ამერიკული ტელეარხის, Fox News-ის ცნობით, ტაივანმა გამოაქვეყნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის (WHO) დეკემბერში გაგზავნილი წერილი, რომელშიც იყო ინფორმაცია, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა.
როგორც Fox News წერს, ტაივანი WHO-ს ადანაშაულებს, რომ ჩინეთის სასარგებლოდ მოქმედებდა და კორონავირუსის საფრთხესა და გავრცელების რისკს სერიოზულად არ აღიქვამდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ტაივანმა ატეხა განგაში მას შემდეგ, რაც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ატიპური პნევმონიის 7 შემთხვევის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
Fox News-ის ინფორმაციით, ტაივანის ჯანდაცვის სამინისტრომ WHO-ს წერილი 31 დეკემბერს გაუგზავნა, სადაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვირუსის ახალი შემთხვევები „ალბათ არ იყო SARS (2002 წელს გავრცელებული კორონავირუსი)“, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი, რელევანტური ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.
როგორც Fox News იუწყება, WHO უარყოფს, რომ ტაივანმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ვირუსის ადამიანიდან ადამიანისთვის გადაცემაზე, მაგრამ ტაივანის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, რომ მათ სპეციალურად აღნიშნეს „ატიპური პნევმონია“, რაც ჰგავს SARS-ს, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. ტაივანის CDC-ის გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში წერია: „საჯარო ჯანდაცვის პროფესიონალებს შეეძლოთ გაეგოთ ამ ფორმულირებიდან, რომ არსებობდა ამ დაავადების ადამიანიდან ადამიანისთვის გადაცემის რეალური რისკი“.
ტაივანის წარმომადგენლების განცხადებით, WHO და ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უარი განაცხადეს ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც, შესაძლოა, მათ დახმარებოდა, უფრო ადრე მომზადებულიყვნენ ვირუსის შედეგებთან გასამკლავებლად
ტაივანი არის კუნძული, რომელიც ჩინეთის სამოქალაქო ომის შემდეგ სახმელეთო ჩინეთს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ოფიციალური პეკინი ტაივანის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.








