ახალი ამბები

შეზღუდვების მოხსნის სამთავრობო გეგმა

24 აპრილი, 2020 • 5289
შეზღუდვების მოხსნის სამთავრობო გეგმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის გახსნის პროცესი ქვეყანაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

პირველი ეტაპი უკვე 27 აპრილს, ორშაბათიდან დაიწყება. სულ კი ასეთი 6 ეტაპი იქნება.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ეკონომიკური ცხოვრების აღდგენა საქართველოში ეტაპობრივად დაიწყება, ეტაპებს შორის შუალედი კი 2 კვირა იქნება. ამასთანავე, გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

„ეს ყველაფერი უნდა მიმდინარეობდეს ისე, რომ ნებისმიერ მომენტში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების პირობებში, ჩვენ უნდა შეგვეძლოს გადავახვიოთ უკან ან შემდგომ ეტაპზე გადასვლა შევაჩეროთ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – ამბობს ის.

რაც შეეხება პირველ ეტაპს, ის გულისხმობს, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვის მოხსნას. გახარია მას ასე განმარტავს:

„ამ დაშვებებით, შემიძლია გითხრათ, რომ ორშაბათიდან, 27 აპრილიდან ჩვენ ვიწყებთ შემსუბუქების პირველ ეტაპს, რაც ნიშნავს, რომ 27 აპრილიდან, ორშაბათიდან სრულად დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების ოპერირება“, – ამბობს ის და ამატებს, რომ ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებულ წესებს.

ეს წესები, მაგალითად, გულისხმობს ტაქსის მიერ პირბადის ტარებას ან ღია ბაზრების მიერ ეპიდემიის კონტროლირების სპეციალურ მექანიზმებს.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, ის პირველი ეტაპიდან ორი კვირის შემდეგ ამოქმედდება: მშენებლობა; სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; სამშენებლო მასალების წარმოება; ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები; კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და ასევე, სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპიდან მოიხსნება ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, გაიხსნება: საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც გააჩნიათ შესასვლელი ქუჩიდან; ყველა ტიპის ღია ბაზრობა; ყველა ტიპის წარმოება; საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპზე კი გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით); ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება; სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპზე გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრობები და ბაზრები; ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით).

მეევსე ეტაპი, “ყველაზე რთული, აქ უკვე დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორი იქნება ეპიდემიის გავრცლების დინამიკა” ,- ამბობს გახარია. მეექვსე ეტაპი ეს გახლავთ გასართობი სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი; სასტუმროები; საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

“თქვენ შეამჩნევდით, რომ აქ არ არის ისეთი მსხვილი და ძირითადი ბლოკი, როგორიცაა მუნიციპალური ტრანსპორტი. აქ არ არის, მაგალითად, გემგური სამედიცინო მომსახურება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს ისეთი მიმართულებებია, რომელთა რომელიმე ეტაპისთვის მიბმა იქნებოდა უკიდურესად სუბიექტური და პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელების გეორგაფიასა და სისწრაფესთან” ,– ამბობს გახარია.

გახარიამ თქვა, რომ „პანდემიამ ჩვენი ცხოვრება შეცვალა ისე, რომ გარკვეული შეზღუფვები და ღონისძიებები წლების განმავლობაში დარჩება ჩვენთან“ და 4 აუციელებლი წესი წარადგინა, რომლის გარეშეც, მისი შეფასებით, ეკონომიკური ცხოვრების აღდგენა შეუძლებელი იქნება.

„ეს წესები ძალიან მარტივი და გლობალურია: სოციალური დისტანცირება – დადგენილი წესების დაცვა აუცილებელია და, როგორც ჩანს, კდიევ დიდხანს იქნება აუცილებელი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კორონავირუსის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ დღემდე მსოფლიომ ვერ მოძებნა რეცეპტი, როგორ ებრძოლოს ამ ვირუსს, გარდა სოციალური დისტანცირებისა, პირბადისა, მობილობის შემცირებისა და ა.შ. ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რის პირობებშიც ჩვენ ერთად ცხოვრება მოგვიწევს.

საზოგადოებრივ ადგილებში პირბადეების ტარება, როგორც ჩანს, რაღაც პერიოდი, ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება.

იურიდიული პირების მიერ სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა – ყველა მეწარმემ, ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შეუძლებელი იქნება საქმიანობის აღდგენა იმ მოთხოვნების დაცვის გარეშე, რომელსაც ეპიდემიოლოგები და ექიმები წარადგნენ.

სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური შრომის მეთოდი, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ფიზიკური კონტაქტი შევამციროთ“,- განმარტავს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი