ახალი ამბები

ჩინეთის მედია თავისუფალი რომ იყოს, შესაძლოა, პანდემია აგვეცილებინა – RSF

27 მარტი, 2020 • 3278
ჩინეთის მედია თავისუფალი რომ იყოს, შესაძლოა, პანდემია აგვეცილებინა – RSF

ჩინეთის მედია თავისუფალი რომ ყოფილიყო, საზოგადოება COVID-19-ის შესახებ გაცილებით ადრე შეიტყობდა ინფორმაციას და შესაძლოა, მას პანდემიის სახე არ მიეღო, — აცხადებს მედიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF).

ჩინეთი, ამავე ორგანიზაციის თანახმად, პრესის თავისუფლების რეიტინგში მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილზეა.

RSF ციტირებს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევრების 13 მარტის პუბლიკაციას, რომლის თანახმადაც, თუკი ჩინეთი ვირუსთან საბრძოლველად პირველად ზომებს 20 იანვრის ნაცვლად ორი კვირით ადრე მიიღებდა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 86%-ით ნაკლები შეიძლება ყოფილიყო.

ორგანიზაციის თანახმად, მედიაზე დაწესებული ცენზურისა და კონტროლის მექანიზმების გარეშე, ჩინეთში მედიასაშუალებები საზოგადოებას გაცილებით ადრე ამცნობდნენ ეპიდემიის სერიოზულობის შესახებ, ათასობით სიცოცხლის გადარჩენას შეუწყობდნენ ხელს და შესაძლოა, ამ დაავადებას პანდემიის სახე არ მიეღო (ანუ მსოფლიოში ასე მასშტაბურად არ გავრცელებულიყო).

„რეპორტიორები საზღრვებს გარეშე“ წერს, რომ პირველი დოკუმენტირებული შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ ქალაქ ვუჰანში უკვე 60 პაციენტი იყო აღრიცხული, რომელსაც SARS-ის მსგავსი პნევმონია აღენიშნებოდა და რომელთა ნაწილიც ჰუნანის თევზის ბაზრობაზე ხშირად დადიოდა.

„სიტუაციის მიუხედავად, ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭირო ამ ინფორმაციის მედიისთვის გაზიარება. ხელისუფლებას მედიისთვის რომ არ დაემალა ეპიდემიის გავრცელების კავშირი პოპულარულ ბაზრობასთან, ხალხი შეწყვეტდა იქ სიარულს მანამ, სანამ ბაზრობას ოფიციალურად დახურავდნენ, რაც პირველ იანვარს მოხდა“.

RSF-ის თანახმადვე, ექიმი ლუ ქსიაოჰონგი, ვუჰანის მე-5 საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის განყოფილების უფროსი, 25 დეკემბრიდან ისმენდა ცნობებს სამედიცინო პერსონალის დაავადების შესახებ და იანვრის პირველი კვირიდან ჰქონდა ეჭვი, რომ დაავადებას ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ.

ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთში ჟურნალისტების წყაროებს მკაცრი ჯარიმები, მათ შორის, ხანგრძლივი პატიმრობა რომ არ ემუქრებოდეთ, შესაძლოა, ექიმ ქსიაოჰონგს მედია გაერფთხილებინა, რომელიც გააშუქებდა ამ ამბავს, ეს კი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ აიძულებდა.

RSF-ს კიდევ რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს, მაგალითად:  ექიმმა ოფთალმოლოგმა ლი ვენლიანგმა, რომელიც ვუჰანის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა, 30 დეკემბერს კოლეგებს ჯგუფურ ჩატში ვირუსის შესახებ შეატყობინა და ურჩია, ინფიცრებისგან თავის აცილებისთვის შესაბამისი ზომები მიეღოთ.

ოთხი დღის შემდეგ მასთან მივიდნენ ოფიციალური პირები საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროდან და დოკუმენტზე ხელის მოწერა მოსთხოვეს. დოკუმენტში მას „ყალბი კომენტარების გაკეთებაში“ და „სოციალური წესრიგის ძლიერ დარღვევაში“ ადანაშაულებდნენ. საბოლოოდ, თავად ექიმიც დაინფიცირდა და 6 თებერვალს გარდაიცვალა.

ამასთან, 31 დეკემბერს ჩინურ საკომუნიკაციო პლატფორმა WeChat-ში აიკრძალა ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტყვების (keyword-ების) გამოყენება.

RSF-ის თანახმად, პრესაში და სოციალურ მედიაში 30 დეკემბერსვე რომ ყოფილიყო შესაძლებელი ამ ინფორმაციის გავრცელება, ხალხი საფრთხეს გაიაზრებდა და ზეწოლას მოახდენდა ხელისუფლებაზე, რათა შესაბამისი ზომები მიეღოთ.

„საერთაშორისო მედიას 13 იანვრამდე რომ ჰქონოდა სრული წვდომა იმ ინფორმაციაზე, რასაც ჩინეთის ხელისუფლება ფლობდა ეპიდემიის შესახებ, სავარაუდოა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკეთ მოემზადებოდა კრიზისითვის, შეამცირებდა ეპიდემიის ჩინეთის გარეთ გავრცელების რისკებს და შესაძლოა, თავიდან აცილებული ყოფილიყო მისი ეპიდემიაში გადაზრდა“, – წერს RSF.

27 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 540 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და ეს რიცხვი ყოველდღიურად ათასობით იზრდება. მსოფლიო მასშტაბით გარდაცვლილია 24 ათასზე მეტი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი