ახალი ამბები

რას ფიქრობენ ოპოზიციის ნაწილში ხელისუფლება-საპატრიარქოს შეთანხმებაზე

16 აპრილი, 2020 • 2158
რას ფიქრობენ ოპოზიციის ნაწილში ხელისუფლება-საპატრიარქოს შეთანხმებაზე

კორონავირუსის გავრცელების პიკის მოლოდინში და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ეკლესიებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა დასაშვები რჩება.

19 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს, ტრადიციულად, ლიტანიობით აღნიშნავს. გაურკვეველი იყო, კომენდანტის საათის პირობებში როგორ მოახერხებდა მრევლი ღამისთევით ღვთისმსახურებაში მონაწილეობას, თუმცა ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, ეკლესიები არ დაიხუროს, მრევლის წევრები ტაძრებში 21:00 საათამდე მივიდნენ და 06:00-მდე დარჩნენ – დიდი ზომის ეკლესიებში ორმეტრიანი დისტანციით, მცირე ზომის ეკლესიაში კი სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები იქნებიან. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პატარა ტაძრებში მრევლი უნდა იყოს ეზოში.

როგორ აფასებენ ამ შეთანხმებას ოპოზიციის ნაწილში და რას იზამდნენ, თავად რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში?

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ გუშინდელმა შეთანხმებამ ნათელი გახადა, როგორი უსუსური და უუნაროა ხელისუფლება.

“აშკარაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებამ მოიხსნა მასზე კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობა. მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავიწყებ კეკლუცობას და ასევე, ცუდია, როდესაც ამ მძიმე სიტუაციაში საპატრიარქო არ უფრთხილდება თითოეულ ადამიანს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითი, სადაც მღვდელმსახურები პირდაპირ მოუწოდებენ მრევლს, არ მივიდნენ ტაძარში. ჩვენ გვაქვს ახლა სიტუაცია, როდესაც საპირწონედ დგას ადამიანის სიცოცხლე. ამ სიტუაციაში, ფაქტია, არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დაიცავს თითოეულ ადამიანს და საპატრიარქო ადამიანებს არ უფრთხილდება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო და ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი ჰქონდა, კანონის შესაბამისად მოქცეულიყო, თუმცა შერჩევითი მიდგომა არჩია.

“აუცილებელი იყო, პირველ რიგში, ძალიან სერიოზული პირობების დაყენება. მეორე მხრივ, ვხედავ, ადამაინებს აჯარიმებენ 3 000 ლარით და ეს სერიოზული საკანონმდებლო ბერკეტია ხელისუფლების ხელში. ჩემს პერსონალურ აზრს თუ იკითხავთ, მე პირადად საჯაროდ მოვთხოვდი [საპატრიარქოს], რომ ყველანაირი  პირობა დაეკმაყოფილებინა იმისთვის, რომ პანდემიის დროს მოქალაქეები ძალიან დიდი რისკის ქვეშ არ დაეყენებინა”, – აცხადებს დეკანოიძე.

“ევროპული საქართველოში” აცხადებენ, რომ გაზრდილ საფრთხეებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მორალური კი – საპატრიარქოს.

“ამ სამარცხვინო ამბის შედეგად ორი უზარმაზარი ზიანი მივიღეთ: პირველი არის ეპიდემიის გავრცელებაში ნახტომის და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკების შემდგომი დამძიმების გაზრდილი  საფრთხე და მეორე, სამოქალაქო სახელმწიფოს საფუძვლების, თანასწორობის პრინციპების მორყევა,  სამართლიანობის და კონსტიტუციის დარღევა. ამ სამარცხვინო ამბავზე და ყველა შედეგზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, რომელმაც არ აღასრულა საკუთარი მოვალეობები და პირიქით, სიგნალი გაუშვა, რომ ეს ნორმალურია. ხოლო უზარმაზარი მორალური პასუხისმგებლობა, ასევე, ეკისრება ყველა იმ სასულიერო პირს, ეკლესიის ხელძღვანელს, ვინც ასე იქცევა”, – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, მთავრობა მუდმივად იყენებს გარკვეული შავრაზმული ჯგუფების განწყობებს და პოლიტიკურ რესურსს საკუთარი ამოცანებისთვის, ასეთ კონტრაქტში შესვლას კი შემდეგ თავისი ფასი აქვს.

“ძალიან გაოგნებული ვიყავი, როცა გუშინდელი გადაწყვეტილება მოვისმინე”, – უთხრა “ნეტგაზეთს” “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და დასძინა, რომ პასუხი, პირველ რიგში, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ.

“გუშინდელმა შემთხვევამ აჩვენა, რომ “ქართულ ოცნებას”, პირადად პრემიერს, ფორმალურ თუ არაფორმალურ მმართველებს, საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ჯანმრთელობა და როცა ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე საუბრობენ, ეს არის ეფემერული ტყუილი. მათ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის შეუძლიათ, ადმიანები გაწირონ. მე ამას პილატე პონტოელის გზა ვუწოდე, ვინაინდაც მათ, ფაქტობრივად, ხელები დაიბანეს ჯერ კიდევ სამშაბათიდან, როცა პასუხისმგებლობა ადამიანებზე გადაიტანეს. რაში გვჭირდება მაშინ კანონები, სამართალი კონსტიტუცია, თუ ადამიანებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ ყველაფერი? “, – აცხადებს ვაშაძე.

[gray_box]სამშაბათს, 14 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვერც ეკლესია მოუწოდებს ადამიანებს ტაძარში არმისვლისკენ და ვერც სახელმწიფო – კანონდარღვევისკენ. შესაბამისად, პრემიერს იმედი აქვს, თავად მოქალაქეები გამოიჩენენ სიბრძნეს და აიღებენ პასუხსიმგებლობას “როგორც ეკლესიაზე, ასევე, სახელმწიფოზე”.[/gray_box]

გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას მიზანია: ერთი – რელიგიურ გრძნობებზე ითამაშოს და ყველა, ვინც კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს, ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლებად გამოაცხადოს; მეორე – ეპიდაფეთქება თუ მოხდა, ხალხმა ხელი ეკლესიისკენ გაიშვიროს და თავად სიტუაციიდან გამოძვრეს.

“ხელისუფლებას რაც უნდა მივმართოთ, აზრი არა აქვს. რაც შეეხება საპატრიარქოს მხარეს, მან უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება, ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი და ახლა სიჯიუტე ნამდვილად არ მოეხმარება პროცესს.  ვხედავთ, აჭარაში მეუფე დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღამით მრევლი წირვას არ დაესწრება. ამ გადაწყვეტილების მეორე ნაწილში, დილით წირვის ჩატარებასთან დაკავშირებით, პრობლემას ვხედავ, მაგრამ მთავარია, რომ შესაძლებელი ყოფილა სუფთა კანონიკური თვალსაზრისით განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. რატომ ვცდით ღმერთს?”, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, მისი პოლიტიკური ძალა იყო ერთადერთი, ვინც კორონავირუსის კრიზისის დაძლევის კონკრეტული გეგმა დადო, რაც 17 დღეში კარანტინის მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა.

“მაგრამ თუ ვერ შევძლებდით ვირუსის ლოკალიზებას და მართვას, კანონი იქნებოდა ყველასთვის თანასწორი. თითოეული სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ყველა ტაძარი თუ ნებისმიერი მატერიალური სიკეთე ერთად აღებული, ესაა ქრისტიანული სარწმუნოება. აქედან გამომდინარე, მკაცრად მოვითხოვდი კანონის დაცვას ყველას მხრიდან და გადავარჩენდი ადამიანის სიცოცხლეს, ეს რომც დამჯდომოდა ნებისმიერ პოლიტიკურ ფასად”, – დასძინა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძის შეფასებით, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმება არ შეესაბამება ჯანდაცვის სისტემის მიერ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შემუშავებულ სტრატეგიას და სტანდარტებს, სერიოზულ დარტყმას აყენებს საქართველოს  სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციურ წესრიგს, ასევე, ვერ თავსდება საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ ჩარჩოებში და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო თანხმობას და თანასწორობას.

“სამწუხაროდ, ხელისუფლება ისევ ათამაშებს ბურთს სხვის მოედანზე და საკუთარი პასუხისმგებლობის მოქალაქეებზე გადაბარებას ცდილობს. დაუშვებელია ასეთ კრიტიკულ ვითარებაში საჯარო ინსტიტუტების მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა და მოქალაქეების მიტოვება რთული სამოქალაქო, სამართლებრივი და აღმსარებლობითი საკითხების გადაწყვეტისას. დროა, ქვეყანამ იცხოვროს ერთი კანონით”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მან ასევე მიმართა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მოუწოდოს მრევლს სახლში დარჩენისკენ, პატივი სცეს კანონს და შეასრულოს აკრძალვა, რომლის მიზანი მცირერიცხოვანი ერის გადარჩენაა და არა რწმენის შეზღუდვა.

“მივესალმები იმ სასულიერო პირთა პოზიციას, ვინც  განაცხადა, რომ სახლში დარჩენა არის პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი ზომა და სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება მრევლის  გარეშე”, – აღნიშნა ხაზარაძემ .

