგან პროპაგანდის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად ახლდება — ისინიც ხომ არ არიან გაჩერებული, ისინიც მიჰყვებიან მოვლენებს და როდესაც ხედავენ, რომ სადღაც ძალიან გაუჭირდებათ, იწყებენ ახალი მითების შექმნას, ახალი ჯგუფების აღმოჩენას, რომელიც შეიძლება შემდგომი ინფორმაციული ვირუსის გამავრცელებელი გამოდგეს…

დღეს ლუგარის ლაბორატორიამ, მხოლოდ ამ მითებთან ბრძოლაში კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც აჩვენა საკუთარი შესაძლებლობების სიძლიერე, რწმენა დაუბრუნა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. რწმენა იმისა, რომ ვიღაცის და რაღაცის იმედი შეიძლება გქონდეს, იცი, რომ სწორი ინფორმაცია გექნება და ა.შ.

ეს მომენტი, ბუნებრივია, ნებისმიერი ჩვენგანისთვის უნდა გახდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს გზავნილების აუცილებელი შემადგენელი.

შეგიძლიათ, მოიყვანოთ მაგალითი, როგორ შეიძლება ეს მოხდეს?

მაგალითად, როდესაც 21 მარტს ბატონმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, პრაქტიკულად, ჩემთვის ის ბრიფინგი იდეალური იყო, ლუგარის ლაბორატორიაც რომ ეხსენებინა.

ერთადერთი დანაკლისი, რაც მქონდა, ეს იყო — მან არ ახსენა ლუგარის ლაბორატორია, კითხვებზე პასუხშიც კი. არადა, ეს უნდა გახდეს ჩვენი საკომუნიკაციო გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი.

იმიტომ არა, რომ „ლუგარის ცენტრი“ ამერიკელების გაკეთებულია და მათი დახმარების ნაწილია — ის ჩვენია, ქართულია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ასეთი ძლიერი ფაქტორი მუშაობს, ეს ფაქტორი მუდმივად იყოს არტიკულირებული.

რა შედეგი დადგებოდა ამით?

როცა საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი, რაღაცის იმედი უნდა ჰქონდეს. ამ პერიოდში მადლობას ვეუბნებით ბატონ ამირან გამყრელიძეს, — სრულიად დამსახურებლად, რადგან ის იქცა საყრდენად საზოგადოებაში; ის არის ადამიანი, რომელმაც საქმე იცის და როცა ლაპარაკობს, ეიმედებათ, ენდობიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პირობებში.

ზუსტად ასეთივე მადლობას იმსახურებს ლუგარის ლაბორატორია. ბატონი ამირან გამყრელიძე ასე მყარად იმიტომ დგას, რომ ლუგარის ლაბორატორია არსებობს. თუმცა, თუნდაც ფეისბუკზე რომ ჩავსქროლოთ, ვნახავთ, რომ პროპორცია არათანაბარია.

ეს იმიტომ, რომ ლუგარის ლაბორატორია არ არის ჩვენი კომუნიკაციის ნაწილი და უნდა გახდეს ისევე, როგორც „მადლობა ამირან გამყრელიძეს“. ამ დროს შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ თემა დახურულია.

და, რაც მთავარია, ლუგარის ლაბორატორია უნდა გახდეს ყოფის ნაწილი. ყოფის ნაწილად გახდომა ნიშნავს, რომ ვინც რა დეზინფორმაციაც არ უნდა გაავრცელოს, მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან პირველ რიგში სულ გაგვახსენდება, რომ ყველაზე მეტად როდესაც გაგვიჭირდა, მაშინ ეს ლაბორატორია იყო, რამაც გადაგვარჩინა. [ხოლო თუკი ლუგარის ცენტრის სიკეთეებზეა საუბარი] სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილი არ გახდა, მაშინ ის ყოფის ნაწილი ვერ გახდება…

კიდევ ერთი პროპაგანდისტული მესიჯი ყარსის ხელშეკრულებას უკავშირდება —  თითქოს 2021 წლიდან თურქეთი აჭარაზე ტერიტორიულ პრეტენზიებს აცხადებს. თუმცა 2021 წლის დადგომასთან ერთად, შეიძლება ითქვას, ეს მესიჯიც ჩავარდნისთვისაა განწირული… შეიძლება სტრატეგიული კომუნიკაციისთვის როგორმე გამოყენებული იქნას ასეთი შემთხვევები?

