პრემიერ-მინისტრმა გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ სახელმწიფო დაეხმარება თვითდასაქმებულებსაც, მიუხედავად მათ იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული სირთულეებისა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა მათ ერთჯერადად 300 ლარს გადასცემს, რისთვისაც 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განმარტა, როგორ მიიღებენ თვითდასაქმებულები ერთჯერად დახმარებას. ჟურნალისტის კითხვას, როგორ აღნუსხავს მთავრობა ამ ადამიანებს, როდესაც მათი შემოსავლები ელექტრონულად არ ფიქსირდება, გახარიამ უპასუხა:
“სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც არაფორმალურად დასაქმებული უმარტივესი გზით, როგორც კი შეძლებს, დაადასტუროს რაიმე სახით შემოსავალი… ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, დამლაგებლისთვის – ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა; მოვაჭრისთვის – ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, ელემენტარული, სადაც ის შრომობდა; მძღოლისთვის – ასევე მსგავსი. რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს ელემენტარულად, რომ ამ ადამიანს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა, ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ასეთი სოციალური დახმარება გავცეთ”, – აღნიშნა გახარიამ.