ახალი ამბები

ჩინელი ექიმის ისტორია, რომელიც კორონავირუსის შესახებ სხვების გაფრთხილებას ცდილობდა

4 თებერვალი, 2020 • 2859
ჩინელი ექიმის ისტორია, რომელიც კორონავირუსის შესახებ სხვების გაფრთხილებას ცდილობდა

ჩინელი ექიმი, ოფთალმოლოგი ლი ვენლიანგი, რომელიც ვუჰანის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ჩინურ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა მისი ფოტო და პოსტი, სადაც კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე ექიმის ისტორიაა მოთხრობილი. ამ ისტორიას ბრიტანული „BBC“ აქვეყნებს:

„ყველას მოგესალმებით. ეს არის ლი ვენლიანგი, ოფთამოლოგი ვუჰანის ცენტრალურ საავადმყოფოში”.

BBC-ის ცნობით, ეს ისტორია მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორი იყო ვუჰანის ადგილობრივი მმართველობის რეაქციაკორონავირუსის გავრცელების ადრეულ პერიოდში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ექიმი ლი მუშაობდა დეკემბერში – ვირუსის ეპიცენტრში, როცა შეამჩნია 2003 წელს გლობალურ ეპიდემიად ქცეული SARS-ის მსგავსი ვირუსი. მიიჩნეოდა, რომ ვირუსი ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან მოდიოდა. დაავადებულები საავადმყოფოში, კარანტინტინში იყვნენ მოთავსებულნი.

30 დეკემბერს მან თავის კოლეგებს ჯგუფურ ჩატში ვირუსის შესახებ შეატყობინა და ურჩია, ინფიცრებისგან თავის აცილებისთვის შესაბამისი ზომები მიეღოთ.

თუმცა ექიმმა ლიმ არ იცოდა, რომ მაშინ აღმოჩენილი დაავადება სრულიად ახალი კორონავირუსი იყო.

ოთხი დღის შემდეგ მასთან მივიდნენ ოფიციალური პირები საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროდან და დოკუმენტზე ხელის მოწერა მოთსხოვეს. დოკუმენტში მას „ყალბი კომენტარების გაკეთებაში“ და „სოციალური წესრიგის ძლიერ დარღვევაში“ ადანაშაულებდნენ.

„გაფრთხილებთ: თუ გააგრძელებთ ეგოისტობას, გამოავლენთ უპატივცემულობას და გააგრძელებთ ამ არაკანონიერ მოქმედებებს, პასუხის გაცემა მოგიწევთ – ეს გასაგებია?“ — ეწერა წერილში. „დიახ, გასაგებია“ — ხელს აწერს ლი.

იგი იყო ერთ-ერთი იმ რვა ადამიანთაგან, რომელთა საქმესაც პოლიცია „ჭორების გავრცელებისთვის“ იძიებდა.

იანვრის ბოლოს ექიმმა ლიმ წერილის ასლი „Weibo-ზე“ (ჩინური სოციალური ქსელი) გამოაქვეყნა და ახსნა, თუ რა მოხდა. ამავე დროს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ბოდიში მოუხადა, “მაგრამ ბოდიში ძალიან დაგვიანებული იყო”.

იანვრის პირველ კვირებში ვუჰანის ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ვირუსით დაავადება მხოლოდ ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტით იყო შესაძლებელი და ექიმების დასაცავად არანაირი ინსტრუქცია არ მიუღიათ.

პოლიციის ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ, ექიმი ლი მკურნალობდა ქალს, რომელსაც გლაუკომა ჰქონდა. მან არ იცოდა, რომ პაციენტი ახალი კორონავირუსით იყო დაავადებული“.

Weibo-ში გამოქვეყნებულ პოსტში ლი წერს, რომ 10 იანვარს ხველება დაეწყო, მეორე დღეს – სიცხე, ორი დღის შემდეგ კი უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

10 დღის შემდეგ – 20 იანვარს ჩინეთმა ვირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ექიმი ლის თქმით, კორონავირუსით დაავადების საკითხზე რამდენიმე ანალიზი ჩაუტარეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში პასუხი ნეგატიური იყო. ლის კორონავირუსით დაავადება მხოლოდ 30 იანვარს დადასტურდა.

ექიმის პოსტს სოციალურ ქსელებში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ერთი მომხმარებლის თქმით, „ექიმი ლი ვენლიანგი გმირია“. იგი აგრეთვე წუხს, რომ მისი [ლის] ისტორია შეიძლება არ მეტყველებდეს კარგად მათი ქვეყნის ჯანდაცვაზე. „მომავალში ექიმებს უფრო შეეშინდებათ ადრეული გაფრთხილება გაავრცელონ, როცა ინფექციური დაავადების ნიშნებს აღმოაჩენენ“, – წერს ერთი მომხმარებელი.

სხვა მომხმარებლის თქმით, „უფრო უსაფრთხო საჯარო ჯანდაცვის გარემო… ათობით მილიონ ლი ვენლიანგს მოითხოვს“.

ექიმი ლი ვენლიანგმა პოსტი თავად გამოაქვეყნა. იგი ამჟამად ქალაქ ვუჰანის საავადმყოფოში გადის მკკურნალობას.


ჩინეთის ცნობით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა 2,1 პროცენტი გარდაიცვალა, რაც უფრო დაბალი პროცენტული მაჩვენებელია, ვიდრე ებოლას თუ სხვა ვირუსების შემთხვევაში, რომელთა გამოც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.

4 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით:

  • დაავადებულია 20 630 ადამიანი;
  • გარდაცვლილია 427 (ორი – კონტინენტალური ჩინეთის ფარგლებს გარეთ);
  • გამოჯანმრთელდა 636;

შეგიძლიათ გაეცნოთ NCDC-ის რეკომენდაციებს კორონავირუსზე:

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ინფექციურს – NCDC-ს რეკომენდაციები კორონავირუსზე

მასალების გადაბეჭდვის წესი