ახალი ამბები

ექთნები ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე

12 მაისი, 2020 • 2930
ექთნები ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე

“ექთანი არის პირველი, ხშირად კი ერთადერთი სამედიცინო პროფესიონალი, რომელსაც პაციენტი ხედავს. მისი მიერ ნათქვამი პირველადი შეფასება, ზრუნვისა და მკურნალობის ხარისხი კი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა”, – ასე აღწერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რიგითი ექთნის საქმიანობას.

12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა – ადამიანებისა, რომლებსაც ხშირად უწევთ პირველებს ბრძოლა ნებისმიერ ვირუსთან, პანდემიასთან თუ ეპიდემიასთან, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ პროფესიის სიმძიმე და მნიშვნელობა ნაკლებად ხილულია დაუფასებელი შრომის ფონზე.

ექთნებს, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ ხელში გაუვლია არაერთ ინფექციურ დაავადებასა თუ ვირუსს, რამდენიმე თვის წინ კი კიდევ ერთ, ახალ გამოწვევასთან მოუწიათ შეჯახება, COVID-19-ის სახით.

“იმედია, ამის მერე უფრო დავფასდებით”

“ყველასთვის შეიცვალა ცხოვრების რეჟიმი. ჩვენს თანამშრომლებს მოუწიათ ოჯახთან გამომშვიდობება, გახიზნული ჰყავთ ოჯახის წევრები. თითოეული მათგანი ვიმყოფებით თვითიზოლაციაში, რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტებით. ოჯახთან მხოლოდ სატელეფონო კავშირებით შემოვიფარგლებით”, – უყვება მაია მენაღარიშვილი “ნეტგაზეთს” პანდემიის შემდგომ შეცვლილ ცხოვრებაზე საუბრისას.

ის ინფექციურ საავადმყოფოში საექთნო საქმის მენეჯერია. დაწესებულებაში 27 წლის წინ მივიდა, 20 წლის წინ კი აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმდა. მისი დღე იწყება შემოვლით, საუბრითა და დარიგებებით, ყურადღება უნდა მიაქციოს ექთანთა ჩაცმულობას და შესაბამისი ტრენინგები უნდა უზრუნველყოს მათთვის.

მაია მენაღარიშვილის თქმით, კრიზისის დაწყების შემდეგ მეტად გაიზარდა როგორც ექთნების, ისე მედპერსონალის პასუხისმგებლობა. მისი სიტყვებით, ყველა მათგანი “უფრო მზრუნველი, თბილი და ტკბილი გახდა”. ყველა მათგანი ცდილობს, ამოშალოს შიში როგორც თავისი, ისე პაციენტის გონებიდან.

“რატომ ვამბობ ამას: ჩვენ ვართ ტრადიციული სამედიცინო დაწესებულება, ერთი ოჯახი. ერთად ვინაწილებთ სიხარულსაც, მწუხარებასაც… ჩვენს კლინიკაში ერთი პაციენტი დაიღუპა. ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბებო, ასე მოვიხსენიებდით. ჩვენი ბებო როგორ არის? – ასე ვკითხულობდით ხოლმე. მთელმა გუნდმა ასევე გავაცილეთ”, – ყვება ის.

მაია მენაღარიშვილი ყველა ექთანს ულოცავს პროფესიულ დღეს და კმაყოფილია, რომ პანდემიის პირობებში მათი შრომა დაფასდა. თუმცა ზოგად სურათთან დაკავშირებით ასეთი წარმოდგენა არ აქვს:

“თქვენც ძალიან კარგად იცით, რა ხდება საქართველოს სამედიცინო სფეროში. რა თქმა უნდა, ეს აისახება შრომის ანაზღაურებაზე. დღემდე ძალიან დაბალია ექთნების ანაზღაურება. იმედია, ამის მერე უფრო დავფასდებით და მართლაც დავფასდით: სანამ მსოფლიო ტაში იქნებოდა ჩვენ მიმართ, ჩვენ  დავუკარით პირველი ტაში პირველი გამოჯანმრთელებულის მიმართ”.

“ნეტგაზეთს”, COVID-19-ის დამარცხების გარდა, ორ სურვილს უზიარებს: სურს, ექთნის პროფესია მეტად დაფასდეს ქვეყანაში და სანამ პროფესიულ ცხოვრებას გამოემშვიდობება, მანამდე ასრულდეს დაპირება ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით.

“მინდა, ისე დამთავრებულიყოს პროფესიული საქმიანობა, რომ საკუთარი შენობა გვეღირსოს”, – ამბობს ის.

რატომ არ აქვს ინფექციურს საკუთარი შენობა? – წაიკითეთ აქ.

“ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის”

სოფო მერაბიშვილი ამავე საავადმყოფოში 35 წლის წინ დასაქმდა და ამჟამად მიმღების უფროს ექთნად მუშაობს, რაც გულისხმობს მონაცემების გადაცემას  ჯანდაცვის უწყებისა და თითოეული რეგიონისთვის. ამბობს, რომ მის ხელში ბევრ ვირუსს გაუვლია და ამგვარი დატვირთვისთვის ყოველთვის მზადაა, თუმცა COVID-19-ის დროს პაციენტებს შორის არსებულმა შიშმა და მღელვარებამ ვითარება უფრო კომპლექსური გახადა.

“თავდაპირველად ნამდვილად შრომატევადი იყო: დღისით 11 საათზე ვიწყებდი მონაცემთა გადაცემას, 2-3 საათის მანძილზე ტელეფონზე საუბარი მიწევდა, საღამოს 6-ზე ვიწყებდი და 9-ზე ვამთავრებდი. დინება იყო საკმაოდ დიდი და სამუშაოც ასევე. ორი-სამი დღე გადაბმულად მიწევდა მუშაობა, ვრჩებოდი. ახლა შედარებით დამშვიდდა სიტუაცია და ასე ინტენსიურად აღარ ვმორიგეობ”, – ამბობს ის.

“ნეტგაზეთს”უყვება, რომ კრიზისის დაწყების შემდეგ ექთნებს ისეთი მოვალეობების შეთავსებაც მოუხდათ, რაც ფურცელზე არ წერია. სამედიცინო პროცედურების დაწყებამდე ზრუნავდნენ იმაზე, რომ პაციენტი ზემოთ ხსენებული შიშისგან სრულად გათავისუფლებულიყო.

“ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. მოწოდებით როცა ხარ ექთანი, ხარ ყველაფერზე წამსვლელი. გიყვარს პაციენტი ნებისმიერ შემთხვევაში. მე პირადად ასე ვარ. ხანდახან პაციენტებთან ფსიქოლოგიური მუშაობაც გვიწევს. როცა პაციენტი გაღიზიანებულია, შეიძლება, დაავადება არ ჰქონდეს ისეთი მასშტაბებით, როგორც დამშვიდება სჭირდებოდეს. მით უმეტეს, ამ პერიოდში ძალიან ხშირი იყო მომართვიანობა ასეთი პაციენტებისა”.

სირთულეების ფონზე დამოკიდებულების შეცვლა ახარებს.

“მოხარული ვარ, რომ ამ პანდემიამ ერთსულოვნება გააჩინა ხალხში. ვიგრძენით, რომ მედიკოსები ვართ. მაღაზიაში შევალთ თუ გარეთ გამოვალთ, ყველა იმას ამბობს, რომ აი, გმირი შემოვიდა. რთულია, მაგრამ ბედნიერი ვარ და მსიამოვნებს, როცა ჩემს საქმეს ვაკეთებ.”, – ამბობს სოფო მერაბიშვილი.

“ჩვენ მაინც მეორე პლანზე გავდივართ”

მანანა გვახარიას სამუშაო დღე 09:30-ზე იწყება და 17:30-ზე სრულდება. ამ დროის მანძილზე, როგორც ბოქსირებული განყოფილების უფროს ექთანს, ექთნებისა და სანიტრების ტანისამოსისა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული დეტალების ზედამხედველობა უწევს, რათა პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ნორმები სრულად იყოს დაცული. 33 წელია, ინფექციურ საავადმყოფოში საქმიანობს.

“თავიდან ცოტა სტრესში ვიყავით. პანდემია რომ დაიწყო, პირველი ავადმყოფები ჩვენთან მოიყვანეს. თავიდან კი შეგვეშინდა, მაგრამ ეს შიში ძალიან მალე გაქრა, როცა მუშაობაზე გადავერთეთ. მგონი, კარგად ვმუშაობთ. კოლექტივი ძალიან შეკრულია, გოგოები უფრთხილდებან ერთმანეთს. ავადმყოფებიც ცოტათი შეშინებულნი არიან თავიდან. პერსონალი აწყნარებს, ამშვიდებს მათაც”, – უყვება ექთანი “ნეტგაზეთს”.

მიიჩნევს, რომ მისი პროფესია ქვეყანაში არ ფასდება, ეს რეალობა კი კარგად ჩანს როგორც ანაზღაურების, ისე ზოგადი დამოკიდებულების ნაწილში.

“ნამდვილად არ არის [ეს პროფესია] დაფასებული. მით უმეტეს, რომ ექთნების სიმცირეა. რამდენადაც ვიცი, ექთნების მოთხოვნილება საქართველოში მათ რაოდენობას აღემატება. ხელფასები გვაქვს ძალიან დაბალი. ექთნების ასოციაცია არის, ვიკრიბებოდით ხოლმე, ღონისძიებებიც ტარდებოდა, თუმცა ახლა, კოვიდის პირობებში, რაღა შედგება…

ჩვენ მაინც მეორე პლანზე გავდივართ. ავადმყოფებსაც ძირითადად ექიმები ჰყავთ უფრო დაფასებული. როგორ არა, ბევრი ძალიან კმაყოფილი გვყავს, სხვაგვარად არ გამიგოთ. დიდი მადლობებით მიდიან სახლში, როცა ეწერებიან”, – ყვება მანანა გვახარია. სამომავლოდაც ამ რეალობის შეცვლას ისურვებდა.

მძიმე პირობები, 11 პაციენტი, 500 ლარი – ექთნის პროფესია საქართველოში

მძიმე სამუშაო პირობები, გადაბმული გრაფიკი, საშუალოდ 11 პაციენტი ერთ მოხელეზე და 500 ლარამდე ხელფასი – ასეთია ექთნის პროფესია საქართველოში, “სოლიდარობის ქსელის” მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად.

კვლევის ფარგლებში 200 ექთანი გამოკითხა, რომელთა შორის 91% ქალია, ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფები კი 39-45 და 46-52 წლებია. გამოკითხულ ექთანთა უმრავლესობა (98.10%) კერძო საავადმყოფოში მუშაობს. თითო ასეთ ექთანს უმრავლეს შემთხვევაში (შემთხვევათა 79.10%) 11-ზე მეტი პაციენტის მოვლა უწევს.

მკვლევართა თანახმად, ექთნის მოვალეობაში, გარდა პაციენტის მოვლისა, შედის ისეთი საქმიანობები, როგორიცაა ანალიზების გაკეთება, ხელსაწყოების, პალატისა და დოკუმენტების მოწესრიგება, ექიმის დანიშნულების შესრულება, განყოფილების ფართის დასუფთავება, რიგ შემთხვევებში, მკურნალობის დანიშვნა და სხვა.

გამოკითხულ ექთანთა ნახევარი ამბობს, რომ მორიგეობისა და დღის გრაფიკის შეთავსებით კვირაში 41-დან 51 საათი მუშაობენ, ხოლო თითქმის 37% ამბობს, რომ მათი სამუშაო დრო კვირაში 52-62 საათს შეადგენს.

ამის ფონზე, გამოკითხულ ექთანთა 79% ამბობს, რომ ზეგანაკვეთურ შრომას არ უხდიან, ხოლო 79%-ს ხელფასი 300-დან 500 ლარამდე აქვს, 30.5% კი ვერ სარგებლობს ანაზღაურებული შვებულებით.

ექთნების საჭიროებები – ჯანმოს განცხადება და რეკომენდაციები

ექთნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მსოფლიო მასშტაბით ექთანთა ამჟამინდელი რიცხვი 5.9 მილიონით ჩამორჩება საჭირო რაოდენობას.

განცხადებაში ექთანი დახასიათებულია როგორც სამედიცინო მუშაკი, რომელიც ისტორიულად წინა ხაზზე დგას ეპიდემიებთან და პანდემიებთან ბრძოლისას.

“ექთნებისა და სხვა სამედიცინო მუშაკების გარეშე ვერ მოვიგებდით ბრძოლებს ვირუსების წინააღმდეგ, ვერ აღვასრულებდით მდგრადი განვითარების მიზნებს და ვერ მივაღწევდით ჯანმრთელობის საყოველთაო დაფარვას”, – წერია განცხადებაში.

“COVID-19-ის პანდემია მკაცრად შეგვახსენებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ექთნები თამაშობენ”, – ამბობს ორგანიზაცია.

ყოველივე ამის ფონზე ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ:

  • ექთნებისა და სხვა სამედიცინო მუშაკების დაცვა და უსაფრთხოება, მათ შორის, შეუზღუდავი წვდომა დამცავ აღჭურვილობაზე;
  • ექთნებსა და სხვა სამედიცინო მუშაკებს ჰქონდეთ წვდომა მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერ პროგრამებზე, დროული ანაზღაურება, დაზღვევა და შვებულება ავადმყოფობის დროს;
  • ექთნებს ჰქონდეთ სამედიცინო მხარდაჭერა და სხვა რესურსები, რათა ეფექტურად გაკონტროლდეს COVID-19 და სხვა დაავადებები მომავალში.

სპეციალურად ამ დღისთვის ჯანმო მოუწოდებს როგორც ექთნებს, ისე სხვა ადამიანებს, მონაწილეობა მიიღონ ონლაინ კამპანიაში ამ სფეროში მომუშავეთა მხარდასაჭერად და იმ ექთანთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომლებიც პანდემიის პირობებში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. კამპანიის ჰეშთეგია #RememberHealthHeroes(გვახსოვდეს ჯანმრთელობის გმირები).

მასალების გადაბეჭდვის წესი