ახალი ამბები

დიდ ეკლესიებში დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიებში, მხოლოდ სასულიერო პირები —მთავრობა

15 აპრილი, 2020 • 1482
დიდ  ეკლესიებში დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიებში, მხოლოდ სასულიერო პირები —მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მთავრობამ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც შეეხება ეკლესიებში სააღდგომო რიტუალს:

„როგორც გუშინ განვაცხადეთ, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრიარქოსთან და ჩვენს პატრიარქთან. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები და სოციალური დისტანცირება იყოს დაცული. შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს და NCDC-ის მიერ. დიდი ზომის ეკლესიებში დაცული იქნება მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები“, — განაცხადა მან.

გარდა ამისა, ჩიქოვანის თქმით, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება საპატრულო პოლიცია, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური დისტანციისა და კომენდანტის საათის წესების დაცვას.

ჩიქოვანის განცხადებით,  17 აპრილიდან აგრეთვე წესდება შეზღუდვა დიდი ქალაქების სასაფლაოებზე მისვლაზე.

ჩიქოვანისგან განსხვავებით, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პატარა ტაძრებში მრევლი უნდა იყოს ეზოში.


საქართველოში კორონავირუსით დაავადების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაიცვალა 3, ხოლო 71 გამოჯანმრთელდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა/გამოსვლა, გარკვეული გამონაკლისების გარდა, 10 დღით იკრძალება 4 ქალაქში — თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

შეჩერებულია რესტორნების და სხვა დაწესებულებების, გარდა სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტების მუშაობა. იკრძალება საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრება, დაწესებულია კომენდანტის საათი.

მასალების გადაბეჭდვის წესი