“ხელისუფლებაში შეზრდილი საპატრიარქოს კლასტერი აფეთქდა. ორივესგან დროზე გავთავისუფლდეთ”, – წერს სოციალურ ქსელში “რეპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

“გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. გვყავს ასევე მასთან გარიგება/დაპირისპირებაში მყოფი უპასუხისმგებლო საპატრიარქო. გვყავს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური უმცირესობა – უკვე ოპოზიციის უმრავლესობა. გვყავს პასუხისმგებლობიანი, კვალიფიციური თეოლოგები, ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი. გვყავს მრევლის პასუხისმგებლობიანი ნაწილი, შესაძლოა, უმრავლესობაც კი. არც ისე რთულია ასეთ თანაფარდობაში სიმართლის თქმა პოლიტიკოსისთვის, არ მოგვეთხოვება გმირობა – ადამიანობა მოგვეთხოვება, სიცოცხლის მხარეს ყოფნა მოგვეთხოვება. დუმილი ან მიკიბ-მოკიბვა გაცილებით უხერხულია”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

ოპოზიციის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ეპიდემილოგიური რისკების მიუხედავად, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს და მიესალმება “პატრიოტთა ალიანსი”.

“კარგია, რომ შეთანხმება მოხდა. ახლა უმთავრესია საზოგადოების როლი, რამდენად დაიცავენ რეკომენდაციებს, დისტანცია ვგულისხმობ. მრევლის გარეშე რომ ჩატარებულიყო ლიტურგია, ფაქტია, უკმარისობის გრძნობა გვექნებოდა. ადამიანისთვის, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წირვაზე მისვლა, ზიარება, ამის აკრძალვა რთულია. მე მესმის სიტუაცია, რომელიც დღეს არის, ამიტომ აუცილებელია ზომების მიღება. სხვა შემთხვევაში, ცხადია, ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ზარება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” “პატრიოტთა ალიანსის” სპიკერმა გოჩა ენუქიძემ. მისივე თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

რისკები

Covid-19-ის პანდემიის პირობებში არაერთი შემთხვევა არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ რელიგიურ დაწესებულებებში შეკრება საფრთხის შემცველია.

არსებობს სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ ვირუსის გავრცელების მაგალითი — პირველ ეტაპზე ვირუსის მაღალი ინტენსივობით გავრცელებას ერთ-ერთ რელიგიურ ჯგუფს, „იესოს შინჩონჯის ეკლესიას“ უკავშირებენ.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, კიევ-პეჩერის ლავრა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 90-ზე მეტი შემთხვევა დადასუტრდა, საკარანტინოდ დაიკეტა. კიევ-პეჩერის ლავრაში არსებულ სიტუაციაზე „ნეტგაზეთი“ აქამდეც წერდა — 6 აპრილს ლავრაში კორონავირუსის 4 შემთხვევა გამოვლინდა, 9 აპრილს უკვე 26 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი.

უკრაინული გამოცემა „უნიანის“ ცნობით, კიევ-პეჩერის ლავრაში, რომელშიც მსახურებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაქვემდებარული ეკლესია მართავს, მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, ხელისუფლების რეკომენდაციებისთვის ყურადღება არ მიექციათ — „ნუ შეხედავთ უფროს ან უმცროს თაობას, ყველა მოდით ეკლესიაში, ჩაეხუტეთ ერთმანეთს“, — მოჰყავს „უნიანს“ ლავრის წარმომადგენლის სიტყვები.

უკრაინის  შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს: „უპასუხისმგებლობას და ადამიანის ჯანმრთელობისადმი უპატივცემულობას ღმერთთან არავითარი კავშირი არ აქვს. …ჩვენ სინდისის თავისუფლება გვაქვს… მაგრამ იქონიეთ სინდისი“!

არა მხოლოდ აღდგომა

არაერთი რელიგიური კონფესიის, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესიების, წარმომადგენლებმა ტრადიციული რელიგიული პრაქტიკები დროებით შეწყვიტეს. კორონავირუსთან საბრძოლველად სახელმწიფოს გამკაცრებული ზომების ფონზე, ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 21 მარტს მორწმუნეებს მოუწოდა, თავი აარიდონ ტაძრებში სიარულს და სახლებში ილოცონ. რამდენიმე დღით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომაც.

როგორც თეოლოგი, მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელი და ინსტიტუციის ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი ბასილ კობახიძე ბოლო პერიოდში ხშირად მიუთითებს, — არასწორია მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე სწორება, რადგან ხალხის დიდი რაოდენობით ნებისმიერი შეკრების დროს არსებობს პანდემიის გავრცელების რისკი; ამასთან, მისი თქმით, პრაქტიკა უჩვენებს, რომ ეკლესიებში რეალურად ვერ იცავენ დისტაციას.

გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია, პრაქტიკულად, უცვლელად აგრძელებს საერთო კოვზით ზიარების სარისკო პრაქტიკას, რა პირობებშიც სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა ეფექტურობას კარგავს.

სოციალური დისტანცირება ის ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაციაა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოსცემს.

ეკლესია არ დაიხურება, მოქალაქეების სიბრძნის იმედი მაქვს – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი