ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ არ აქვს ინფექციურს საკუთარი შენობა

2 მარტი, 2020 • 4832
რატომ არ აქვს ინფექციურს საკუთარი შენობა

სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ კლინიკის შენობაში “კარგი მდგომარეობა” არ არის, თუმცა ამბობს რომ ეს პაციენტების მომსახურების დონეზე არანაირად არ აისახება, რადგამ პაციენტებს პროფესიონალი ექიმები ემსახურებიან.

ბოქსირებულ განყოფილებებში ცუდი სანიტარული მდგომარეობის საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო გახდა ბოლო დღეებში აქტუალური. შესაბამისი ინფორმაცია თავად იქ მყოფმა პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა გაავრცელეს.

“შენობა მთლიანობაში კარგ მგომარეობაში არ არის. ეს ფაქტია, თუმცა ამის განზოგადება მომსახურებაზე არ უნდა მოხდეს. როგორც კლინიკის დირექტორი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სერვისები უმაღლეს დონეზეა. თანამშრომლები ძალიან გამოცდილები არიან და შედეგებიც ყოველთვის საუკეთესო გვაქვს,”- ამბობს ცერცვაძე.

ცერცვაძე ნეტგაზეთს უყვება, რომ რემონტის ჩატარების საშუალებას “ავერსი” არ აძლევთ, რომელიც 2012 წლიდან იმ შენობის მფლობელია, სადაც საავადმყოფოა მოწყობილი. ამის დასტურად ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექოტორი “ავერსი ფარმასთვის” მიწერილ წერილებსაც გვიგზავნის, სადაც ის კომპანიას ბოქსირებულ კორპუსში რემონტის ჩატარებას სთხოვს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლოს ინფექციური საავადმყოფოს შენობა დაახლოებით 2 წლის წინ გაარემონტეს, თუმცა კორპუსში, სადაც ბოქსირებული განყოფილებებია მოწყობილი, რემონტის ჩატარება ვერ მოესწრო.

“ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე “ავერსს”  წერილით რამდენიჯერმე მივმართეთ, თუმცა მათგან მკაცრი უარი მივიღეთ. ისინი უარს აცხადებენ ნებისმიერ სამუშაოზე… ბოქსირებული კორპუსის ტუალეტების გაკეთება კი არა, ელემენტარულად კარების გამოცვლა რომ დაგვჭირდეს ან ფანჯარა რომ გატყდეს, ამის ნებას არ გვაძლევენ. ისინი გვეუბნებიან, ეს ჩვენი შენობაა და თქვენ უკანონოდ ხართ. წელიწადზე მეტია კომპიუტერული ტომოგრაფია ნაყიდი გვაქვს, 1.5 მილიონი გადავიხადეთ, თუმცა დადგმის უფლებას არ გვაძლევენ,” – ამბობს ცერცვაძე.

ერთ-ერთი წერილი, რომელიც ნეტგაზეთს ინფექციურმა მიაწოდა

2012 წლიდან თბილისში, ყაზბეგის გამზირის #6-ში არსებული მიწის ფართობი შენობა-ნაგებობებით “ავერსი ფარმას” საკუთრებაა. იჯარის ხელშეკრულებას, რომელზეც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, “ავერსი ფარმა” და ჯანდაცვის სამინისტრო აწერენ ხელს, 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა ვადა. ვინაიდან ამ დრომდე კომპანიასა და მხარეებს შორის მოქმედი  ხელშეკრულება არ არსებობს, კომპანია აცხადებს, რომ ცენტრი მათ შენობაში უკანონოდ იმყოფება. 2019 წლის ოქტომბერში გაგზავნილ წერილში “ავერსი” 2021 წლის პირველ ივლისამდე იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, საავადმყოფოს შენობის ნაწილს დაცლას ითხოვდა.

“თვითონ პაატა კურტანიძე [“ავერსის” დამფუძნებელი] ამბობს უარს იჯარის გაფორმებაზე, თორემ ჩვენ ვეხვეწებით… ამბობს, იჯარა რომ გაგიფორმოთ, მანდ დარჩებითო, რაც არ უნდათ. ბოლოს იჯარის გაფორმების პირობად ადმინისტრაციული და რეანიმაციის კორპუსების დაცლა მოითხოვეს. თუ ორი კორპუსი დავცალეთ, მაშინ იჯარა რაღად გვინდა?! ანუ აპრიორი მიუღებელ წინადადებას აყენებს,”- აცხადებს ცერცვაძე.

“ავერსის” პრესსამსახურში ადასტურებენ რომ საავადმყოფოს ადმინისტრაციას შენობის გარემონტების უფლება ნამდვილად არ მისცეს. ამასთან გვეუბნებიან, რომ საავადმყოფოს თითქმის ორი წელია ქირა არ გადაუხდია.

“ეს შენობა მათი საკუთრება არ არის. შესაბამისად, თუ მათი საკუთრება იქნება, აქვთ უფლება რემონტიც გააკეთონ, თუმცა ეგ მათი შენობა არ არის. შემიძლია ახლა ნებისმიერი შენობის რემონტი დავიწყო, რაც არ მეკუთვნის?! ისინი არანაირ თანხას არ იხდიან და აბსოლუტურად უნებართვოდ არიან შესულები. აქედან გამომდინარე, რემონტის ჩატარების უფლება როგორ უნდა მივცეთ?! გარკვეული პერიოდი თანხას იხდიდნენ, თუმცა როგორც გითხარით ორ წელზე მეტია თანხა აღარ გადაუხდიათ. სხვათაშორის, ორი წლის წინ რემონტი გააკეთეს, მაშინ როცა ქირით იყვნენ ამ შენობაში და თანხას იხდიდნენ. ორ წელიწადში კვლავ რემონტის გაკეთება] რა საჭიროა არ მესმის”, – ამობენ ავერსში.

იმაზე რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრს საკუთარი შენობა არ აქვს, პასუხისმგებლობას თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დავით სერგეენკოს აკისრებს. დღეს, 2 მარტს სერგეენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შენობის გარეშე დატოვება, გარკვეულად მისი ბრალიც არის:

“ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ჩემი ბრალიც არის დიდწილად, რომ ამ წლების განმავლობაში სანამ მინისტრად ვმსახურობდი ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოვახერხე. ეს მართლა მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ჩემი ყველაზე დიდი ტვირთი მინისტრობიდან სწორედ ეს იყო.”

სერგეენკოს თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში ამ პრობლემის მოგვარება სცადეს, როცა ცენტრს 2016 წელს უნივერსიტეტის ქუჩაზე  5000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცეს.

“უნივერისტეტის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი გამოეყო საავადმყოფოს, თუმცა ესეც ვერ მივიყვანეთ ბოლომდე,”-აცხადებს სერგეენკო.

2017 წლის 30 ნოემბერს მთავრობის განკარგულებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა  „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებისა და მშენებლობისთვის“ საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. 2018 წლის ივნისში ტენდერი შეწყდა. 2019 წლის თებერვალში ფოდმა ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, სადაც შ.პ.ს “აპექს სტუდიო 1”-მა გაიმარჯვა. მაისში გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანიამ ვამდებულება აიღო 6 თვეში წარმოადგინოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტი. ნეტგაზეთს მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე კომპანია კვლავ პროექტირებაზე მუშაობს, რაც წლის პირველ ნახევარში დასრულდება, შემდეგ კი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

თუმცა დღის ბოლოს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, რომ პირდად პრემიერისგან მიიღეს დაპირება, რომ  სახელმწიფო მათ შენობით უზრუნველყოფს, თუმცა არა საბურთალოზე უნივერსიტეტის ქუჩაზე, არამედ დიღომში მდებარე “სამედიცინო ინოვაციების” ცენტრს იყიდის, რომელსაც შემდეგ მათ გადასცემს. შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერის მომავალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი