ახალი ამბები

აშშ WHO-ს დაფინანსებას შეაჩერებს — ტრამპი

15 აპრილი, 2020 •
აშშ WHO-ს დაფინანსებას შეაჩერებს — ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო, WHO) დაფინანსებას დროებით წყვეტს. ტრამპის განცხადებით, ორგანიზაციამ „პოლიტიკური კორექტულობა სიცოცხლეების გადარჩენისთვის საჭირო ზომებზე მაღლა დააყენა“. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.

გარდა ამისა, ტრამპის განცხადებით, აშშ გამოიძიებს, თუ რატომ გამოიწვია WHO-მ „ამდენი გარდაცვალება კორონავირუსის ეპიდემიის არასწორი მართვითა და [ინფორმაციის] დამალვით“.

„ჩვენ დიდი ეჭვები გვაქვს, რამდენად კარგად იყო გამოყენებული აშშ-ის გულუხვობა“, — განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო საზოგადოებას კორონავირუსის საფრთხეზე საკმარისი ინფორმაცია მიაწოდა.

„WHO ჩაფლავდა თავისი ვალდებულებების შესრულებაში და პასუხი უნდა აგოს“, — აღნიშნა მან და დაამატა, რომ WHO-მ 2019 წლის დეკემბრისთვის არსებული „სანდო ინფორმაციის“ იგნორირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა.

აქამდე WHO-ს კრიტიკით გამოვიდა ენტონი ფაუჩი, აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ინფექციონისტი და ტრამპის კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის ერთ-ერთი მთავარი წევრი — მისი თქმით, ჩინეთიდან წამოსულმა დეზინფორმაციამ, რომელიც WHO-მ გაიმეორა, [ვირუსის ეპიდემიისთვის] აშშ-ის მზადყოფნაზე ცუდი გავლენა იქონია.

გარდა ამისა, ტაივანის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც, მათი თქმით, ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში გააფრთხილეს ჯანმო ახალი ვირუსის შესახებ, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. 2020 წლის 14 იანვრისთვის ჩინეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით WHO-ში მიიჩნევდნენ, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანისთვის გადაცემის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი