შეუწყო თუ არა ხელი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პირველ ეტაპზე გამოვლენილმა პასიურობამ ჩინეთს, მიეჩქმალა კორონავირუსთან დაკავშირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და როგორი იყო მათი რეაქცია? ნეტგაზეთმა ქრონოლოგიურად მოუყარა თავი კორონავირუსის შესახებ ფაქტებს გასული წლის დეკემბრიდან დღემდე, სადაც ჩანს, ვინ რას ამბობდა და როდის გაიგო მსოფლიომ, რომ კორონავირუსი საშიში იყო.
რა ხდება
მსოფლიოს ლიდერების, მეცნიერებისა და მედიასაშუალებების ნაწილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო, WHO) ახალი კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ინფორმაციის დამალვასა და კრიზისის არასწორ მენეჯმენტში სდებს ბრალს. ისინი WHO-ს ადანაშაულებენ ჩინეთის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების ლობირებაში.
WHO-ს კრიტიკოსთა რიგებში არიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი. ორგანიზაცია ბრალდებებს, საბოლოო ჯამში, გამოეხმაურა — მისმა გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მოუწოდა ქვეყნებს, თავი შეიკავონ ვირუსის პოლიტიზირებისგან, იუწყება CNN.
ჩინეთში ახალი, უცნობი ვირუსის გამოჩენის შესახებ პირველი შეტყობინებები საერთაშორისო მედიაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში გამოჩნდა, თუმცა ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსს სერიოზულ საფრთხედ არ მიიჩნევდა და სიტუაციის მიჩქმალვას ცდილობდა.
ამის დასტურად გამოდგება ვუჰანელი ექიმის, ლი ვენიანგის ამბავი — მის შესახებ „ნეტგაზეთი“ ადრეც წერდა. ამ ექიმმა ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა ახალი ვირუსის შესახებ და 30 დეკემბერს WhatsApp-ში მის შესახებ შეატყობინა კოლეგებს. ხელისუფლებამ ექიმი დაიბარა, „უკანონო აქტივობებში“ დასდო ბრალი და გაფრთხილება მისცა. ვენიანგი მოგვიანებით კორონავირუსით დაავადდა და გარდაიცვალა.
მოვლენების ქრონოლოგია: 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე
31 დეკემბერი: ჩინეთის ხელისუფლებამ აქამდე უცნობი ვირუსის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა 2019 წლის 31 დეკემბერს. სახელმწიფო ტელევიზია CCTV-ში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ვირუსი. ექსპერტების ჯგუფი სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე ჩავიდა.
იმავე დღეს ვუჰანის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეატყობინა ახალი ვირუსის შესახებ, თუმცა განცხადება ამის შესახებ ჯანმომ მხოლოდ 5 იანვარს გაავრცელა.
3 იანვარი: ლი ვენიანგი, ერთ-ერთი ექიმი, რომელმაც მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ვირუსის შესახებ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა, პოლიციაში დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ „არაკანონიერი აქტივობების“ გაგრძელების შემთხვევაში პასუხს აგებინებდნენ.
7 იანვარი: ჩინელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ვუჰანში გავრცელებული უცნობი ვირუსი ახალი კორონავირუსია.
9 იანვარი: ჯანმომ გამოაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსთან ბრძოლაში სწრაფი რეაგირება გამოიჩინა.
14 იანვარი: ექიმი ლი ვენლიანგი, რომელმაც 30 კოლეგას ჯგუფურ ჩატში ვირუსის შესახებ შეატყობინა და ურჩია, ინფიცრების თავიდან აცილებისთვის შესაბამისი ზომები მიეღოთ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კორონავირუსით დაავადება დაუდგინდა. მასთან ერთად საავადმყოფოში მოათავსეს მისი მშობლები, რომლებსაც აგრეთვე აღმოაჩნდათ დაავადება. იმავე დღეს ჯანმომ „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანისთვის გადაცემის მყარი მტკიცებულება არ არსებობდა. მსგავსი განცხადება გაავრცელა ვუჰანის მუნიციპალეტიტის ჯანდაცვის ორგანომ, მაგრამ დაამატა, რომ ადამიანიდან ადამიანისთვის გადაცემის შესაძლებლობა გამორციხული არ იყო.
16 იანვარი: იაპონიამ WHO-ს შეატყობინა, რომ ქვეყანაში დაფიქსირდა ახალი ვირუსის შემთხვევა. იაპონური მხარის თქმით, ინფიცირებული იმყოფებოდა ვუჰანში და შესაძლოა, კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან.
18 იანვარი: 2 იანვარს ლაბორატარიულად დადასტურებული 16 შემთხვევის შესახებ შეტყობინების გავრცელების შემდეგ, ჩინეთმა პირველად გამოაცხადა ახალი შემთხვევების დაფიქსირების თაობაზე. იმავე დღეს ვუჰანში ჩატარდა ჩინური ახალი წლის აღსანიშნავი წვეულება, რომელსაც მრავალი ადამიანი ესწრებოდა.
20 იანვარი: ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ პირველად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. 21 იანვარს WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ 20 იანვრის ანგარიშში ნათქვამი არ ყოფილა ვირუსის ადამიანიდან ადამიანისთვის გადაცემის შესახებ.
21 იანვარი: WHO-მ „ტვიტერზე“ გამოაცხადა, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანისთვის გადაცემის მინიმუმ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ორგანიზაციის თქმით, საკითხის უფრო საფუძვლიანი შესწავლა იყო საჭირო.
22 იანვარი: ჩინეთის ხელისუფლებამ მომდევნო დღიდან ვუჰანში კარანტინი გამოაცხადა. აიკრძალა ქალაქში შესვლა-გამოსვლა, შეაჩერა მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. იმავე დღეს ვუჰანის მერმა განაცხადა, რომ ქალაქმა დროულად არ გაავრცელა ინფორმაცია ვირუსზე, რადგანაც ამისთვის „ზემოდან“ ნებართვა სჭირდებოდათ.
26 იანვარი: ჯანდაცვის მსოფლიო ოორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პეკინში მიემგზავრებოდა. ვიზიტის შემდეგ ჩინეთი შეაქო და აღნიშნა, რომ ქვეყანამ „დააწესა ახალი სტანდარტი [დაავადებების] აფეთქებების შეკავებაში“.
27 იანვარი: გაბრიელ ლეუნგმა, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ჩაატარა ლექცია, სადაც განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს 10-ჯერ აღემატებოდა. მისი თქმით, 24 იანვრისთვის ჩინეთში 44 000-დან 100 000-მდე დაავადებული იყო. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გაგრძელდებოდა და პიკს აპრილის ბოლოს ან მაისში მიაღწევდა, ამ პიკის დროს კი დღეში 100 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდებოდა. შესაბამისი სტატია შემდეგ გამოქვეყნდა ჟურნალ Lancet-ში.
იმავე დღეს სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კორონავირუსის ტესტის შექმნის დაჩქარების საჭიროების შესახებ განუცხადეს.
ვუჰანის მერმა განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლების შეზღუდვის გამო ვირუსის საფრთხის შესახებ სრული ინფორმაციის გამხელა არ შეეძლო და აღნიშნა, რომ „ცენტრალური ხელისუფლება ნაწილობრივ პასუხისმგებელია გამჭვირვალობის ნაკლებობაზე, რომელმაც ხელი შეუშალა, სათანადო პასუხი გაეცათ ჯანდაცვაში არსებულ კრიზისზე“.
28 იანვარი: ჩინეთის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ექიმი ლი ვენლიანგი და შვიდი სხვა მედიკოსი, რომლებმაც ჯერ კიდევ ვირუსის გამოჩენისას მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, არ უნდა დასჯილიყვნენ.
31 იანვარი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს გლობალურ საგანგებო სიტუაციად აცხადებს. იმავე დღეს ვირუსის პირველი შემთხვევა ფიქსირდება იტალიაში.
5 თებერვალი: ჰუბეის პროვინციაში, რომლის დედაქალაქიც ვუჰანია, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების თითქმის 20 000 დაფიქსირებული შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი.
იმავე დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, თეოდროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლაში ჩინეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ვირუსის შესაკავებლად წარმატებული აღმოჩნდა. ჯანმომ კი განაცხადა, რომ ვირუსის სამკურნალო პრეპარატი ჯერჯერობით არ არსებობს.
6 თებერვალი: გარდაიცვალა ექიმი ლი ვენლიანგი — მან ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს გააფრთხილა კოლეგები ახალი ვირუსის შესახებ. იანვრის დასაწყისში ვუჰანის პოლიციამ მას „არაკანონიერ აქტივობებში“ დასდო ბრალი, მაგრამ იმავე თვის ბოლოს ჩინეთის უზენაესმა სასამართლომ, ფაქტობრივად, უდანაშაულოდ ცნო.
7 თებერვალი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, „ჩინეთმა ვირუსის საკითხში უპრეცედენტო გამჭვირვალობა აჩვენა“.
9 თებერვალი: ლი ვენლიანგზე საუბრისას ჯანმოს ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა: „ყველანი მწუხარებას გამოვთქვამთ მეგობარი ექიმისა და კოლეგის დაღუპვის გამო“, თუმცა აღნიშნა, რომ „ეპიდემიის დასაწყისში ადგილი აქვს ხოლმე გაუგებრობებს, რაც სავსებით გასაგებია. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, სანამ გაუგებრობას დეზინფორმაციას ვუწოდებთ. არსებობს აქ განსხვავება. ადამიანებს შეუძლიათ გაუგებრობაში მოხვდნენ და შემდეგ გადამეტებული რეაქცია ჰქონდეთ“.
10 თებერვალი: დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვირუსი აპრილში, ტემპერატურის ზრდის შემდეგ „სასწაულებრივად“ გაქრება.
11 თებერვალი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსს SARS-CoV-2 უწოდა, ხოლო მის მიერ გამოწვეულ დაავადებას COVID-19.
16-24 თებერვალი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფი სიტუაციის გასაცნობად ჩინეთში ჩავიდა და ანგარიში გამოაქვეყნა. ჯგუფის ცნობით, ჩინეთმა ინფორმაცია დროულად გაავრცელა(ყოველ შემთხვევაში, ანგარიშში ამაზე არაფერია ნათქვამი). გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, „ჩინეთის მამაცურმა მიდგომამ ამ ახალი რესპირატორული პათოგენის გავრცელების შეკავებაში სწრაფად მზარდი და სასიკვდილო ეპიდემიის კურსი შეცვალა“. ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ ჯგუფმა განაცხადა, რომ დიდწილად კმაყოფილი იყო ჩინეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციით.
19 თებერვალი: კორონავირუსის პირველი შემთხვევები ფიქსირდება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. უკვე 16 აპრილისთვის ქვეყანაში დაინფიცირების 76 389 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 4 777 ადამიანი.
21 თებერვალი: კორონავირუსით დაავადების კლასტერი აღმოჩენილია ლომბარდიის რეგიონში. სწორედ იტალიის ჩრდილოეთიდან გავრცელდა ვირუსი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
26 თებერვალი: კორონავირუსის პირველი შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში. პირველი დაავადებული საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
6 მარტი: ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამავე დროს, კორონავირუსი მასობრივად იწყებს გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით — იტალიასა და ირანში.
11 მარტი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს გლობალურ პანდემიად აცხადებს. ამ დროისთვის ცნობილია დაახლოებით 118 000 ინფიცირებულის შესახებ მსოფლიოს 114 ქვეყანაში, აქედან გარდაცვლილია დაახლოებით 4 300 ადამიანი. იმავე დღეს ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ WHO-მ ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულად მიიღო.
მარტი-აპრილის პერიოდში აქტიურად იწყება ჯანმოსა და ჩინეთის კრიტიკა:
27 მარტი: ჩინეთის მიერ კორონავირუსის დამალვის შესახებ წერს „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) — ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჩინური მედია თავისუფალი რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა პანდემიის თავიდან აცილება.
2 აპრილი: კრიტიკული წერილი გამოცემა Foreign Policy-ში გამოაქვეყნა გერმანელმა ჟურნალისტმა და ჟურნალ MedWatch-ის თანადამფუძნებელმა ჰენერიკ ფელდვიშ-დრენტრუპმა. მან ჯანმოს „ჩინეთის კორონავირუსის [დანაშაულის] თანამონაწილე“ უწოდა.
5 აპრილი: სარედაქციო მასალაში ჯანმო გააკრიტიკა ამერიკულმა გამოცემამ, The Wall Street Journal-მაც — „უკვე არსებობს ერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალი პანდემიები ნაკლებად სასიკვდილო იყოს — WHO-ს რეფორმა ან მისი დაფინანსების შეწყვეტა“.
8 აპრილი: იაპონიის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ტარო ასომ განაცხადა, რომ ჯანმოს უკვე უწოდებენ „ჯანდაცვის ჩინეთის ორგანიზაციას“, რისი მიზეზიც, მისი განცხადებით, ორგანიზაციის ახლო კავშირებია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, იუწყება ამერიკული The New York Times.
9 აპრილი: ABC News წერს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალების ჯანდაცვის დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის მსგავსი ინფექცია ვუჰანში ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში ფიქსირდებოდა, თუმცა შემდეგ უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსგავსი ანგარიში არ არსებობდა და ინფორმაცია მცდარია.
13 აპრილი: ინფორმაციის დამალვის შესახებ საუბრობს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი.
14 აპრილი: ინფორმაციის იგნორირებაში ჯანმოს ბრალს სდებს ტაივანი (კონტინენტალური ჩინეთისგან სამოქალაქო ომის შემდეგ გამოყოფილი კუნძული, რომლის დამოუკიდებლობას პეკინი და გაეროს წევრების ნაწილი არ აღიარებს) — მათი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის ადამიანიდან ადამაინისთვის გადაცემის შესახებ წერილი ორგანიზაციას ჯერ კიდევ დეკემბერში გაუგზავნეს, თუმცა ჯანმო იანვრის შუა პერიოდშიც კი აცხადებდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.
15 აპრილი: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორგანიზაციას დაფინანსება დროებით შეუწყვიტა და განაცხადა, რომ WHO-მ „პოლიტიკური კორექტულობა უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მისაღები საჭირო ზომები “; „WHO ჩაფლავდა თავისი ვალდებულებების შესრულებაში და პასუხი უნდა აგოს“, — აღნიშნა მან და დაამატა, რომ WHO-მ იგნორირება მოახდინა „სანდო ინფორმაციის“, რომელიც 2019 წლის დეკემბრისთვის არსებობდა, რომლის მიხედვითაც, ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა.
16 აპრილი: Associated Press-ის (AP) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთმა უკვე 14 იანვარს იცოდა, რომ ვირუსი, დიდი ალბათობით, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ მხოლოდ 6 დღეში, 20 იანვარს გამოაცხადა. ამ შუალედში ვუჰანში, სადაც კორონავირუსი თავდაპირველად გამოჩნდა, მასობრივი ბანკეტი ჩატარდა.
16 აპრილის 18 საათის (თბილისის დროით) მონაცემით, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული სტატისტიკის თანახმად, მსოფლოში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 2 076 015 შემთხვევა. აქედან გარდაცვლილია 138 101, ხოლო გამოჯანმრთელებულია 522 881. ვირუსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული, ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილში შეჩერებულია ავიამიმოსვლა, უცხოელების შესვლა, საჯარო შეკრებები, დახურულია ყველა ობიექტი გარდა გადაუდებელი საჭიროების დაწესებულებებისა და ა.შ.