პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სოციალურად დაუცველი პირების ნაწილი, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ, რომელიც 6 თვეზე გადანაწილდება. დახმარებას მიიღებენ ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
კერძოდ, დახმარებას მიიღებენ:
- სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა
- ოჯახები, რომელთა საერიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები
გეგმის მიხედვით, აღნიშნული დახმარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, გამოყოფილია 83 მილიონი ლარი და ამ დახმარებას საქართველოს მასშტაბით 360 ათასამდე მოქალაქე მიიღებს.
“ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასსა და 100 ათასს შორისაა, სახელმწიფოს მხრიდან უკვე იღებენ დახმარებას, თუმცა ყურადღების გარეშე არის დატოვებული 65 ათასიდან 100 ათასამდე ქულის ოჯახები, რომლებსაც ვეხმარებით მრავალშვილიანების და არასრულწლოვნების ყოლის პირობებში. თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ოაჯხებს დავეხმაროთ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით და ეს არის საქართველოში 70 ათასი ოჯახი და დაახლოებით 190 ათასი მოქალაქე.
ამასთან ერთად, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 ათასამდე და ჰყავთ სამი და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, სახელმწიფო დაეხმარება 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების რაოდენობა დღეს საქართველოში არის 21 ათასი და ეს მოიცავს 130 ათას მოქალაქეს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური გამოწვევების და ეკონომიკური კრიზისის პირობებში მრავალშვილიანი ოჯახები არიან ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენა, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ყველა შემთხვევაში სჭირდება ფინანსური დახმარება.
ამასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ასევე ისარგებლებენ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარების ოდენობით სახელმწიფოს მხრიდან და დღეის მდგომარეობით საქართველოში ჩვენ გვყავს ასეთი 40 ათასი მოქალაქე. ამ ღონისძიების მოცულობა გახლავთ 25 მილიონი ლარი”, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, კორონავირუსის ფონზე შექმნილი კრიზისგან შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად ქვეყანას წლები დასჭირდება.