სავარაუდოდ, როდესაც ის იგეგმებოდა, ყარსის ხელშეკრულების მითოლოგიის ამოცანა, 2021 წელი არ იყო. მისი ამოცანა 2020 წლის არჩევნები იყო, არჩევნებზე მოსახლეობის პროვოცირების და პროპაგანდის მუშაობის ამ კონკრეტული ხაზის გავლება.

არჩევნებთან რა კუთხით იყო კავშირში?

როგორც ვნახეთ, 2016 წლის საპარლამენტო და შემდეგ ადგილობრივი არჩევნები, რომელიც პირდაპირ ანტითურქული პროპაგანდით წავიდა და, მათ შორის, ამ პროპაგანდის დამსახურებითაც მოხვდა „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში. შესაბამისად, ამ ტიპის ძალების მოძლიერებისთვის შეიქმნა ეს მითი.

ერთი მხრივ, უნდა გვეძახონ: „რუსეთი ოკუპანტია და თურქეთი არ არის ოკუპანტი? მოდი, ისტორიას გადავხედოთ, ვნახოთ ყარსის ხელშეკრულება“ და იქ სხვადასხვა ჩანართებია, რაც მოჰყვება ანტითურქულ კამპანიას საქართველოში.

მეორე მხრივ, შესაძლოა, საქართველოში ვერასდროს მოიგოს იმ ტიპის პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ღიად შესაძლოა ვერ ამბობს, რომ „რუსეთი ოკუპანტი არ არის“, მაგრამ „ევროპა რომ სუსტია, არაფერი შეუძლია და ჩვენი ხსნა რუსეთშია“, ამ მესიჯს დღეს სერიოზული გაძლიერების შანსი აქვს.

რა მხრივ?

კორონავირუსის გადავლის შემდეგ შეცვლილ ვითარებაში შანსებზე თუ ვსაუბრობთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორც კი ეს პროპაგანდისტული მანქანა ბოლომდე გააქტიურდება. მთავარი გზავნილი, ჩემი აზრით, სწორედ ეს იქნება:

„აი, როგორი სუსტი აღმოჩნდა ევროკავშირი, პირველივე საფრთხეს გამკლავებოდა და რა ძლიერია კომუნისტური პარტიით მართული ჩინეთი, როგორი ძლიერია რუსეთი, სადაც ძალიან მცირეა შემთხვევათა რაოდენობა“.

რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, მაგრამ თავისთავად ეს მთელი სტატისტიკით მანიპულაცია ამაზეა აწყობილი, რომ ხვალ-ზეგ მითების მთელი კასკადი უნდა გაჩნდეს.

თქვენ მეკითხებით, როგორ გამოვიყენებთ პროპაგანდასთან ბრძოლაში ლუგარის ლაბორატორიის მაგალითს… ზოგადად, მე არ მჯერა იმის, რომ პროპაგანდას უფრო მეტი პროპაგანდით დავთრგუნავთ. ეს თეორია ლეგიტიმურია, მაგრამ მე მისი მიმდევარი არ ვარ.

მაგრამ მჯერა გაკეთებული სიკეთით მოგებული პროპაგანდისა. ლუგარის ლაბორატორია ამ წუთას ამ ომს იგებს და, ვფიქრობ, ამ კონკრეტულ ომში რუსული პროპაგანდა დამარცხდება.

თუმცა ჩვენ მუდმივად მზად უნდა ვიყოთ ახალი მითებისთვის. აი, აქ გვაქვს ყველაზე დიდი ჩავარდნა. პრევენციაში გვიჭირს…

მასალების გადაბეჭდვის წესი