მუსიკოსები ნინი შერმადინი და გიორგი (სუხიტა) სუხიტაშვილი აცხადებენ, რომ მათ შესახებ ტყუილი გაავრცელა ფეისბუკის მომხმარებელმა ქეთევან მიქიაშვილმა, რომელიც მითების დეტექტორის კვლევით სინამდვილეში არარსებული ადამიანია და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი “ტროლია”.
“მითების დეტექტორის” თანახმად, ეს “ტროლი” სურათებს, რომლებსაც ფეისბუკზე საკუთარი ანგარიშის შესანიღბად იყენებს, სხვა, რეალურ ადამიანებს პარავს.
აღნიშნულმა ანგარიშმა გამოაქვეყნა ქართველი მომღერლები სია, რომლებიც მისი მტკიცებით აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში მართავდნენ კონცერტებს. სწორედ ამ სიაში შეიყვანა მან ნინი შერმადინი და გიორგი სუხიტაშვილი.
გიორგი სუხიტაშვილმა ამ საკითხზე ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთში ცხოვრებაში არასდროს ყოფილა
რაც შეეხება ნინი შერმადინს, მან თქვა, რომ 2005 წლის იურმალის კასტინგის შემდეგ, სატრანზიტო გზითაც კი არ დაუდგამს ფეხი რუსეთის ტერიტორიაზე.
“თუ შეიძლება მომითაგეთ ადვოკატი, რა ფორმით შეიძლება ვუჩივლო ცილისწამებაზე მასაც და პოსტივისაც, რომელმაც მსგავსი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა! 2005 წლის იურმალის კასტინგის შემდეგ, სატრანზიტო გზითაც კი არ დამიდგამს ფეხი რუსეთის ტერიტორიაზე! ან გაასაჯაროვეთ ფაქტი, არათუ სადმე ვიმღერე, თუნდაც სტუმრად თუ ვიყავი ერთი დღით მაინც რუსეთში, საზღვრის კვეთა მაინც რომ დამიფიქსირდეს, ბოდიში აქეთ მექნება მოსახდელი. ასე რომ, ან საჯარო ბოდიში მოიხადეთ ან მე გიჩივლებთ ცილისწამების გამო! ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით! ეს მართლა ფარისეველი იდიოტები”, – დაწერა ნინი შერმადინმა.
Ketevan Mikiashvili-ის ანგარიში აქტუალური სამთავრობო პროპაგანდამ გახადა. მას ხშირად ციტირებენ ის მედიასაშუალებები, რომლებიც თავისი სარედაქციო პოლიტიკით “ქართულ ოცნებას” უჭერენ მხარს. ზემოხსენებული სიაც თანხვედრაშია “ქართული ოცნების” ბოლო დღეების კამპანიასთან, რომელიც ცდილობს ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულოს ის მუსიკოსები და ხელოვანები, რომლებმაც თავის დროზე მკაცრად გააკრიტიკეს რუსული კანონები და ქვეყნის პროევროპული გზიდან გადაყვანა.
ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციით, მიქიაშვილის ანგარიშის “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილი მართავს, თუმცა ეს უკანასკნელი ამ ცნობას უარყოფს. მისი არგუმენტია, რომ საკუთარი რეალური ანგარიშიდანაც აკრიტიკებს “ოცნების” ოპონენტებს და მისი “პოლიტიკური, სოციალური და მატერიალური მდგომარეობის კაცს” რაში სჭირდება ეს სხვადასხვა ანგარიშიდან აკეთოს და ამაში ხარჯოს დრო. “მაზოხისტი ვარ?” – კითხულობს ლაშა ნაცვლიშვილი.
