ახალი ამბები

დაბალი ხელფასი და მუშაობა დასვენების გარეშე – ექთნების დაუფასებელი შრომა საქართველოში

27 თებერვალი, 2019 • 7363
დაბალი ხელფასი და მუშაობა დასვენების გარეშე – ექთნების დაუფასებელი შრომა საქართველოში

მძიმე სამუშაო პირობები, გადაბმული გრაფიკი, საშუალოდ 11 პაციენტი ერთ მოხელეზე და 500 ლარამდე ხელფასი – ეს ის გარემოა, რომელშიც “სოლიდარობის ქსელის” კვლევის მონაწილე ექთნები ყოველდღიურად მუშაობენ.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოში ექთნების პროფესია ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტურია, თუმცა, ამავდროულად, მათი შრომა დაუფასებელი და აუნაზღაურებელი რჩება. 

“სოლიდარობის ქსელმა”, ჯამში, 200 ექთანი გამოკითხა, რომელთა შორის 91% ქალია, ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფები კი 39-45 და 46-52 წლებია. გამოკითხულ ექთანთა უმრავლესობა (98.10%) კერძო საავადმყოფოში მუშაობს. თითო ასეთ ექთანს უმრავლეს შემთხვევაში (შემთხვევათა 79.10%) 11-ზე მეტი პაციენტის მოვლა უწევს.

როგორც მკვლევარები ექთნებზე დაყრდნობით ამბობენ, თითო ექთნის მოვალეობაში, გარდა პაციენტის მოვლისა, შედის ისეთი საქმიანობები, როგორიცაა ანალიზების გაკეთება, ხელსაწყოების, პალატისა და დოკუმენტების მოწესრიგება, ექიმის დანიშნულების შესრულება, განყოფილების ფართის დასუფთავება, რიგ შემთხვევებში, მკურნალობის დანიშვნა და სხვა.

კვლევაში ნათქვამია, რომ ყველა ამ მოვალეობის შესრულება თითო ექთანს ხშირად უწევს შესვენების გარეშე და გადაბმული გრაფიკით. გამოკითხულ ექთანთა ნახევარი ამბობს, რომ ისინი მორიგეობისა და დღის გრაფიკის შეთავსებით კვირაში 41-დან 51 საათი მუშაობენ, ხოლო თითქმის 37% ამბობს, რომ მათი სამუშაო დრო კვირაში 52-62 საათს შეადგენს.

შრომის კოდექსში კი ვკითხულობთ, რომ დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს.

ამის ფონზე გამოკითხულ ექთანთა 79% ამბობს, რომ მას ზეგანაკვეთურ შრომას არ უხდიან, ხოლო ხელფასი 79%-ს 300-დან 500 ლარამდე აქვს, 30.5% კი ვერ სარგებლობს ანაზღაურებული შვებულებით.

კვლევის ავტორების თქმით, მცირე შემოსავლის გამო ექთნების დიდ ნაწილს მეორე სამსახურის შოვნა უწევთ. კვლევაში ხაზგასმულია, რომ სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებს შორის ექთნების 91.5% ხელფასს ასახელებს, ხოლო 71.10% – დატვირთულობას.

რაც შეეხება სხვა სამუშაო პირობებს, კვლევამ აჩვენა, რომ ექთნების უმეტესობა (თითქმის 58%) ძალიან უკმაყოფილოა სამუშაო გარემოთი, ხოლო 50.7% მენეჯმენტის მხრიდან ცუდ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. ამასთანავე, ექთნების 87%-ს არ აქვს მოსასვენებლი ოთახი სამუშაო ადგილზე, ხოლო 80%-ს არ მიუწვდება ხელი სასადილოზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი