ახალი ამბები

ეკონომიკური ზრდა იქნება მინუს 4% – გახარია

24 აპრილი, 2020 •
ეკონომიკური ზრდა იქნება მინუს 4% – გახარია

Covid-19-ის კრიზისის ფონზე ეკონომიკური ზრდა მინუს 4% იქნება. მონაცემები პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზენტაციაზე წარმოადგინა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში მართავს.

გახარიამ “კრიზისული ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრები” წარმოადგინა, რომელთა თანახმადაც, ქვეყნის ბიუჯეტი შემოსავლების სახით 1.8 მილიარდ ლარს დაკარგავს.

“რა თქმა უნდა, აქ ჩვენ მარტივად და სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება მიმდინარე ხარჯების შემცირების თაობაზე და ამან ჩვენ მოგვცა დაახლოებით 300 მილიონი ლარი.

თუმცა ასევე გასათვალისწინებელი იყო ის მომენტი, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ემატებოდა როგორც სოციალური, ეკონომიკური მხარდაჭერის კომპონენტები, ასევე, რა თქმა უნდა, Covid-19-თან გამკლავების სამედიცინო ხარჯები. შესაბამისად, აშკარა გახდა, რომ ბიუჯეტის დასაბალანსებლად გვაკლია 3.9 მილიარდი ლარი”, – აღნიშნავს გახარია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid-19-ის პანდემიის ფონზე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. მოგვიანებით შეზღუდვა დაწესდა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებაზეც.

23 აპრილის 23:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 425-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი