საზოგადოება

გენეტიკური დაავადების მქონე კვერცხუჯრედები საქართველოდან — ისრაელში გამოძიება დაიწყო

20 მარტი, 2024 • 1035
გენეტიკური დაავადების მქონე კვერცხუჯრედები საქართველოდან — ისრაელში გამოძიება დაიწყო

ისრაელის პოლიცია იძიებს საქართველოდან იმპორტირებული, რთული გენეტიკური დაავადების მქონე, განაყოფიერებული კვერცხუჯრედების შეტანის საქმეს. საქმე ეხება ბათუმის ერთ-ერთი „ინ ვიტრო“ კლინიკიდან გატანილ კვერცხუჯრედებს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედიასაშუალება „ვესტი“ ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ცნობილია, რომ ამ კვერცხუჯრედებით „ინ ვიტრო“ განაყოფიერება ჩაუტარდა, სულ მირე, 3 ისრაელელ ქალს, რომლებიც უშვილობას წლების განმავლობაში მკურნალობდნენ. შედეგად, ერთი ბავშვი მკვდრად დაიბადა, ერთი- თანდაყოლილი, მძიმე დაავადებით, ერთის მდგომარეობას კი ექიმები ამ ეტაპზე საფუძვლიანად იკვლევენ.

სამართალდამცავები და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ვარაუდობენ, რომ სავარაუდო დაზარალებულთა რაოდენობა შეიძლება, უფრო მეტი იყოს.

ისრაელის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა ისრაელში მოქმედი „ინ ვიტრო“ კლინიკის ხელმძღვანელი და მთავარი ექიმი, აგრეთვე ერთ-ერთი საავადმყოფოს ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ექიმსა და ლაბორატორიის ხელმძღვანელს ბრალად ედებათ თაღლითობა, მძიმე დაავადების გავრცელება და სხვა დანდაშაულებები. ისინი წინასწარი პატიმრობიდან სხვადასხვა შემზღუდავი პირობით გამოუშვეს, თუმცა გამოძიება გრძელდება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან იმპორტირებული ადამიანის კვერცხუჯრედი B ჰემოფილიის გენს შეიცავდა — სახიფათო დაავადების, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია, რადგან ის იწვევს ძლიერ სისხლდენასა და სხვადასხვა სახის მძიმე გართულებას.

ისრაელური მედიასაშუალების ცნობით, რომელიც ისრაელის პოლიციას ეყრდნობა, გენეტიკური დაავადების მქონე კვერცხუჯრედის დონორია აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩასული ქალი. იგივე მედიასაშუალება წერს, რომ კვერცხუჯრედები დონორისგან ბათუმში, „ინ ვიტრო“ კლინიკა „Birth-ში“ აიღეს და იქვე გაყინეს. ისრაელის პოლიცია დაზარალებულებს მოუწოდებს, თუ კვერცხუჯრედი იმავე დონორისგან მიიღეს, შეიტანონ საჩივარი.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ინფორმაცია კვერცხუჯრედების პრობლემის შესახებ, სავარაუდოდ, ცნობილი იყო სამედიცინო პერსონალისთვის საზღვარგარეთ (საქართველოში) და ისრაელშიც.“

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო? 

საქართველოდან იმპორტირებულ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედებში ჰემოფილიის გენის აღმოჩენასთან დაკავშირებით ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა მოშე ბარ სიმან-ტოვმა საგანგებო თათბირი მოიწვია.

ისრაელის მედიის ცნობით, განიხილება საზღვარგარეთიდან განაყოფიერებული კვერცხუჯრედების იმპორტის სრულად აკრძალვის საკითხიც.

2024 წლის დასაწყისში ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ შეზღუდა კონკრეტული ლაბორატორიიდან დონორის კვერცხუჯრედების გამოყენება „ინ ვიტრო“ პროცედურებისთვის.

ჯერ კიდევ 18 თებერვალს აცნობა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ისრელში მოქმედ „ინ ვიტრო“ კლინიკებს, რომ  „ქვეყნის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ლაბორატორიის საქმიანობაში გამოვლინდა დარღვევები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება“. მიუხედავად ეჭვებისა, სამინისტრომ ამ კლინიკებს განაყოფიერებული კვერცხუჯრედების გამოყენების უფლება მისცა, მაგრამ აღნიშნა, რომ კლინიკებს გადაემოწმებინათ ყველა გენეტიკური და სხვა სახის გამოკვლევის ჩატარება. ასევე, მათ დაევალათ პაციენტების სრულად ინფორმირება.

როგორც ისრაელური მედიასაშუალება წერს, მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის (18 მარტი), ისრაელის პოლიციის წარმომადგენელი საქართველოშია და ადგილობრივ სამართალდამცავებთან ერთად იძიებს მომხდარის დეტალებს.  გარდა ამისა, პოლიციამ გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოში გაგზავნოს საგამოძიებო ჯგუფი დამატებითი ინფორმაციის მოსაკვლევად.

„ვესტი“ ციტირებს ინფორმაცის ქართული „ინ ვიტრო“ კლინიკის ვებსაიტიდან, საიდანაც დაზიანებული კვერცხუჯრედები ისრაელში შეიტანეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, კვერცხუჯრედების დონორები არიან 18-33 წლის ქალები, რომლებსაც უკვე ჰყავთ შვილები, ხოლო მათი გენეტიკური ისტორია ნორმალურია. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ მათი კვერცხუჯრედების გამოყენებით უკვე ჩატარდა წარმატებული „ინ ვიტრო“ პროცედურები. ქალებს ამავე კლინიკაში ასევე შეუძლიათ გამოიყენონ დონორის სპერმა, თუ მათ ამჟამად  პარტნიორი არ ჰყავთ.

რას ამბობენ საქართველოში? 

ბათუმის „ინ ვიტრო“ კლინიკა „Birth-ის“ დირექტორმა ლევ ადიროვიჩმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ კლინიკა მუშაობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და აკრედიტირებულია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

„ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა ხუთი გენისგან შემდგარი სია. თუ ამ გენებში არის დარღვევა, ამ დონორს ვერ გამოვიყენებთ“ ,— ამბობს ადიროვიჩი.

„წინასწარ ვიღებთ სისხლს დონორებისგან და ვაგზავნით შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, გენეტიკურ ლაბორატორიაში. ჩვენ ვაკეთებთ გენეტიკურ კვლევას 420 გენზე. დედამიწაზე ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც ერთი გენის ცვლილება არ აქვს. თითქმის ყველას აქვს რაიმე სახის დარღვევა. თუმცა, ისრაელის რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია ხუთი მთავარი გენის განსაზღვრა. მივიღეთ პასუხი და აღმოვაჩინეთ, რომ ამ ხუთ გენში არანაირი დარღვევა არ ყოფილა, ამიტომ საკმაოდ მშვიდად გამოვიყენეთ ეს დონორი“, — ამბობს ლევ ადიროვიჩი.

კლინიკის დირექტორის თქმით, დონორისგან მიღებული ემბრიონის პარალელურად, ისრაელში აგზავნიან ანგარიშს, რომელიც მიღებულია კალიფორნიიდან და გადასცემენ დონორის სისხლის ნიმუშებსაც, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩაატარონ დამატებითი გენეტიკური ტესტირება.

„იგივე სიტუაცია იყო ამ დონორთან დაკავშირებითაც — ხუთი გენი იყო უარყოფითი, ანგარიშთან და სისხლთან ერთად გავგზავნეთ ისრაელში. ეს ყველაფერი ისრაელელმა ექიმებმა უნდა გააანალიზონ და გადაწყვიტონ, რადგან ეს მათი პაციენტებია. ჩვენ ყველაფერი თავის დროზე, დროულად და  ჩვეულებრივად გავაკეთეთ. შესაძლოა, იქ რაღაც გაუმართაობა იყო, ან ყურადღება არ მიაქციეს — ასე განვითარდა ეს სიტუაცია“, — უყვება ნეტგაზეთს “ინ ვიტრო” კლინიკის დირექტორი.

ლევ ადიროვიჩი ამბობს, რომ რასაც ისრაელის პრესა წერს, „90% არ შეესაბამება სიმართლეს.“

„ჩვენთან არსებული ინფორმაციით, არც ერთი ბავშვი არ დაბადებულა და არც გარდაცვლილა. იქ ეწერა, რომ დონორი აზერბაიჯანიდან იყო, ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება. დონორი ქართველი, სრულიად ჯანმრთელი გოგონაა, რომელსაც ჰყავს ორი ჯანმრთელი შვილი“, — ამბობს ადიროვიჩი.

ადიროვიჩის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და უნდა გაირკვეს, ვინ, რა რეგულაციები დაარღვია. კლინიკის დირექტორი დარწმუნებულია, რომ მათ არანაირი რეგულაცია არ დაურღვევიათ და ყველაფერი დროულად გაკეთდა.

„დღეს [19 მარტს] გვყავდა ისრაელის პოლიციის და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები. ჩვენ მათ მივეცით ყველა დოკუმენტი და ყველაფერი მოვუყევით, რომ ჩავატარეთ გენეტიკური ანალიზი და ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ რეგულაციების შესაბამისად“, — ამბობს კლინიკის დირექტორი.

კლინიკის დირექტორი მიიჩნევს, რომ ისრაელელ ექიმებზეც „არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი დამნაშავენი არიან.“

„ჩვენ ვაგზავნით სისხლის ორ ნიმუშს იმიტომ, რომ თუ ვინმეს რაიმეში ეჭვი ეპარება, გენეტიკური ანალიზი გაიკეთოს. თუმცა, როგორც ვიცით, ამ პაციენტებს არ სურდათ შემდგომი გენეტიკური კვლევის ჩატარება. ამიტომ, ექიმებზე იმის თქმა, რომ მათ ეს მიზანმიმართულად გააკეთეს, არასწორია“, — უთხრა ნეტგაზეთს ლევ ადიროვიჩმა.

„ინ ვიტრო“ კლინიკის დირექტორი ვერ აკეთებს წინასწარ პროგნოზს, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ.

„მაქსიმუმ, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, არის ისრაელელი ექიმებისთვის სამედიცინო დაუდევრობის ბრალდება. სხვა ბრალს ვერ წარუდგენენ, რადგან ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც საჭირო იყო. მე არ ვარ დარწმუნებული, წაუყენებენ თუ არა მათ ამ ბრალდებასაც, რადგან ყველა დოკუმენტი და ორი სინჯარა სისხლი გადაცემული იყო. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენთან პრეტენზია საერთოდ არ შეიძლება, რომ იყოს“, — ამბობს „ინ ვიტრო“ კლინიკა „Birth-ის“ დირექტორი ლევ ადიროვიჩი.

რა არის ჰემოფილია? 

ჰემოფილია წარმოადგენს მემკვიდრეობით დაავადებას, რომელიც გამოწვეულია X ქრომოსომის ხარვეზით. შესაბამისად, აღნიშნული დაავადება დედის ხაზით გადაეცემათ შვილებს. „ინ ვიტრო“ განაყოფიერებამდე და ზოგადად, ორსულობამდე, შესაძლებელია შესაბამისი კვლევების ჩატარება, რომლითაც დადგინდება, კონკრეტული ადამიანი არის თუ არა ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების გენის მატარებელი. შესაძლოა, რომ ქალი ამ გენის მატარებელი იყოს, თუმცა თავად არ იყოს ჰემოფილიით დაავადებული.

დაავადების გამოვლინება ხდება სპონტანური სისხლდენებით, რომელიც არის შინაგანიც და გარეგანიც. მსგავსმა სისხლდენამ შესაძლოა, სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე და სხვადასხვა მძიმე, საშიში გართულება გამოიწვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი