ახალი ამბები

ეკლესია არ დაიხურება, მოქალაქეების სიბრძნის იმედი მაქვს – გახარია

14 აპრილი, 2020 • 4611
ეკლესია არ დაიხურება, მოქალაქეების სიბრძნის იმედი მაქვს – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ვერც ეკლესია მოუწოდებს ადამიანებს ტაძარში არმისვლისკენ და ვერც სახელმწიფო – კანონდარღვევისკენ. შესაბამისად, პრემიერს იმედი აქვს, თავად მოქალაქეები გამოიჩენენ სიბრძნეს და აიღებენ პასუხსიმგებლობას “როგორც ეკლესიაზე, ასევე, სახელმწიფოზე”.

“ეკლესიისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც ეგზისტენციალურ თემებზე ვსაუბრობთ. სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა, დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და დაიცვას სახელმწიფოს ინსტიტუტები, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველასთვის. მეორე მხრივ, არის ეკლესია, რომლის ასევე ეგზისტენციალური ამოცანაა, რომ ეკლესია არ უნდა დაიხუროს, რაც ასევე გასაგებია.

ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ, ეკლესიის და სახელმწიფოს თანამშრომლობის უამრავი ათასწლეულიანი ისტორიით? დღეს ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში, ომის და ბრძოლის საგანგებო მდგომაროებაში. გასაგებია, რომ ინსტიტუციურად სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს  სხვადასხვა პრიორიტეტები ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ, მე პირადად, იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქის, მოქალაქის გონიერების და სიბრძნის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქე ხვდება, რომ კანონის აღსრულება სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა, ისევე როგორც ეკლესიის ფუნქციონირება ბევრი მორწმუნე ადამიანისთვის ეგზისტენციალური საკითხია.

“ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი. ეს არის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც თითოეული მოქალაქე ჩვენი, დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გამოსავალს იპოვის”, – დასძინა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, პირადად ის და მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და დაიცვან ეკლესია.

“ნუ დავაყენებთ ეკლესიას იმ მდგომარეობაში, ასეთ კრიზისულ მდგომაროებაში, რომ არჩევანი გააკეთოს. ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს, ჩვენი გადაწყვეტილების უნარი არა გვაქვს, თუ არა გვაქვს იმის უნარი, ჩვენს თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ასეთ განსაკუთრებულ ვითარებაში პასუხისმგებლობა ავიღოთ როგორც ეკლესიაზე, ასევე, სახლემწიფოზე?” – აღნიშნა გახარიამ.

გახარია დაეთანხმა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ პასუხისმგებლობის მოქალაქეებზე დაკისრების შემთხვევაში კარანტინი არ გახდებოდა საჭირო და თქვა, რომ იდეალური ვარიანტია, ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ.

“არცერთ შემთხევევაში კანონი არ დაირღვევა. ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ისევე ეკლესიის მოწოდება. ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო, მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს. აქ ჩვენი ძირითადი მოკავშირე არის მოქალაქე, რომელიც არის გონიერი და რომელმაც იცის, რომ თავის თავზე პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს და თავის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს ყველა სხვას და არ დაელოდოს ეკლესიის მოწოდებას, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო, ან სახლემწიფოს დაელოდოს მოწოდებას, რომ თქვენ დაარღვიეთ კანონი და ჩვენ თვალს დავხუჭავთო. ეს არ იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბრძენი მოქალაქე ამას მიხვდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. ამ დრომდე უცნობია, როგორ დარეგულირდება კომენდანტის საათის დროს სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრების საკითხი. დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი