ახალი ამბები

ფაუჩი: ინფორმაცია, რომელიც ჩინეთიდან COVID-19-ზე მოგვაწოდეს, არ იყო სწორი, ამას მივუბრუნდებით

13 აპრილი, 2020 • 2503
ფაუჩი: ინფორმაცია, რომელიც ჩინეთიდან COVID-19-ზე მოგვაწოდეს, არ იყო სწორი, ამას მივუბრუნდებით

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ “ფოქს ნიუს-ის” გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ შეისწავლიან, თუ როგორ იქცეოდა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით:

“ჩვენ შევისწავლით ჩინეთის მიერ კორონავირუსის მართვას, როდესაც ყველაფერი დასრულდება”, – თქვა ფაუჩიმ “ფოქსთან”.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც აშშ-ს მიაწოდეს, არასწორი იყო:

“როდესაც ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირა აშშ-ში, ცხადია, ჩვენ დავიწყეთ გამოკვლევა, თუ რაში იყო საქმე. თვიდანვე ჩანდა, რომ დეზინფორმაციასთან გვქონდა საქმე. თუ ვისი ბრალეულობა იყო ამაში, ყველაფერი რომ დასრულდება, ამას მივუბრუნდებით. ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, ცხადია, რომ არ იყო სწორი”, – თქვა ფაუჩიმ.

ფაუჩიმ ყურადღება გაამახვილა ჩინეთში ვირუსის გავრცელებასა და მისი გადაცემის გზებზე. როგორც მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ინფექციონისტმა “ფოქსთან” განაცხადა, მას შემდეგ, რაც გაიგეს დაავადების ადამიანიდან ადამიანზე მარტივად გადაცემისა და მაღალი სიკვდილიანობის შესახებ, ცხადი გახდა, რომ პრობლემა ექნებოდა აშშ-საც, ჩინეთთან აქტიური ავიამიმოსვლის გამო.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთთან მიმოსვლა სწრაფადვე გავწყვიტეთ, როგორ კი ვირუსმა ქვეყანაში ფესვი გაიდგა, ისე მოხდა, როგორც გადადების მაღალი მაჩვენებლის მქონე ვირუსების შემთვევაში ხდება ხოლმე” ,- თქვა ფაუჩიმ.

ჟურნალისტმა ფაუჩის ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ჩინეთის მთავრობამ ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აშშ შეცდომაში შეიყვანეს?  ამის საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ არ იცის, შეცდომები ვინ და სად დაუშვა, თუმცა ცნობილია, რომ დაავადების ადამიანიდან ადამიანზე გადადება რამდენიმე კვირით ადრე მოხდა, ვიდრე ჩინეთმა ამის შესახებ განაცხადა:

“არ ვიცი, მცდარი ნაბიჯები სად გადაიდგა. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ დასაწყისში სწორი ინფორმაცია არ გვქონდა, რადგანაც, როდესაც პირველი შემთხვევების იდენტიფიცირება მოხდა ჩინეთში, ვფიქრობ, ეს 31 დეკემბერს იყო, და ჩვენ ამის შესახებ შევიტყვეთ, მათ გვითხრეს, რომ მხოლოდ ცხოველიდან ადამიანზე გავრცელების შემთხვევები იყო, თუმცა ახლა ვიცით, რომ ჩინეთში ადამიანიდან ადამიანზე გადადება, სავარაუდოდ, სულ მცირე, იქამდე რამდენიმე კვირით ადრეც ხდებოდა”, – თქვა ფაუჩიმ.

ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობაზე კვლევებს ზღუდავს – CNN

მასალების გადაბეჭდვის წესი